ხალხი ჯერ გახევდა, მერე დაოსდა, მერე კი ერთიანად ახარხარდა… დარბაზი თავს ვერ იკავებს ემოციებისგან. ამ კულტურულმა 20-16-მა ტორმუზები სულ დაკარგა. შეხტა სკამზე და აქეთ-იქით დაიწყო ყურება… იმ “ჩაპაევას” ძებნა… მამა-პაპური გინება… გინებაცაა დაგინებაც… ეს იყო, შედევრალური გინება… პროფესიონალი რომ ინატრებს ისეთი… ფას ბინდერს ნაღდად შეშურდებოდა… ისეთ საოცრებებს ამბობდა ესა, ტოო… ფილმი გააჩერეს და შუქიც აანთეს.
დამინახა 20-16-მა, ფეხზე რომ ვიდექი და „მაროჟნსა“ ვყიდდი და არ დამიწყო?!
- შენ დაინახავდი ვინ იყო და რად მიმალავ შენი დედაცო?
- მე რა შუაში ვარ მეთქი?! – ძაან მეწყინა. ჰოდა, თავი ვერ შევიკავე და რაც იმ შობელძაღლმა დააკლო, მე დავუმატე.
- დამწყების, ამგდების და დამბრალებლისაც-მეთქი…
გამოიწია ჩემზე. არც მე გავუყადრე თავი, ვარანცოვზე დაჯეელებული კაცი ვარ, არაფრის მეშინია, და ჩემი “ტელეჟკიანად” გავიწიე. აქ სხვები ჩაერთვნენ:
– ქალებია დარბაზში და ნუ იგინებითო?!
ვიღაცამ არც აცია და არც აცხელა:
– ასეთ ფილმზე საცქერლად მოსული ქალების დედაცო…
– რრრაააოოო? – იხუვლა დარბაზმა და ამის მერე ატყდა, მაგრამ რა ატყდა?!
ვინ ვის აგინებდა უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. კინომექანიკოსი, რომაა ისიც თავისი ბუტკიდან იგინებოდა… თურმე, საცოლე ეჯდა იქა და ჩემ ქალს ვინ აგინებსო, მე იმის ისაო და ესაო… მიკროფონით გაიძახოდა თავის უცენზურო გულისტკივილს… მასაც აეჯაგრა ბალანი.
მოკლედ ყველა ყველას აგინებს. ლექტორის და ფას ბინდერიც ზედ მიაყოლეს… თან “მაროჟნს” ყიდულობენ და თან იგინებიან. ლეტნი კინოთეატრი “გაზაფხული” კი არა, დინამოსა და არარატის, ან ნეფტჩის მატჩია რაღა?!
ეს, 20-16 წიწაკასავით გაწითლებული დარბის წინ და უკან. არ იცის რა ქნას… ვიღაცა უსტვენს, ვიღაცა მაკაკასავით დახტის… მოკლედ ხალხს აღარ უნდა დარბაზში ჯდომა და ნელ-ნელა ქუჩაში გასვლა დაიწყო. დარჩა მხოლოდ 20-16 და კიდე თხუთმეტი-ოცი კაცი… რომელიც ხმას აქამდეც არ იღებდა და არც ახლა იღებს. სხედან გასუსულები, “მაროჟნს”-აც არ ჭამენ, აპახუნებენ თვალებს და რაღაცას ელოდებიან.
- დატოვეთ დარბაზი! – დინამიკებში გამოაცხადა ადმინისტრაციამ.
- არ დავტოვებთ! ბილეთები ნაყიდი გვაქვს და მოვითხოვთ ფილმს ბოლომდე გვაყურებინოთო! – ლამის ერთხმად განაცხადეს ამ დალოცვილებმა. მართლებიც იყვნენ.
- ეს სეანსი თქვენვე ჩაშალეთ და თან სხვა სეანს ვერ გადავახტებითო! – გაჯიუტდა ადმინისტრაცია.
