ბიჭი

 

მამამისი და მისი ძმებიც ომში იყვნენ. უმამობას არ განიცდიდა, უიმისობა ახარებდა და თავს ცოტა დამნაშავედაც გრძნობდა ამის გამო.
მამამისი შავი კაცი იყო-ფერითაც და ბუნებითაც. მიწაში მაცქერალი და კომშის ტანივით დაგრეხილი. სახეზე შეხედავდი და კაცი იფიქრებდი გველი უზისო უბეში.
ნახირიდან მობრუნებული, როგორც საქონლისთვის იმეტებდა სახრეს ისე ცოლისთვის და შვილებისთვის.
უმწეო ბრაზით გატენილი ბიჭი, ამ დროს თავლაში გარბოდა ცხენთან. თავლაში თბილოდა ცხენის ამონასუნთქის და ახალი, თბილი ხუშკის გამო. არც ყურებზე ხელის აფარება სჭირდებოდა, სახლიდან გამოსული ყვირილი რომ არ გაეგო. მას ამ ყვირილზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაც თავში დიდ ჩაქუჩს სცემდა და ლოდსაც ადებდა გულზე.
ახლა ამ ამბის გახსენებაზეც ისევ უგუბდებოდა შიშით გული…
ცხენი წითელი იყო, შუბლზე თეთრი ვარსკვლავით და ისეთი ჭკვიანი, ბავშვი რომ გასძრომოდა ქვეშ, ფეხს არ გაიქნევდა.
მთვარიან ღამით, როცა სოფელი იძინებდა, ბიჭი ცხენით მთისკენ, კარტოფილის ნათესებში მიდიოდა. ცხენი სიბნელეში ფეხდაფეხ მისდევდა თავის პატარა პატრონს, აღვირზე ხელის მოკიდება არც სჭირდებოდა. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა დაფრთხობა არაფრით არ შეიძლებოდა. ბიჭი უკვე გადათხრილ მიწაში მონარჩენ კარტოფილს ეძებდა. ნაპოვნს ჯვალოს ტომარაში ყრიდა და სანამ ინათებდა და უცხო თვალი გაიღვიძებდა, უკან ბრუნდებოდა სახლში.
ომის დაწყებიდან მესამე წელს მოვიდნენ, კუშტი სახით და უთხრეს, რომ მისი ცხენი სამშობლოს სჭირდებოდა და უნდა წაეყვანათ.
ბიჭი ვერ მიხვდა მამისა და ძმების შემდეგ, რისთვის დასჭირდა სამშობლოს მისი გაზრდილი ცხენი.
ვერაფერს გახდებოდა; მუჭა ხორბლის გადამალვის გამო წითელ კედლებთან ხვრეტდნენ ხალხს…
დაუბარეს კიდეც, რომ მეზობელ სოფლამდე ცხენი თვითონვე უნდა მიეყვანა. როცა ეს ხალხი წავიდა, დედამისი ატირდა. ბიჭს ახლა ძალიან აღიზიანებდა და გულს უწვრილებდა დედის ჩუმი ტირილი. დედის, რომელიც უყვარდა და ეცოდებოდა მისი აჯამი ქმრის გამო.
ისე, მშობლებმა რომ იცოდნენ როგორი ყოფა ელით მათ შვილებს, ნაკლებს იწუწუნებდნენ მათთან საკუთარ უბედობაზე.
გაკერპებულმა შეიტანა თავლაში ავშარა და უნაგირი. ცხენისკენ არც გაუხედავს ვერ ბედავდა თითქოს. ყრუდ გამოხურა კარი და ქვის კიბეზე ჩამოჯდა. ზაფხულის მშვიდი ღამე იყო, მუდამ მოცლილი ჭრიჭინების ჭრიჭინი და საქონლის მშვიდი ფშვინვა ისმოდა.
რაზე ფიქრობდა ბიჭი? შიმშილზე უცხენოდ თუ უფრო ერთადერთ მეგობარზე, რომელიც ხვალ უკვე სხვის ხელში მოხვდებოდა, ვისთვისაც უბრალოდ ოთხფეხა ტვირთ მზიდავი იქნებოდა და არა მეგობარი და გულის დამწველი.
ის ღამე თეთრად გაუთენდა, დაწოლას აზრი არ ჰქონდა, დარდიანს საწოლი ცხელ ნაკვერჩხლებად ექცეოდა.
