(ნაწყვეტი რომანიდან)

 

*

 

თავიდან მელანოს არ სჯეროდა, რომ ბექა ვამეხმა მოკლა, მაგრამ მეზობლები ამაზე იმდენს ლაპარაკობდნენ, საბოლოოდ თვითონაც დაიჯერა. კვირაში ორჯერ დადიოდა დაბის პოლიციის სამმართველოში, მაგრამ სულ ერთ პასუხს იღებდა: ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი ყაჩაღებმა მოკლეს, რომლებიც ნავთობის ჭაბურღილების სიახლოვეს დათარეშობდნენ.

– ყაჩაღებს რატომ უნდა მოეკლათ?! ჯიბეში არაფერი ჰქონდა. არც ცხენი წაუყვანიათ. რომელი ყაჩაღი გადაკიდებს მკვდარს მისივე ცხენზე?! – უკვირდა მელანოს.

– ალბათ, ჩვენთვის კვალის ასარევად მოიქცნენ ასე!

– რაში სჭირდებათ ყაჩაღებს თქვენთვის კვალის არევა?! ისედაც ვერ იჭერთ.

– თქვენ გგონიათ, გულხედაკრეფილები ვზივართ?!

– მე ის მგონია, რასაც ვხედავ, ამიტომ საქმეს გაგიიოლებთ და პირდაპირ გეტყვით, ვინც მოკლა ჩემი შვილი!

– ვინ?!

– ჩემმა მაზლმა! უნდა დაიჭიროთ და ციხეში ჩაალპოთ! – ეუბნებოდა მელანო.

ვამეხ ბაწაში ერთხელ გამოკითხვაზეც დაიბარეს, მაგრამ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, გარდა სასოწარკვეთილი დედინაცვლის, მეზობლების ჭორაობაზე დაყრდნობილი, ბრალდებისა და იმისა, რომ მან გარდაცვლილის ტანსაცმელს ტყვია ესროლა. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, უფრო დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ ამჯერად სადღაც ზღვის ნაპირას მიკუჭული უცნაური სოფლისთვის არ სცხელოდათ: პატიმრებს ეძებდნენ, რომლებიც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ეტაპით გადაყვანისას მატარებლიდან სწორედ იმ ადგილებში გაიქცნენ.

ნიშანი კი ვერ ისვენებდა, ყოველ საღამოს დაბორიალებდა სოფლის ორღობეებში. მამა ევსთატიმ, პროსკომიდიისას და წირვებში ჩართულ კვერექსებში მოხსენიების გარდა, მიცვალებულის სულის მოსასხენიებელი პანაშვიდიც რამდენჯერმე გადაიხადა და მის სახელზე წირვაც აღავლინა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.

– მოუნანიელებლი წარსდგა უფალთან. ეტყობა, ცოდვები ამძიმებდა! – ამბობდა მამა ევსთატი.

ვერც მელანოს დილა-საღამოს ლოცვების და ფსალმუნების კითხვა აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ, მამა ევსთატის მითითებით, ფსალმუნების ოცივე კანონს ახლა უკვე დღეში რამდენჯერმე კითხულობდა, თუმცა შვილობილის სული მაინც ვერ მშვიდდებოდა. ყოველდღე საკურთხის სუფრას შლიდა, და მიუხედავად იმისა, თენდებოდა თუ არა ღარიბი მეზობლის განთიადი, დღის ბოლოს მთელ საჭმელს უქონელ მეზობლებს ურიგებდა. თვითონაც ბევრი არაფერი ჰქონდა და არც არასდროს ჰქონია, მაგრამ სკივრები გადააქოთა და ბექა ლაზაშის შარვალ-პერანგები (ბავშობის თუ მოზრდილობისდროინდელი), თავისი კაბები და თავშლები ამოალაგა, გახეული, გაქექილი და თაგვის ამოღღრნილი ადგილები ამოკემსა და ისიც ღარიბებს დაურიგა.

ყველა მცდელობა რომ უშედეგო აღმოჩნდა, ვიღაცას აზრად მოუვიდა, ნიშანი ეკლესიაში გადაეტანათ, იქნებ იქ მაინც მოეპოვებინა მიცვალებულის სულს სიმშვიდე. ეს აზრი მამა ევსტათისაც მოეწონა, მაგრამ მელანო წინააღმდეგი იყო, რადგან არ უნდოდა შვილობილის ტანსაცმელი, რომელშიც მის სულს დაედო ბინა (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე სჯეროდა), ნების საწინააღმდეგოდ წაეღოთ სადმე. იმ შემთხევაში იყო თანახმა, თუ ნიშანი თავისით წავიდოდა ეკლესიაში.

დაბიდან მგალობელთა გუნდი ჩამოიყვანეს და მელანოს ეზოში გაამწკრივეს, ცნობისმოყვარე სოფლელები შიგნით არ შეუშვეს, რომ ხალხმრავლობით ნიშანი არ დაეფრთხოთ. მელანოს თეთრი ტანსაცმელი ეცვა, თავზე შავის მაგივრად, ფერადი თავსაფარი ჰქონდა წაკრული, ხელში თეთრი ძაფის უშველებელი კოჭი ეჭირა, რომლის ბოლოც ბექა ლაზაშის საწოლის ფეხზე იყო მიბმული, და სკამზე მჯდარი ელოდა, როდის ადგებოდა ნიშანი.

