***

უნიჭო პოეტებს რითმებს მივყიდით,
უნიჭო ქალებს – სიყვარულს,
უნიჭო მორწმუნეებს – ღმერთს.
ყველაფერს გავყიდით რაც გაგვაჩნია,
რადგან სიყვარული არაფრის ფლობაა,
სიყვარული – სიყვარულის ფლობაც არაა.

სიმსუბუქე.

ყოველ საკუთრებას, ფასთან ერთად
ფორმაც აქვს,
ფორმა, სადაც თვითონვე გვამწყვდევს.

რაც უფრო, არაფერი გაგვაჩნია
მით უფრო ვიშორებთ საზღვრებს საკუთარი თავისგან,
ცარიელ სახლში კარებს არავინ კეტავს.

და ჩვენ გვინდოდა ერთად,
და ჩვენ მოვიშორეთ სიყვარული.

 

***

ქუჩები სეირნობენ ჩვენზე,
მათთვის ჩვენ ვართ უძრავი ადგილები,
თვითონ კი მოივლიან მთელ კაცობრიობას.
წვიმის დროს გარბიან და
კიბეებთან კოცნიან ერთმანეთს.
ბავშვები კი არ თამაშობენ ქუჩაში კლასობანას
ეს თავად ქუჩა თამაშობს,
დახტის ბავშვების ფეხებზე.

ჩვენ უბრალოდ ვდგავართ.
ჩვენ უბრალოდ ვდგავართ.

ეს თავად ამერიკა მოვიდა კოლუბთან,
გოლგოთამ თვითონ გაიარა გზა ქრისტემდე.

ჩვენ უბრალოდ ვდგავართ,
ჩვენ უბრალოდ ვდგავართ
და სულ ესაა რასაც ვაკეთებთ.

 

1 2 3 4