მზე ამოიწვერა თუ არა, სახლიდან გამოვიდა. არ უნდოდა დედამისს დანახებოდა. ცხენი ისე თვინიერად მიჰყვებოდა უკან.
ცხელოდა გულის სიცხით იმ დილას. თუმცა მარტო იმ დილით არა, მთელ ზაფხულს წამლად არ ჩამოვარდნილა წვეთი ციდან. მიწა ბებრის ხელებივით დაშაშრული და დამსკდარი იყო.
შუა გზაზე, კვირაცხოვლის ნიშთან, ბიჭი გაჩერდა და ცხენი კუნლის ხეს გამოაბა.
ერთხანს იდგა და დახეთქილ მიწას დაშტერებოდა. ცხენიც უწადინოდა, გულმიუსვლელად წიწკნიდა მზისგან დამწვარ ბალახს.
ბიჭმა თოკი შეამოწმა კარგად იყო თუ არა მიბმული ხეზე, მერე კუნელს მოზრდილი, ეკლიანი ტოტი მოატეხა და ცხენს მიუახლოვდა. ხელი ფაფარზე და გრძელ კისერზე გადაუსვა. ცხენმა თვალები დახუჭა, გაიტრუნა. ბიჭი ზუსტად, ისე ეფერებოდა, როგორც ფეხიდან მოცვეთილი ნალის აძრობისას ეფერებოდა ხოლმე. მერე ბიჭმა სახე გზისკენ მიაბრუნა და ეკლიანი ჯოხი ცხენს გამეტებით მარცხენა თვალში ატაკა.
ტკივილისგან გაგიჟებული თვალამოთხრილი ცხენი იყალყებოდა და უშედეგოდ ცდილობდა თოკის გაწყვეტას.
მერე ის ეკლიანი ჯოხი გამეტებით, რამდენჯერმე გულდაგულ დაისვა სახეზე.
იჯდა სიპი ქვით ნაგებ გზაზე და არც ცდილობდა მტვრიან სახეზე წამოსული, სისხლისა და ცრემლის მოწმენდას.
ტიროდა, ცხოვრებაში პირველად მოუწია იმის გაკეთება, რაც ძალიან, ძალიან არ უნდოდა.
მაგრამ ეს ცხოვრებაა და ამის გაკეთება ალბათ კიდევ ბევრჯერ მოუწევდა.
ბიჭი დაბარებულ ადგილას თვალამოთხრილი ცხენით და სისხლიანი სახით მივიდა. ყველაფერი ასკილის ბუჩქს და ცხენის დაფრთხობას დააბრალა. ცალთვალა ცხენი ომს აღარ სჭირდებოდა და უკან გამოატანეს.
ომი დამთავრდა და მამამისი არ დაბრუნებულა. წვიმა კი მოდიოდა. დახეთქილი გზა ლბებოდა. წვეთები პატარა გუბეში ტალღებსა და რგოლებს აკეთებდა. ბალახიც სიცოცხლეს იბრუნებდა და იღვიძებდა.
ამბობენ რომ იმ გზისკენ აღარასოდეს გაუხედავს, მთისკენ კი ისევ მიდიოდა ცხენით. მარა ახლა ბნელ ღამეს ერიდებოდა, ცხენის ბრმა თვალის გამო.
ამბობენ, რომ ტირილით ერთხელ კიდევ იტირა, როცა მისმა პირმშომ აპრილში ჯერ ისევ ყინულიან მდინარეში იბანავა და გათავდა. კაცმა ქვა წამლად უქცია, მარა ვერაფერი უშველა. სხვა დროსაც ევსებოდა კაცს გული სატრილად, მაგრამ დიდი იყო და უჩუმრად დასდიოდა გულზე ცრემლი.
ჩემ ხსოვნაში ის უკვე ბებერი იყო, მარტოხელა. დადიოდა შავად დაწინწკლული შარვლით, კარგად რომ ვერ ხედავდა, ზედ იფსავდა ხოლმე. სიზმარშიც ვნახე ერთხელ. ნოემბერი იყო ვითომ, ნისლიანი და ცივი, ბოროტი კაცის თვალებივით. ის კი დიდი კაკლის ძირში ჩამჯდარიყო. გამწარებით ურევდა ხელებს ხმელ ფოთლებში. ნაყოფს ეძებდა და ვერ პოულობდა, ხან ტოტი მოხვდებოდა და ხან მიწის კოშტი. ბრმა იყო ორთავ თვალიდან.

 

1 2 3 4 5