მამისმინე შენა – ნაყინი ცოტა უნდა იყოს… კარგი, თუ ბევრია ცუდია! ცუდი, თუ ბევრია ცუდია! კარგიცა და ცუდიც, რაც უფრო ცოტაა, მით უფრო კარგია! ფულივით კი არა, ფული სხვაა. მისი სიცოტავისგან ღმერთმა დაგვიფაროს. თუმცა ბევრი ფული – სიმდიდრე არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ბევრი ყოველთვის “ბალოტაა” – ჭაობია. ფულიცა და კარგიც  იმდენი უნდა იყოს აი, იმდენი, რომ ალპინისტის “რუგზაკივით”, მწვერვალზე ასვლაში დაგეხმაროს. რომ ახვალ, რაღათ გინდა? მწვერვალზე დატოვე… მერე ძირს დაეშვი, იმუშავე, ახალი “რუგზაკი” შეიძინე და დავაი, ისევ ადი მწვერვალზე. კაცური ცხოვრება კავკასიონის მთებსა ჰგავს… არაკაცური კი ჭაობს…

მოკლედ ძმაო, ნაყინი უნდა იყოს კაი ხალხივით ცოტა. ათ კაცზე სამი, ჰა-ჰა ოთხი. აი, მაშინ ააქვს მას გემო, და მოქვს სარგებლიანობა, მიმზიდველობა და გემრიელობა… ტოო, მაშინ არი ის “მიაროჟნიიაიი” და არა უბრალოდ “ ნ ა ყ ი ნ ი “.

შეხედე, ახლა ვინ ყიდის? არავინ, ან “პაჩწი” არავინ. დგას მაღაზიის წინ ფერადი კუბო. ახდი თავს და ამოიღებ, რომელსაც გინდა. ეს საქმეა?!.. “მაროჟნი”, ხომ საჭმელი არ არის. ის – “დელიკატესია” და მას ადამიანი უნდა ჰყიდდეს. თუკი ადამიანი არ ჰყიდის ის უკვე “დელიკატესი” აღარაა… უბრალო საჭმელია. განა სირცხვილი არაა “დელიკატესის” უბრალო საჭმელად ქცევა?! ასე ინგრევა ძმაო ქვეყანა. ჰოო, ასე ინგრევა…

“მაროჟნს” მაღაზიაში რა უნდოდა?! მისთვის სირცხვილი იყო დახლზე გამოჩენა. “პრესტიჟი” ელახებოდა… ადრე, ჩემ დროს, გინდოდა ნაყინი?

დავაი, წადი კაფეში, ან წადი და იპოვე ჩემნაირი გამყიდველი – “მემაროჟნე”, ის მოგყიდის ნაღდ დელიკატესს, აი ისეთს, რომ “პალჩიკი აბლიჟეშ”.

 საქმე იცი რაშია, აღარ იციან ახლა რა არის ნაღდი “დელიკარტესი” და ნაღდი საჭმელი. აბა შენ თუ იცი რით განსხვავდება “დელიკატესი” – უბრალო საჭმლისგან? – მირთმევით.

“დელიკატესი” ან ახლობელმა, ან აფიციანტმა, ან პროფესიონალმა, ან კაცურმა კაცმა  უნდა მოგართვას, ხოლო საჭმელს თვითონაც კარგად აიღებ… როცა რამეს, თუნდაც უბრალოდ “შუშა კიტრს” – ახლობელი, ან აფიციანტი, ან პროფესიონალი მოგართმევს ეს უკვე საჭმელი აღარაა, ეს უკვე სულის საზრდოა. საზრდო და დელიკატესი კი ერთ “პოლკაზე” აწყვია, მააშ. მათ “ადინაკოვი” ფასი და წონა აქვთ!..

 აი, ამაშია საქმე. თუკი კერძსა და მჭამელს შორის არ დგას კეთილი და პატიოსანი ადამიანი, ის არ არის განსაკუთრებული, ის ჩეულებრივი რამეა. გემრიელიც, რომ იყოს მაინც ჩვეულებრივი. ქვეყანაში თუკი “დელიკატესები” ასე “დააჩმორე”, მაშინ ქვეყანა აღარ იარსებებს.

