რაღაც დღიურის მსგავსი

 

ფიჭვები შორს იყო

მოვა თებერვალი, გაზაფხულის პირი, აამღვრევს ბუნებას და უჩენს ადამიანს ჩუმ სატკივარს, მოხუცებს განსაკუთრებით. ეხუმრები შენ ოთხ მკვდარს ორ კვირაში?! მეხუთე ბოტანიკის მოხუცი მასწავლებელი იყო, ნამლევა, მკაცრი. როცა გავაბრაზებდი, მემუქრებოდა, ფანჯრიდან გადაგაგდებო, უკვე მეცხრეკლასელ ვირს.
წავყევი მეც მესაფლავეებს, ჯერ ერთი, დავაღამებდი დღეს, მეორეც, მახსოვდა მისი ნასწავლი ბუტკო და ფოტოსინთეზი. წავედით საფლავის გასათხრელად: ერთი მოხუცი ყრუმუნჯი, ერთიც შუახნის, ლოთობით გვერდზე გადაღმერთილი, ერთიც ჩემხელა, აქა-იქა კბილებით და მე – უშნოდ გამომღამებელი წუთისოფლისა. გამოგვყვა სასაფლაოს ცალთვალა ყარაულიც, მოგვიზომა და მოგვადგა კოჭლი ბებერი თავთიხაც. ადრე სასაფლაო ჩემი სათიბი იყოო, კალიასავით იხტუნავა კოჭლი ფეხით, აქეთ გზისკენ ნუ გადმოხვალთ, მე და ჩემი ცოლი უნდა დავიმარხოთო. კაცი გულზე დასაყრელი შავი მიწით რომ ვერ გაძღება…
მიწა რბილია. რამდენიმე დღის წინ აქ თოვლი იდო, თებერვლის დღენაკლული თოვლი, და ებრძოდა გაზაფხულს, როგორც ჩემი მასწავლებელი სიკვდილს. გაღმა ძველი სასაფლაოა, სოფლის ასაკის. ვიღას არ ნახავ ქვაზე ამოკვეთილს, კავიან მეცხვარეს თუ გუთნისდედას. ფიჭვი დგას ბევრი და სოჭი. მიწა მაგარი, სალი კლდე, ამიტომაც ხალხი აქეთ მარხავს, ახალ სასაფლაოზე, არავის უნდა თავის მკვდარს გულზე ლოდები დააყაროს. თანაც ძველ სასაფლაოზე საფლავის გათხრისას შეიძლება ვიღაცის კუბოს მოახვედრო წერაქვი. კუბო სანამ მიწაშია, საღია, მოხვდება მზის სხივი და იშლება. ძვლებია მარტო, ტომარასავით ჩამოცმული ტანსაცმლით. მესაფლავეები შეყოფენ კუბოში ხელს და სასმელს ეძებენ. ძველ სასაფლაოზე შეიძლება შენი მკვდარი ვიღაცას დაამარხო გულზე. სხვისი არ ვიცი და, სიკვდილი ჩემთვის მოსვენებაა და სულაც არ მინდა ვიღაცას ვაწვე გულზე.
ახალ სასაფლაოზე ბებერი კაკლებია, უამრავი მარმარილო თუ გრანიტი, ვერ ვერკვევი კარგად, მარჯვნივ წმინდა გიორგის საყდარი, მარცხნივ – ღვთისმშობელი. ღმერთთან სალაპარაკოდ გამოვდივარ ხოლმე.
მიწის ზედაპირს ბელტებს აჭრი და საფლავის პირზე ალაგებ, მიჯნა რომ არ დაგერღვეს. მერე ნელ-ნელა სიღრმეში ჩადიხარ, მიწას მაღლა ყრი, შორს არა, იქვე. ხვალ დილას ისევ შენ უნდა მიაყარო. მუნჯი მიტევს, ნიჩაბს ხელში ნუ მაწვდიო. არ შეიძლება თურმე, – მეც მეცინება და მიწაზე ვაგდებ.
