ნიკა ჯორჯანელის პოეზიაზე  წერილი პირველად 2013 წეალს დამიწერია. აღნიშნული პუბლიკაცია  ამავე წელს   ჟურნალ  „ახალი საუნჯის“ მე-4,   აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა.  „იაფფასიან დროში მოხვედრილი პოეტის  შესახებ“ –  ასე დამირქმევია თავის დროზე ჩემი პატარა წერილისთვის, რომლიც შინაარსიც, როგორც აღმოვაჩინე, საერთოდ არ მხსომებია – ამასწინათ თვალი გადავავლე და უცნაური შეგრძნება დამეუფლა, შეიძლება   ითქვას, რომ  უსიამოვნოდ გაკვირვებულიც  კი   დავრჩი: წერილის დაწერიდან  ჯერ  ერთი ათეული წელიც არ გასულა, მე კი ისე ცხადად  ვიგრძენი, როგორი სხვანაირი  დრო და სივრცე ყოფილა მაშინ  ჩვენთვისაც და პოეზიისთვისაც: მაშინ,  თურმე,   ძალიან  გვნდომებია,  მეტი პოეზია ყოფილიყო ჩვენს  ცხოვრებაში,  რაღაც მაინც გვქონოდა  ძვირფასი,  ახლა კი, თითქოს, პოეზია  აღარფერში გვჭირდება. ახლა რაღა დროს იაფფასიან დროზე მსჯელობაა; ახლა დრო დგება ძალზე სევდიანი ლიტერატურისსევდიანის ისე საშინლად, რომ მწერლებიც კი ირიდებენ –  ასე ფიქრობ ს ნიკა ჯორჯანელი, მე კი, ჩემდა  სამწუხაროდ,  კიდევ უფრო სკეპტიკოსი აღმოვჩნდი  და მგონია, რომ სევდიანი ლიტერატურის  კი არა, ულიტერატურობის, უპოეზიობის  დრო დაგვიდგა. . . ნუთუ,  ეს ყველაფერი მხოლოდ პანდემიამ გამოიწვია? – დავფიქრდი. . .  ძალიან დამენანა და დამაკლდა ის, რაც  თუნდაც 10 წლის წინ   გვქონდა;  ის, რომ რაღაც   არ შეგვიძლია, იმასაც ხომ  არ ნიშნავს, რომ აღარ გვჭირდება? . .

ცხადია, ამგვარი ნიჰილიზმი, სასოწარკვეთილებამდე მისული უიმედობა – პანდემიამაც გამოიწვია და ამაში  უჩვეულო არაფერია – ჩვენ ხომ ამდენ დათვლილ სიკვდილს მოვესწარით, დღეში რამდენჯერმე ჩვენს სახლებში  ტელეეკრანებიდან გამოცხადებულს, მაგრამ  ამ  ყველაფერთან  ცხოვრებაც  თანდათან ხომ ვისწავლეთ? – მოვახერხეთ და  დავასუსტეთ, ალბათ, ძალიან მალე საბოლოოდ დავასრულებთ კიდეც. . . თუმცა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყაროში რაღაც ბევრად საზარელი, საშინელი ხდება, ვიდრე პანდემიაა, ამას კი წინასწარ ყველაზე ცხადად სწორედ თანამედროვე პოეზია გრძნობს –   თავისი წინასწარმეტყველური ბუნებიდან გამომდინარე,     რაღაც ძალიან  მძიმეს,  ენით გამოუთქმელს, საზარელს გაჰკივის . . . იქნებ, სწორედ ამიტომ ვარიდებთ   თავს  მასთან ზედმეტ  სიახლოვეს?..  გამომცემელთა  უმრავლესობა  უარს  ამბობს პოეტური კრებულების გამოცემაზე.

– რა დროს ესაა, არაკომერციულია, არ იყიდებაო  – ფიქრობენ . . .  ასე ფიქრობს რეალისტი, ნიჰილისტი, თუ. . . გიტარისტი, ამასობაში კი  „ცხოვრების მთელი მშვენება უჩინარდება მოქნეული თაგვის კუდივით. . . ნუთუ,  პოეზია მკითხველისთვის  უკვე  მოკვდა,  ნუთუ,  ამდენი ომის და სიკვდილის  შემდეგ ჩვენი მრავალპოეზიაგამოვლილი გული   ამასაც მოესწრო?. .