ჰოო, ისიც უნდა იცოდე, რომ “დელიკატესობას” სიძვირე კი არ განსაზღვრავს, არამედ დამოკიდებულება. ამიტომ თავის დროზე, ჩემ დროს ანუ “კაი დროს” მასზე მდიდარსაც მიუწვდებოდა ხელი და ღარიბსაც… ნაყინი, “ლეტნი” კინოტეატრის “გაზაფხულის” დროს – ოცი კაპიკი ღირდა. ყველაზე დაბალი ხელფასით ყოველ დღე თითო ნაყინი რომ გეჭამა დაგჭირდებოდა ექვსი მანეთი, ამას დაუმატე შეყვარებულისთვის, ან მეგობრისთვის განკუთვნილი ნაყინიც – მაქსიმუმ ცხრა მანეთი… ცხრა მანეთი და არანაირი პრობლემები… ხალხიც მრავლდებოდა. ქორწილები მეტი იყო ვიდრე ქელეხი.

…“მიაროჟნიიაიი!” – დასჭექამდი ქუჩაში და გრძნობდი, როგორ იწყებდა ერი გამოცოცხლებას. ხალხს თვალებში ათინათინები აუკიაფდებოდა, ტუჩებს გაილოკავდა, ბრძენივით გამოგხედავდა და ბავშვივით გაგიღიმებდა.

გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში, იღიმება ლურჯთვალება ია .

სითბო ისე შემოიჭრა გულში, თითქოს გულის კარი დამრჩა ღია…

ჰოდა რას გიყვებოდი?

კინოში გვიყვარდა სიარული. იმიტომ, რომ ფილმების კინოში ან ტელევიზორში თუ ნახავდი… მაშინ ინტერნეტი და ეგეთი რამეები მარტო ფანტასტიკური წიგნებიდან ვიცოდით.

კინო იყო დღესასწაული. კინო იყო გაზაფხული. კინო იყო სამოთხე. კინო იყო სულის სადღრგძელო, ოღონდ ღვინის გარეშე… იყიდდი ბილეთს, გაიღებოდა შესასვლელის კარი და ფეხს იმ სამყაროში შედგამდი, რომლის ნახვას სულ ნატრობდი და ოცნებობდი… მსოფლიოში არ იყო ფილმი – შედევრი, რომელიც „გაზაფხულში“ არ ეჩვენებინათ. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ერთი კინოსეანსის ბილეთის ფასად, ორ ასეთ ბრილიანტს უყურებდი და იღბლიან შემთხვეაში მათი რაოდენობა სამამდეც კი იზრდებოდა. ფილმების ჩვენება იწყებოდა დილის ცხრაზე, თორმეტზე, სამზე, საღამოს ექვსზე, ცხრაზე და ზოგჯერ ღამის თორმეტზეც.

ამ კინო-მარგალიტებით, მონუსხულ-მოჯადოებული, ხელოვნებით შეზარხოშებული ქალაქელები, არისტოკრატებივით დადიოდნენ  ქალაქის ულამაზეს ქუჩებში… იქ კი ჩემნაირების “მიაროჟნიიაიი”-ს ბღავილით, დელიკტესზე ვგეშავდით და “გემრიელობის მირთმევის” მადას ვუღვიძებდით… ისინიც, ამ ნაღდი “მაროჟნებით” დამტკბარნი ერთმანეთს ეწაფებოდნენ. სიყვარულით, ტოო. ნაღდი სიყვარულით… ჰოო, სიყვარულით და არა სექსით. მაინც მოწყურებულ – დამშეულნი რჩებოდნენ… რადგან სიყვარულით, ისევე როგორც დელიკატესით ვერ გაძღები, სექსით კი გაძღები კიდეც და “დაჟე” შეიძლება გასკდე…

  • მიაროჟნიიიაიიი!- სეანსებს შორის შევანჯღრევდი დარბაზის კედლებს, მერე გავიმეორებდი ფილმის საწყისი ტიტრების გაჩენისას, მეტი არც იყო საჭირო. მხოლოდ ვიდექი, ვიღიმოდი, ვართმევდი ფულს და ნაყინს გავცემდი.

ამ დროს დარბაზში იცი როგორი არომატი დგებოდა? – სპეციფიკური – ვანილის, არომატიზირებული ნაღების და კარგად გამომცხვარი ვაფლის ჭიქის… დელიკატესს, მხოლოდ სპეციფიური არომატი ააქვს. მააშ…

ეს ხუთი “სას”-იანი ამბავი როცა მოხდა, “ჩინური რულეტი” გადიოდა… გერმანული და “მირავოი” კლასიკაა, ტოო. ფას ბინდერია რეჟისორი.

