“ხანგრძლივი დღის დასასრული” – As the Long Day Closes

ტერენს დევისის ფილმი ულამაზესი მედიტაციაა მარტოობაზე, კულტურულ თუ ოჯახურ კოროზიაზე, კინოს ჯადოსნურობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თემაზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვიზუალური ნარატივის შესაქმნელად რეჟისორი განათებას იყენებს და მისი დახმარებით მაქსიმალურად ცვლის განწყობას, კადრის სტრუქტურას თუ პერსონაჟებისა და გარემოს შეგრძნებას. “ხანგრძლივი დღის დასასრული” მოკლე საშობაო სეგმენტით წარმოგვიდგება და ისეთ ულამაზეს თეატრალურ წარმოდგენას გავს, რომელსაც  ცოცხლად ათამაშებენ მაყურებლის თვალწინ. დაბალი კლასის ლივერუპლელი ოჯახის ყოველდღიურობის ტონალობა იმდენად ატმოსფერული და ემოციურად რეზონანსულია, რომ, მაგალითად, მარტივი სცენა, როდესაც მთავარი პერსონაჟი, 11 წლის ბადი, მოყინული ფანჯრიდან თოვლიან ეზოში იყურება,  იმაზე მეტად ამაღელვებელი საახალწლო განწყობის მომტანია, ვიდრე როკფელერის გაკაშკაშებული ნაძვის ხე ყველა ჰოლივუდურ საშობაო ფილმში. ფილმი მიუზიკლი არაა, მაგრამ ძალიან ცოტა გვხვდება ისეთი სცენა, რომელიც სიმღერის აკომპანიმენტით არ ვითარდება, რაც დამატებით ემოციურ განზომილებას მატებს სანახაობას. პლუს, ამ ყველაფერს საოცრად პოეტური ოპერატორული ნამუშევარი და იდეალური  განწყობა, რომელიც სევდისა და სიხარულის ბალანსს ბრწყინვალედ ინარჩუნებს.

 

 “შემხვდი სენ ლუიში” – Meet Me in St. Louis

“შემხვდი სენ ლუიში” წლის ყველა სეზონია წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც საახალწლო პერიოდია, როდესაც მთავარი გმირების ოჯახში დიდი ვნებათაღელვა დატრიალდება და თოვლის კაცების განადგურების ყველაზე დრამატულ სცენას მიეცემა საფუძველი. ვინსენტ მინელის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დარიგებები და ჯუდი გარლანდის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, როგორც სამსახიობო, ისე მუსიკალური კუთხით. ფილმში ასევე ძალიან ამყოლი და დასამახსოვრებელი სიმღერებია, რომელთა მელოდიებიც აუცილებლად ჩაგრჩებათ გონებაში.

 

“ბინა” – The Apartment

არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მოგბეზრდათ, ის ბილი უაილდერის მეორე შედევრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. “ბინა” კინგ ვიდორით ინსპირირებული, შემდეგ კი ორსონ უელსის მიერ შთაგონებული სცენით იწყება, რომელშიც მრავალი ერთფეროვანი კორპორატიული ოფისის მაგიდებს შორის სიცოცხლით სავსე ორგანიზმი, სისი ბაქსტერი გვხვდება და გვიყვება საკუთარი ყოფის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ფილმი, რომელიც ახალი წლის დამდეგს მიმდინარეობს, ამიტომ სადღესასწაულო განწყობაც საკმაოდ მრავლადაა –  შამპანურივით მომხიბვლელი თრობის გამომწვევი იუმორით და საჭირო სენტიმენტებით, რომელიც სიამოვნების რეცეპტორებზე ძლიერ გავლენას მოახდენს. აგრეთვე აქ იხილავთ ჯეკ ლემონის და შირლი მაკლეინის მომაჯადოებელ პერფორმანსებს და ისწავლით, როგორ გადაწუროთ მოხარშული სპაგეტი ექსტერმალურ პირობებში.

 

1 2 3 4