ჯერ თიხა გვხვდება, მუდმივად სველი, მერე კი შავი მიწა, ისეთი შავი, იფიქრებ, ვიღაცას განგებ გაუპოხიერებიაო. გვერდზე გადაღმერთილი ფილოსოფოსობს: „რამდენი შეჭამა ამ მიწამ და კიდევ რამდენს შეჭამს“.
ზომა, როგორც წესი, მეტრანახევარია, მალ-მალე ჩაზომება გვეზარება. როცა ზედაპირს ნიკაპით გაუსწორდები, საფლავი მზადაა.
ვლაპარაკობდით იმაზე, როგორი კარგი ამინდი დაუდგა მიცვალებულს – არც ჭირისუფალს აწვალებს და არც მოტირალს.
ვიღლები, ხელიც ამებებრა, ამოვდივარ და აკოკოლავებულ მიწაზე ვჯდები. მაღლა ამოსული ფიქრობ – ვისაც ვერ იტან, იმისთვის ბელტსაც არ გადააბრუნებ. საყვარელი ადამიანისთვის კი მიწის მიფარება გაგიჭირდება. იმაზეც იფიქრებ, არა, ინატრებ, ვინც გულით მიყვარს, ნეტა, იმათ სიკვდილს არ მომასწროო. მზად ხარ, რომ წინწინ შენ წახვიდე.
გამოგიგზავნიან საჭმელს, ჯდები, არც იბან, იფშვნეტ გამხმარ მიწას ხელიდან. პირველს ახლად შესვენებულს მოიხსენიებ, მერე უდროოდ წასულებს, ვინც გული დაგვწყვიტა. იქნებ ის უდროოდ წასული უფრო მეტს მიხვდა, ვიდრე მე მივხვდები, დროულად რომ წავიდე? არ ვიცი.
კიდევ მოიხსენიებ უპატრონოებს, აღდგომას წითელი კვერცხის გამგორებელი რომ არ ჰყავთ.
სასმელისგან შეხურებული რასაც იტყვი, აღარაა საინტერესო.
როგორ შეიძლება კაცი თებერვალში მზეს დაემდუროს, ნუ აცხუნებო? მაგრამ მაჭერდა სასმელით გახურებულ შუბლზე. ფიჭვები შორს იყო, მივწექი საფლავის გვერდზე და მივეხუტე ცხელი შუბლით ცივ მიწას. მოედო სასმელი გადაღმერთილსაც, ვერ ჩადის მიწის ამოსაყრელად საფლავში, თუ ჩადის, ვეღარ ამოდის.
ბოლოჯერღა ჩავედი დაბლა და მივეზომე ნიკაპით, გავუსწორდი უკვე.
მოვრჩით.
წერაქვი მხარზე გავიდე და ჩამოვუარე მიწას ამოფარებულებს.
როგორ არ უხდება ქვაზე დახატული ლამაზი სურათი ჭიისგან შეჭმულ მკვდარს…
მივხვდი, როგორი უნდა იყოს ჩემი საფლავი – უბრალო, გათლილი ლოდი, გვარი და სახელი.
ერთი საფლავის ღია კარი მივკეტე. ქვას გავხედე, ლამაზი ქალია ძალიან და ასეთი ეპიტაფია აქვს:
„ნუ
ტირი, თუ
მართლა
გიყვარვარ. თუ
მართლა
იცი, რა
არის
ღვთის
მადლი
და
სასუფეველი“.
რომ არ ვიცი, მაგას ვჩივი მეც…

 

ჩემ ხსოვნაში

ის დრო ხომ გახსოვთ, დენის მოსვლა დღესასწაულივით რომ იყო?
მანამდე კი მიდიოდა და ბნელდებოდა სოფელი. დაიწყებდნენ უფროსები მთავრობის გინებას, უფრო უფროსები – კომუნისტების ნატვრას, ქალები კი: „სინათლე გამოელიოთო თვალში“.
გამგზავნიდნენ გარეთ ღამით, როცა ქარი აბუქებდა თოვლს, გაიხედე, ალგეთ გაღმა სოფლებში თუ არისო სინათლე. თუ იქ იყო და… დათვებს აქვთ სინათლე, ჩვენთან რა სატკივარი სჭირთო.

 

 

1 2 3 4 5