- მეორე ფილმს არ ვიყურებთ! მარტო ეს გვანახეთო! – მოითხოვა მაყურებელმა. იძულებული გახდნენ თავიდან ჩაერთოთ ფილმი და ამჯერად ყველაფერს ადამიანურად, კულტურულად და ბოლომდე ვუყურეთ. რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდით და არ გვესმოდა, ყველაფერი გასაგები გახდა და ამბავიც ათასჯერ უფრო საინტერესო და “პრაბლემატიჩნი” აღმოჩნდა. ყველას “ჩერეზჩურ” მოგვეწონა. “საღოლ” ფას ბინდერ!“საღოლ” გერმანია!“საღოლ” ლექტორ!“საღოლ” კინემატოგრაფ!“საღოლ” “კიტაისკი რულეტ”!
ეგრეა რა, კარგი კინო ან ცარიელ დარბაზში უნდა ნახო, ან მხოლოდ იმათთან ერთად ვისაც გემოვნება აქვს და ნამდვილი ხელოვნება უყვარს. სხვა შემთხევაში მხოლოდ ლამაზ “აბიორტკას” დაინახავ და ფილმის ვერც გემოს გაიგებ და ვერც მის აზრს ჩასწვდები…
ისე, ეს 20-16 ფილმის დაწყებიდან ხუთი-ათი წუთი კიდე ნერვიულობდა, ცმუკავდა და აქეთ-იქით იხედებოდა – “ეგება აქ დარჩა და დავინახო ვინ მაგინაო!”, მაგრამ, როგორც ავღნიშნე მაყურებლის ინტერესი ეკრანზე იყო მიჯაჭვული და ამნაირი სისულელეებისთვის არავის ცხელოდა… მათ შორის არც იმ წითელ “საროჩკიან” “პოლისჯოხს”, გასუსული რომ იჯდა და პირდაღებული უყურებდა ფილმს…
დიახ, ამ “ბასტი-ბუბუს” ამტეხი იმ მცირერიცხოვანი მაყურებლის შორის იჯდა და ვითომც აქ არაფერიო, ჩვენთან ერთად ტკბებოდა “ჩინური რულეტით”… სეანსი, რომ დამთავრდა შეგინებულმა და მაგინებელმა ლამის ერთდროულად იყიდეს “მაროჟნი”… ხურდის დაბრუნებისას ფულში ცოტა ავირიე, გავნერვიულდი, იმიტომ რომ ვიცანი და… ამის გამო იხუმრეს და გამამხნევს კიდეც…
- რა იყო ძიაჯან, ფას ბინდერმა ისე გაგიტაცა მაყუთს სწორად ვეღარ ანგარიშობო?
გადაიხარხარეს. მერე შებრუნდნენ, გასასვლელისკენ გაემართნენ, თან ფილმზე საუბარი წამოიწყეს. ისე ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს, ეტყობოდათ ცოტა ხანში ნაღდად დაძმაკაცდებოდნენ.
მაშინ დავაფასე, საჭირო დროს და საჭირო ადგილას წარმოთქმული გინების მნიშვნელობა და შევიყვარე სიბილწის ეს თავისებური მარგალიტი… ღმერთი ტყუილა არაფერს ქმნის… რაიმე თუ არსებობობს ამ ქვეყანაზე, მას აუცილებლად თვისი ჩრდილი უნდა ჰქონდეს. ის, რასაც ჩრდილი არა აქვს, არ არსებობს. სინათლე კარგია და აუცილებელია, მაგრამ არც ჩრდილია ხელწამოსაკრავი… ჩრდილის სიგრილეში ისვენებ… თუ ვინმე არ მოგწონს მას ჩრდილს აყენებ. ჩრდილში ქეიფობ… გინებაც ეგრეა. ის, ენის, სიტყვის, ფიქრების და აზრის ჩრდილია! ჰოდა, ხშირად ჩრდილი უფრო გეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში, ხელოვნების აღქმაში და სიკეთის კეთებაში, ვიდრე სინათლე…
მააშ, მე მაგის ტაკარაცუპა დედაც…
აი ეგეთი “ჩუინური რულეტკა” დატრიალდა ჩვენს თბილისურ, “ლეტნი”, მაგრამ “ზიმნივით“ გადახურულ კინოთეტრ “გაზაფხულში”, ტოო…
