საახალწლოდ ფილმების ყურება ძირითადად განმეორებითი ხასიათისაა ხოლმე, რადგან ყველანი ერთი და იგივე ფილმებს ვუყურებთ, ისევ “მარტო სახლში”, ისევ “ბედის ირონია”, ისევ “კუჩხი ბედინერი” (თუ ტელევიზორთან ვსხედვართ). სარეკომენდაციო სიებიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ძნელი ხდება ისეთი ფილმის არჩევა, რომელშიც საახალწლო განწყობაც დაგხვდება და თან ისეთი იქნება, რომელიც ყველა არხზე არ გადის ახალი წლის დღეებში. ამიტომ, ამ სიაში შესულია ისეთი სურათები, რომლებიც საახალწლო სულისკვეთებითაა სავსე, თუმცა ფართო მასებისთვის მაინცდამაინც ცნობილი არ გახლავთ.

 

“იშვიათი ექსპორტი” – Rare Exports

ბოლო წლებია სულ უფრო ჭირს ისეთი ახალი ფილმების აღმოჩენა, რომლებიც რეალურად კარგი საახალწლო სეანსის გამოცდილებასშეგვძენენ. ძირითადად ახალი ფილმები მხოლოდ საშობაო განწყობებზეა აგებული და მიზნად ისახავს, საახალწლო უქმე დღეებში რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიიყვანოს კინოთეატრში. თუმცა, ეს ფინური ფილმი ნამდვილად გამონაკლისია. “იშვიათი ექსპორტი” ძალიან მხიარული, სასაცილო და ამასთან ბნელი ფენტეზია, სადაც სანტა კლაუსი რეალურად არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ ცუდი ბავშვების დასჯითაა დაკავებული. ამასთან, მისი დამხმარე ელფები მოხუცი ჭინკების არმიასავით გამოიყურება, ხოლო თავად სანტას იმდენად ბოროტი გამომეტყველება აქვს, სამუდამოდ დაგავიწყებთ პერსონაჟისადმი ზოგად კეთილგანწყობას.

 

“34-ე ქუჩის სასწაული” – Miracle on 34th Street (1947)

“34-ე ქუჩის სასწაული” ისე გათბობთ ემოციურად, თითქოს ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს იყოთ მიფიცხებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ადამიანური და სენტიმენტალური ისტორია, რაც კი ახალი წლისა  და სანტა კლაუსის თემაზე გადაღებულა. და ამასთან, ძალიან საინტერესოდ პასუხობს იმ კითხვას, მართლა არსებობენ თუ არა საგნები და მოვლენები სამყაროში,  რაც სამართლებრივად  არ დასტურდება, მაგრამ კოლექტიური რწმენა მათდამი ერთსულოვანი და პოზიტიური ხასიათისაა.

 

“საშობაო არდადეგები”  – Christmas Vacation

საახალწლო ისტორიები მრავალგვარი გვინახავს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა “საშობაო არდადეგებივით” სასაცილო. მთავარი პერსონაჟები, გრიზვოლდების ოჯახი ერთდროულად ახერხებენ იყვნენ ყველაზე მხიარულები და ოდიოზურები, მოგანდომონ მათთან ერთად დროის გატარება და თან გაფიქრებინონ, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს ვერ აიტანდით. თან გარდა იმისა, რომ ფილმის ყურებისას ძალიან ბევრს იცინებთ, საახალწლო დეკორაციების შექმნის მასტერკლასს იხილავთ ოჯახის უფროსისგან. უბრალოდ, მთავარია, თქვენც მასსავით ობსესიური არ გახდეთ და მეზობლებს არ გაუმწაროთ ცხოვრება. ფილმის ნახვა 30 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველ არხზე, “ილუზიონის” ეთერში შეგეძლებათ.

 

1 2 3 4