ცეცხლად ნაქცევი სათქმელი

 

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ყველა მართალია და ამ სიმართლეებში ვიღაც ისრისება, ვიღაც უბრალო.

წყაროსპირზე ქვის დიდი ფილებით აშენებული ნავი და გრძელი, ძალიან გრძელი, ორსართულიანი სახლი იდგა.

დაბინდებისას ნავით საძოვრიდან მობრუნებულ საქონელს არწყულებდნენ. მიწა წყლითა და საქონლის ჩლიქებით იყო ატლაპებული.

სახლი კი ორად ქონდათ დათავთავადებული და მასში ბიძაშვილები ცხოვრობდნენ. იმათი პაპები თუ დიდი პაპები ძმები ყოფილან.

უმცროსს დათიკო ერქვა, ხნიერს – ოსე.

წლები იყო უკვე, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.

უკვე ჯანგატეხილ ოსეს მუშაობა არ შეეძლო და სოფლის თავკაცებს მედროგეობა ჩაებარებინათ მისთვის. ისიც მუდამდღე კარში იყო გასული. შავ, მეწყინა სახის კაცს, თიაქარის გამო უბე ისე ჰქონდა გამოტენილი, ლაჯებშუა ღრიჭოს ვერ დაუნახავდი. ლაპარაკი არ უყვარდა, ვირივით აკიდებულ შრომას ენა ჩაეყლაპებინა მისთვის.

ოსეს ახალგაზრდა ცოლი და პატარა ბიჭუნა ჰყავდა. ბიჭი ძალიან ჰგავდა ბიძამის დათიკოს, თუმცა ეს არავის უკვირდა. მათ საერთო წინაპარ გუგესაც, რომელიც თავის დროზე სოფლის მოსამართლე იყო, ისეთივე თეთრი პირისკანი და ჭრიანტელი თვალები ჰქონდა, როგორც მის ორ შთამომავალს.

არც დათიკოს ეთქმოდა ცუდი, პირიქით, მოხდენილი კაცი იყო. ისეთ რამეებსაც იხდენდა, სხვას რომ არ მოუხდებოდა არაფრით. ჰყავდა ცოლი და ულამაზესი კოჭლი გოგონა, ყინულზე წაქცეულს ადგომა ვერ მოესწრო და დროგს გადაევლო მისთვის, მოტეხილი კი მრუდედ შეხორცებოდა. ამბობენ, რომ დროგი ოსესი იყო და ძალიან განიცდიდაო ამ ამბავს.

ჩამობნელდებოდა თუ არა, აძვრებოდა დათიკო სხვენში.

სხვენში თიხა ეყარა, გულდაგულ დატკეპნილი. ზამთარში სიცივე რომ დაეჭირა, ზაფხულში სიცხე და დაბრეცილ კრამიტს ჩამოპარებული წვიმის წვეთები.

ფეხით რომ არ ეხმაურა, თიხაზე წვებოდა და ისე მიხოხავდა ნათესავის კუთხისკენ. ბოლომდე მიხოხებული, ბუხრის საკვამურზე შეგულებულ ჯოხს მიაკაკუნებდა და ირინდებოდა.

გარეთ ქარის ქიქინის ან წვიმის შხეპისას, მისი რძალი არჩევდა ჯოხის ხმას. მძინარე ბავშვს საბანს შეუკეცავდა და კედელზე მიყუდებული ხის კიბით ადიოდა სხვენში.

საბანში დარჩენილ ბავშვს ეღვიძებოდა და თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ჭერს, საიდანაც კაცის დაუდევარი ხვნეშის და ქალის მოგუდული კრუსუნის ხმა ისმოდა. ბავშვი ვერ ხვდებოდა, ეს რისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო.

ცოტა ხანში კიბეზე მაძღარი და თითქოს ამ სიმაძღრით დარცხვენილი ქალი ჩამოდიოდა.

ოსეც ბრუნდებოდა სახლში, ტანზე ცხენის ბალანი მიკრობოდა და ცხენის ოფლის სუნი ასდიოდა. უხმაუროდ, მორიდებით ხვრეპდა ცივ წვნიანს და წვებოდა. ცოლი კი ზურგს აქცევდა და კედლისკენ ბრუნდებოდა.

ეს დიდხანს გრძელდებოდა, უწიაღო და მაწიერი წლების, თვალღია და ნათელი ღამეების დროს.

ბიჭი იზრდებოდა, ყველაფერს ხვდებოდა და ეს ყველაფერი შხამად ეწვეთებოდა გულზე. სხვენიდან ჩამოსული ხმები რომ არ გაეგონა, ხელისგულებს იფარებდა ყურზე.

