სანამ მამაჩემი და სხვები იმ გალავნისკენ გაიქცეოდნენ, ნიშანი შეტრიალდა და ალაყაფისკენ წავიდა. დაფეთებულმა მგალობლებმა გალობა შეწყიტეს, შუაზე გაიყვნენ და ნიშანს გზა დაუთმეს.

– უთხარი რამე, დაეწიე, დედა არ ხარ?! შენი გაზრდილი არ არის?! დროზე, სანამ გალავნიდან გავიდა! – მელანოს მივარდა მამა ევსთატი, რადგან ხედავდა, რომ ის ნათელი მომავალი, რომელზეც წეღან, გზაში დაფიქრებულიყო, ხელიდან ეცლებოდა.

– რახან არ უნდა, ძალით ვერ დავაბრუნებ. – ძაფის გორგალი გადააგდო მელანომ.

გაცეცხლებულმა მამა ევსთატიმ მგალობლები მიყარ-მოყარა და ნიშანს გაეკიდა, ჩამქრალი საცეცხლურის ქნევით სასაცილოდ მიფართხუნებდა ამხელა კაცი. წინ გადაუდგა, საცეცხლური მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენათი ყელზე ჩამოკიდებული ჯვარი წინ გაიშვირა:

– შესდექ! უფლის სახელით გიბრძანებ, რომ შეხვიდე და დავანდე მის სახლში! წმინდა სამების სახელით გიბრძანებ: უკან შებრუნდი!

ნიშანმა გვერდი აუარა.

მამა ევსთატი ისევ დაეწია და შეეცადა, სახელოზე წატანებოდა, მაგრამ ფოსფორულად მანათობელი ქსოვილი ისე უსხლტებოდა ხელიდან, თითქოს სიცარიელეს ეპოტინებოდა.

– შესდექ-მეთქი! ნუ გაახარებ შენს მტრებს! მათ არ უნდათ, რომ სიმშვიდე ჰპოვო!

ნიშანი არ გაჩერებულა, ეკლესიის ეზოდან გავიდა და ორღობის გზას დაადგა.

– ან, იქნებ, თვითონ ეთაყვანები ეშმაკს?! მაშ, ვინ ხარ და რა ხარ, რომ ზეციური მამის ხმობა ჩირადაც არ გიღირს?! – სინდისზე შეგდება სცადა მამა ევსთატიმ. – ბოლოს და ბოლოს, ტანსაცმელი ხარ, თავი ვინ გგონია?! – ჭაღარაშეპარული წვერის უღრანებში ჩამალული ნიკაპი ნერვიულად მოიფხანა, რადგან მიხვდა, რომ დამარცხდა.

– უფალო, შეუნდე, რამეთუ არ იცის, რას ბჟუტურებს! ცოტა ხანში ინანებს და პატიებას გთხოვს! – ჩაილაპარაკა დიაკვანმა და პირჯვარი გადაიწერა. ამ სიტყვებმა მამა ევსთატი კიდევ უფრო გააბრაზა, მოუნდა, თანაშემწე წვერით ეთრია, მაგრამ წამსვე ჩაიკლა ეს სურვილი. დიაკვანი მართალი იყო, და ამდენი ხალხის თვალწინ არც შეპასუხება გამოვიდოდა, ამიტომ ისე მოიქცა, თითქოს არაფერი გაუგია და მთელი დაგროვილი ბოღმა და ბრაზი მოსახვევში გაუჩინარებული ნიშანისკენ მიმართა:

– ხო, ბოლოს და ბოლოს, ჭუჭყიანი ტილო ხარ, იატაკის საწმენდი!

– შე სატანის მოციქულო! ჩემს სახლში მოსული არ გნახო, თორემ ნავთს გადაგასხამ და ცეცხლს წაგიკიდებ! – ხალხს გამოეყო მელანო და სახლში წავიდა.

მამა ევსთატი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, ჯერ სცადა, მელანოს დასწეოდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემორჩენილ მრევლთან დაიწყო თავის მართლება:

– მე ის მხოლოდ გამოვცადე! მინდოდა მენახა, რას მოიმოქმედებდა! საწყალი ბიჭის სული რა შუაშია, როცა ანტიქრისტემ ეკლესიაში შესვლის საშუალება არ მისცა! ვიცი, ვისი ნამოქმედარია, სად არის ის წარმართი, ბატონებს რომ სცემს თაყვანს?! გამოათრიეთ სახლიდან!

– კარგი რა, მამაო. შენც იცი, რომ წათე ამისი გამკეთებელი არ იყო. გალავანთან ესენი ვიპოვეთ, ამას ერთი კაცი ვერ იზამდა! – ცარიელი მასრებით სავსე ხელები წინ გაიშვირა მამაჩემმა.

– მოძებნიდა თავისნაირებს! შენც მისი მარჯვენა ხელი ხარ, გგონია, არ ვიცი, რომ ფინია ძაღლივით დაჰყვები კუდში და საწყალი ბავშვების გამოსალოცად დადიხართ?! მეტი რა უნდა გამოსულიყავი წყალწაღებული მამაშენის ხელში, მაგრამ იმ სულცხონებული დედაშენის ხსოვნას მაინც ეცი პატივი!

მამა ევსთატიმ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ წათე ხუტიში ამას არ გააკეთებდა და აქ ძმები ბაწაშების ხელი ერია, მაგრამ ასე სახალხოდ და ხმამაღლა თქმისა ეშინოდა, რადგან ისინი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ და ყველაფერზე იყვნენ წამსვლენი. ადრე მღდვლისა და ეკლესიისადმი პატივისცემა ჰქონდათ, ახლა კი გალავანთან თოფის სროლა ატეხეს და ეკლესიის ეზოშიც შეაღწიეს, მართალია, მხოლოდ ზარების ჩამოსარეკად, მაგრამ არ იყო გამორიცხული, უფრო ძმიმე საქმისთვისაც დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ იმავე ღამეს დიაკვანი გაგზავნა და გვერდითა სოფელში მცხოვრები ჯანიანი მნათე და მისი არანაკლებ ჯანიანი ძმა ჩამოაყვანინა, ეკლესიის საცავში გადამალული თოფები მისცა და თავისი სენაკის კართან დააყენა დარაჯად, მაგრამ ღამემ მშვიდად ჩაიარა.

 

 

 

 

1 2