“გრემლინები” – Gremlins

“გრემლინები” თან საშინელებათა ფილმია, თან კომედიაა. ალბათ, უფრო მეტად კომედია. აქ იხილავთ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ არსებას, რაც ამერიკულ კინოში შეუქმნიათ – გიზმოს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ირეალური შინაური ცხოველის გარეგნობა და თვისებები აქვს – თუ წყალი მოხვდა, გიზმო ბოროტ არსებებს ბადებს, რომლებიც ხალხის დატერორებით ირთობენ თავს. ჯო დანტეს ფილმი 80-ანების ამერიკული მეინსტრიმის საუკეთესო ტრადიციებშია გადაწყვეტილი და იდეალურ გასართობ სანახაობას წარმოადგენს, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში.

 

“ყველაფერი, რის ნებასაც ზეცა გვრთავს” – All That Heaven Allows

დაგლას სირკის ფილმი – “ყველაფერი, რის ნებასაც ზეცა გვრთავს” – ერთდროულად ბევრი რამითაა ყურადღებამისაქცევი: ეს იქნება, ეიზენჰაუერის პერიოდის ამერიკული საშუალო კლასის საზოგადოების კრიტიკა – სირკი, როგორც ფაშიზმის აღზევების შემსწრე რეჟისორი, საგანგაშო ნიშნებს ამჩნევს ამერიკულ სოციუმს და ჩვენც გვიზიარებს ამ შეშფოთებას;  თუ ტელევიზიის როლი, როგორც ადამიანური ურთიერთობების ჩამანაცვლებელისა და ემოციების ამ ჯადოსნურ ყუთში დამატყვევებელის. ამის შესახებ კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მეტაფორულ კადრში, რეჟისორი წარმოაჩენს მთავარი როლის შემსრულებელ ჯინ უაიმენს – ტელევიზორის ეკრანში არეკლილი, შეშფოთებული სახით. ის არის აგრეთვე ჰენრი დევიდ თოროს “უოლდენის” ერთგვარი ადაპტაცია, ბუნების წიაღში გადასვლით და თვითგამორკვევით, ადამიანური პოტენციალის გაღვივების წარმოჩენით და ა.შ. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, აქ სასიამოვნო ემოციებით დატვირთული და საამური ზამთრის სეზონი და ახალი წლის პერიოდია აღწერილი, მომენტებში ტრაგიკული, მაგრამ საბოლოოდ საკმაოდ ოპტიმისტური მელოდიის თანხლებით.

 

“ფანი და ალექსანდრი” – Fanny and Alexander

ინგმარ ბერგმანის უკანასკნელი კინოფილმი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით განსხვავებულია, როგორც ვიზუალურად, ისე სიუჟეტურად და ქორნომეტრაჟითაც კი. ფილმი შობის დღესასწაულით იწყება, რომელსაც ეკდალების მდიდრულ სახლში ვხვდებით და ოჯახს ვეცნობით. ალბათ არასოდეს ყოფილა ანტიკვარული დეკორაციები ასეთი თვალისმომჭრელი და მიმზიდველი, როგორც “ფანი და ალექსანდრეში”, საახალწლო განწყობა კი –  ერთბაშად ბავშვური და ნაივური, და თან ზრდასრული და ეგზისტენციალური. ბერგმანი აქ შექსპირისეული ელემენტების ყველაზე ფართო გამოყენებას ახერხებს და მის ყველაზე ზებუნებრივი თემებით სავსე სურათს ქმნის. საოცრად მეტყველი და მდიდრული ფერთა პალიტრა ფილმში შეგრძნებების ცალკეულ იმპულსებს იწვევს, დაწყებული კომფორტითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული სიმკაცრით, ძრწოლვითა თუ მაგიურობით.

 

1 2 3 4