ამ დროს გადაწყვეტდა ხოლმე, მოეყოლა მამამისისთვის ღამეული ხმების შესახებ. სანამ ის დილით დროგში ცხენს შეაბამდა და მინდორში წავიდოდა. თუმცა ოსე იმდენად ჩუმი კაცი იყო, შეუძლებელი იყო, ეს არა სცოდნოდა.

გადასდგომოდა ბიძამისს გზაზე, დიდივით, კაცივით ეთქვა, რომ ამას ნუღარ იზამო, ის ეთქვა, რომ გაიზარდა და ყველაფერს ხვდებოდა უკვე. დამუქრებოდა, შეეშინებინა.

ბრაზობდა დედამისზეც, ვეღარც მის მოფერებას ირგებდა. დედა რომ ჩაიხუტებდა, ეგონა, ამით მამამისს ატყუებდა და ნაცარს აყრიდა თვალში.

თვალწინ უდგებოდა, როგორ იბერტყავდა ხოლმე შარვლიდან ცხენის ბალნებს, როგორ ხვრეპდა ცივ წვნიანს. ამ დროს ძვლები ეწვოდა მისი სიმწრით.

გათენდებოდა და ხვდებოდა, რომ მისი ნაფიქრი ყინულზე ეწერა და ვერაფრის თქმას ვერ გაბედავდა. ეს უფრო ურყევდა ბავშვურ სულს.

ერთ ღამესაც, როცა დედამისი სხვენიდან ჩამოვიდა, ბიჭს ხელი საბნიდან ამოეყო და ჭერს მიშტერებოდა. მერე უცბად ადგა და ღუმელთან მივიდა. ღამით დედამისი ცეცხლს ნაცარს მიაფარებდა ხოლმე, თბილი ნაცარი ცეცხლს დილამდე ცოცხლად ინახავდა. ხის ორი ნაჭერით ნაკვერჩხალი აიღო და გარეთ გამოვიდა. თივის ზვინთან მივიდა, რომელიც ბიძამისის მხარეს იდგა. პირგამშრალი ზამთრის ყინვიანი ღამე იყო, მაღლა გორაზე წმინდა გიორგის საყდარს გახედა, ერთხანს უყურა, მერე კი ნაკვერჩხალი ზვინში შეაგდო.

ქარმა  ნაკვერჩხალი გააღვივა, ცეცხლი ჯერ თივას, მერე კი სახლის სახურავს მოედო.

ბიჭს ხმები მოესმა, შველას ითხოვდნენ. მშობლებს კოჭლი გოგონა გარეთ ვერ გამოჰყავდათ.

ბიჭის გამტკნარებული დედა ფანჯარასთან იდგა, როცა ოსე ნიჩბით მისახმარებლად მივარდა.

ბიჭი ბოსლიდან გამოსხლტა და გაიქცა. თავჩაღუნული გარბოდა, ყურადღებას არ აქცევდა ღობიდან გადმოზნექილ ქლიავის ტოტებს, რომელიც სახეში ხვდებოდა, არც იმ ქვებს, ფეხს რომ წამოკრავდა და ზედ მუხლებით დაეცემოდა ხოლმე. ბოლოს აღარ ამდგარა, მოიკუნტა და ყურებზე ხელი აიფარა. თუმცა ხმები აღარც ისმოდა, ჩამოქცეულმა ჭერმა გადაფარა…

 

***

წლების შემდეგ, ერთ ხმელ, უწვიმო ზაფხულს, სოფელში მოხუცი კაცი გამოჩნდა.

არავინ იცოდა, საიდან ან ვისთან მოსულიყო.

ყოველ საღამოს ჩამოჯდებოდა წყაროსთან და სანატორიუმის შენობას მიაშტერებოდა. სანატორიუმის ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, აივანზე კი მათი დედები ირუჯებოდნენ.

სოფელში უკვირდათ, რატომ მიშტერებია ეს კაცი სანატორიუმსო!?

არავის ახსოვდა, რომ წლების წინ, წყაროსთან გრძელი, ძალიან გრძელი, ორსართულიანი სახლი იდგა, რომელიც ამ კაცმა გადაწვა.

მოხუცი იმ ყორიდან გადმოვარდნილ ქვას ჰგავდა, რომელზეც საღამოობით იჯდა ხოლმე. ქვას, რომელიც დიდხანს გორავს, გორაობაში ბევრ ტალახს ზელს და იკრავს.  მერე რომ დადგება, თავის ტალახიან ნავალზე ფიქრობს.

 

1 2 3 4 5