2013 წელს დაწერილი წერილის გადაკითხვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დამაინტერესა, მაშინ  რა  მომეწონა, რამ მიიქცია ჩემი ყურადღება   ყველაზე მეტად ნიკა ჯორჯანელის პოეზიაში – რა იყო ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელი და ძვირფასი?  როგორც აღმოვაჩინე, მაშინ მის ლექსებში ყველაზე უფრო  ნივთებად დაშლილ-დაქუცმაცებული სამყარო შემიგრძვნია, სამყარო, რომელიც თავის გარშემო ერთდოულად საოცარ ქაოსსაც ქმნის და წესრიგსაც. . . „უწესრიგოდ დახვავებული საგნები მათდამი გულგრილობისა და სიძულვილის კი არა, შინაგანი ისტერიული, წინააღმდეგობრივი მდგომარეობის გამომხატველნი ხდებიან. . . აქ ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს უამრავი არსებითი სახელი – ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი, კონკრეტული თუ აბსტრაქტული, საზოგადო თუ საკუთარი, ზოგჯერ ძალიან ინტიმურიც“ – ვწერდი ჩემს წერილში და, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ვხვდები, რისი თქმა მინდოდა, ალბათ, უფრო იმის, რომ სწორედ ამდენი საგნით და ამბით გადავსებული გარემო  გვიბიძგებს, რაღაც იმაზე ბევრად ღირებული მოვითხოვოთ, ვიდრე გასაგნებული სამყაროა,   თავი პოეზიას შევაფაროთ;  ახლა კი, როცა ნიკა ჯორჯანელის  ახალ, პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში დაწერილ   ლექსებს   ვკითხულობ, რატომღაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და  ახლობელი  მეტაფორათა ეს ორი   წყვილი ხდება:  მკვდარი დღე და სიკვდილის გადაწმენდა. . . რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ, ჩემი მოკრძალებული აზრით,  ისინი  ყველაზე ზუსტად გამოხატავენ  თანამედროვე  ადამიანის სულში მიმდინარე პროცესებს  – გზას სიცოცხლიდან სიკვდილისკენ, ან,  იქნებ,  სიკვდილიდან სიცოცხლისკენაც, როგორც ეს ავტორის ერთ-ერთ ლექს „მესაფლავეშია“,  თუმცა  ამისთვის სულ   ცოტა  ხნით მაინც უნდა  დავიჯეროთ,  რომ პოეზიას  ჩვენს სულებზე თოვლივით  დადებული  სიკვდილის  გადაწმენდა შეუძლია. . .

მიჭირავს ხელში მცირე ზომის პოეტური კრებული სრულიად არაპოეტური სახელწოდებით “ნეტფლიქსი”, რომლის პირველ გვერდზევე  ვკითხულობ:

ამბობენ, ირგვლივ ყველაფერი მალე ვითომდა გაოხრდებაო

 არაფერიც! პირიქით ვიცი: მალე გახდება პოეზია დროის მედროშე,

მალე ომები დამთავრდება, მალე მშვიდობა გაილაღებს –  და ეს ოპტიმისტური პათოსი  მექანიკურად მეც გადმომედება   – გამოდის, პოეზიის საჭიროებას  ჯერ კიდევ   განვიცდი, ჯერ  კიდევ არ დამიკარგავს მასთან  ემოციური კომუნიკაციის დამყარების  ძალა და უნარი;  ოპტიმისტური  განწყობით  ვაგრძელებ კრებულის  შემდეგ  გვერდებზე  განთავსებული ლექსების კითხვას:  ზოგის ენობრივ ქსოვილში შეღწევა მიჭირს, ზოგის მიმართ ინდიფერენტული, ფლეგმატური  აღმოვჩნდები, ზოგის  ფორმა მხიბლავს,  ზოგში  კი ფორმისა და იდეის ოსტატური  შერწყმა ხდება თვალსაჩინო და  ხელშესახები… ერთ-ერთ გვერდზე შედარებით დიდ ხანს ვყოვნდები, რადგან   ლექსი  სათაურით “MMXX” მასში კიდევ უფრო  ჩაღრმავებისკენ მექაჩება.

ჩინურ მთის კატასავით განაბულა ძალზე უძალესად გადამდები სენი

და წითელ წვეტებს ნესტრით ილოკავს,  თითქოს იმით თვითკმაყოფილი,

ჯერ არაფერზე რომ არ თქმულა ერთდროულად ყველგან იმდენი,

 

 

 

1 2