– იგვიანებს, მგონი არც აპირებს ადგომას! – ბოლთას სცემდა გვერდითა ოთახში მამა ევსთატი.

– იატაკის ჭრაჭუნით უფრო დავაფრთხობთ, მამაო. დაბრძანდი, ატმის წვენი მიირთვი! – ამშვიდებდა დიაკვანი. მამა ევსთატი ჯდებოდა, მელანოს მოხუფული შარშანდელი კომპოტით სავსე ჭიქას მოიყუდებდა და ფსკვნილს ნერვიულად მარცვლავდა.

ნიშანს კი არ დაუგვიანია, ზუსტად იმ დროს ადგა, როცა დგებოდა ხოლმე. მელანომ ძაფი გაჭიმა და წინ გაუძღვა, აივანზე გავიდნენ თუ არა, გუნდმა გალობა დაიწყო. ნიშანი ცოტა ხანს შედგა, მაგრამ მელანოს მალევე გაჰყვა უკან.

– წამოდი, ჩემო ბიჭო! გაჰყევი შენს გამზრდელ დედას! ხომ იცი, ის ცუდ ადგილას არსად წაგიყვანს! – გამოგონილი მხიარულებით მიმართავდა მელანო ნიშანს და ჯოხზე წამოცმულ კოჭს ხელებში ატრიალებდა. რამდენიმე მეზობელი ლამფით ანათებდა გზას და ნიშანი გაჭიმულ ძაფს მშვიდად მიჰყვებოდა. უკან მამა ევსთატი მისდევდა ფიჭვის საკმევლის კმევით და ფსალმუნთა მეჩვიდმეტე კანონის ბუტბუტით, მის უკან კი მგალობელთა გუნდი მიდიოდა.

– დამშვიდი, ჩემო შვილო. ასე, ნელა წამომყევი. შენს მკვლელს ღმერთი მიუზღავს სამაგიეროს. სწორედ იმათმა მოგკლეს, ვინც გიყვარდა. რას იზამ, ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი. იმ ქვეყანაში კი ყველაფერი სხვანაირადაა, იქ ღმერთი მოგხედავს. დამიჯერე, ჩემო ბიჭო! – ნიშანს თავის გულისტკივილებს და სურვილებს უზიარებდა მელანო.

ეკლესიის ალაყაფი ღია იყო. შიგნით შევიდნენ და რიყის პრტყელი ქვებით მოკირწყლულ გზას დაადგნენ, რომელიც ეკლესიის კარამდე მიდიოდა. ის-ის იყო ხისთვის უნდა ჩაევლოთ, როცა სამრეკლოზე ზარები ახმაურდნენ, ნიშანი შედგა. ყველამ სამრეკლოს ახედა. ეგონათ, ესეც პროცესიის შემადგენელი ნაწილი იყო.

– ხომ გითხარი, ზარები საჭირო არ არის-მეთქი?! ახლავე გააჩუმე! – მივარდა მამა ევსთატი დიაკვანს.

– მნათე არ ჩამომიყვანია. სხვა რეკავს! – თავი იმართლა დიაკვანმა, სტიქარი და გინგილა აიკეცა და სამრეკლოსკენ გავარდა. დიაკვანს მამაჩემი და რამდენიმე მეზობელიც მიჰყვნენ. სანამ ახლოს მივიდოდნენ, ზარების რეკვა შეწყდა და გალავნის მიღმიდან ხმაური მოისმა. მამა ევსთატის ერთი სული ჰქონდა, თვითონაც მისულიყო დანაშაულის ადგილას, მაგრამ შეჩერებულ პროცესიას შიშით ვერ ტოვებდა, ვაითუ მის არყოფნაში ნიშანი წასულიყო.

– სამრეკლოს კარი ჩაკეტილია! ეტყობა, გალავნიდან გადმოიპარა! – თქვა უკან დაბრუნებულმა დიაკვანმა.

– გალავნის თავზე სამსჭვალები რა ჯანდაბისთვის ჩავატანეთ?! – მამა ევსთატი თავს ძლივს, იკავებდა, რომ არ ეყვირა, თან გალობა ნერვებს უშლიდა, მაგრამ მგალობლებს ხომ არ გააჩუმებდა.

– გადაუღუნავთ სამსჭვალები! – ხელები გაშალა დიაკვანმა.

მამა ევსთატიმ დიაკვნისთვის კიდევ დააპირა რაღაცის თქმა, თითქოს ყველაფერი მისი ბრალი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგისთვის გადადო და მელანოს ხელით ანიშნა, გზა გააგრძელეო.

– ნუ სწუხარ, შვილო. ზარები შენ გიხმობდნენ. დამრეკავებს შენი დაფრთხობა უნდოდათ, თუმცა რეგვნები ვერ მიხვდნენ, რომ უფლის სახლში ზარების რეკვით წმინდანს უფრო აძლიერებ. წამოდი, შევიდეთ შიგნით! – ნაბიჯი გადადგა მელანომ და ნიშანიც დაიძრა, მაგრამ უცებ, ამჯერად მოპირდაპირე გალავნის მიღმიდან, თოფი რამდენჯერმე მიჯრით გავარდა, ცხადი იყო, ერთი კაცი არ ისროდა.

 

 

 

1 2