მოკლედ სოფლის სასახლეში ხდება მთელი კინო…  არის ერთი შვილი, ლამაზი კოჭლი გოგონა,  მონა ლიზასა ჰგავს… არის მისი მუნჯი გამდელი, მშვენიერ ფერ-ხორციანი, დიდრონთვალებიანი  ქალი… ერთი ცოლი ულვაშანი ქმრით, მეორე ცოლი ქაჩალი ქმრით… ბებერი დედა და მისი ზრდასრული გრძელთმებიანი ბიჭით… ესა, სულ სხვის ჩანთებში დაძვრება და რაღაცა ფილოსოფიურსა სწერს… ეგენი მოჯამაგირეები არიან და სასახლეს უვლიან… ჯერჯერობით აქამდე ყველაფერი გასაგებია… ამის მერე იწყება ისეთი “ჩინური რულეტი”, რომ ვერაფერს გაიგებდი თუ ყურს კარგად არ დაუგდებდი და თვალს არ გააყოლებდი… ცოლ-ქმრები თურმე სინამდვილეში ერთმანეთის საყვარლები ყოფილან. გამდელის საყვარელი ის გრძელთმებიანი ტიპი ყოფილა. ულვაშიანსა და მოჯამაგირე დედას რაღაც “სტრანნი” ამბები აკავშირებდათ ერთმანეთთან… რაც მარტო ვალოდია ლენინმა თუ უწყის, მაგრამ რად გინდა მკვდარია ეგ სულძაღლი! მოკლედ ამ კინოში ყველა “დირკას” თავისი “პრობკა” აქვს, ტოო… მხოლოდ ეს გოგონაა მარტოდ და ეულად… ჰოდა დაკოჭლაობს ეს ბავში აქეთ-იქით, აქეთ – იქით… თუმცა კარგად თუ დააკვირდებოდი ტოო… ეეე, რაღა ბავშვი, თვრამეტი წლის გასათხოვარი “კრასავიცა” შეგრჩება ხელებში… ჰოდა, ეს გოგონა სულ დადის და დუდღუნებს, დადის და დუდღუნებს… ლაპარაკსა და ურთიერთობას არავის აცლის, უვარდება ოთახებში, უხტება პირში, დაუკითხავად ერევა უფროსების ლაპარაკში და წუწუნებს, დადის, წუწუნებს, ზის და წუწუნებს, წევს და წუწუნებს, ჭამს და წუწუნებს, ძინავს და მაშინაც წუწუნებს… პJოჭის ტვინი წიაღო რაღა… ალბათ ის საცოდავი გამდელიც ამის ლაქლაქმა დაამუნჯა…  მოკლედ არავის არ აცლის რაიმეს კეთებას. რანაირი ლამაზიც არ უნდა იყო, შენმა ზედმეტმა ლაპარაკმა შეიძლება ჭკუიდან გადაგაყენოს კაცი, ტოო… ჰოდა გადარია დედამისი! ქალი გაგიჟდა, ეს ვინ გამიზრდია, ამის დედაცო და ლამის ტყვია დაახალა… მაგრამ დედა, ხომ იცი მაინც დედაა, გველის წიწილიც რომ გაზარდოს მისი გველის წიწილი იქნება…  ჰოდა ვერ გადადგა “რაკავოი” ნაბიჯი… მაგრამ ცხელ გულზე გამდელს დაახალა შვილისთვის განკუთვნილი ტყვია… ქალი გადარჩა, მაგრამ ეს გოგო მაინც არ გაჩერდა?.. უფროსებმა (მაინც “მალადეც” მაგათ გაძლებას), ამის ტლიკინმა, რომ არ გაგვაგიჟოსო, მოდი რაიმე ვითამაშოთო.. ეგებ ეს გომბიოც ხასიათზე მოვიდეს, გუნება გამოუკეთდეს და ცხოვრება გვაცალოსო… ჰოდა, დაიწყეს “ჩინური რულეტის” თამაში… სიტყვების და პიროვნებების ასოციაციურ გამოცნობაზეა თამაში, რაღა… მაგრამ წერას იყო ეს დედარღნიანი ატანილი. აქაც გაახურა… გაახურა, მაგრამ რა გაახურა?! აუშვა აფრები… ტატატატა და ტატატატაო! უფროსებმა მაინც მოუთმინეს… გერმანელები არიან, “სდერჟანნი” ხალხია და ემოციებს არ აჰყვნენ… ამან კიდე, აქ არაფერი გამომივიდაო და ახლა გრძელთმებიანს გადაწვდა, “შენ ესაო და შენ ისაო”… იმან კიდე ვეღარ მოუთმინა და მიასიკვდილა კიდეც… მორჩა კინო და ყველამ დავისვენეთ…

“ნა პერვი ვზგლიად, ეს“კსოჟელენიუ ნე” გრიბოედოვ და “დაჟე” ნე ორდე დგებუაძე…

…საერთოდ კინოს ყურება, როცა ვმუშაობ არ მიყვარს… მაგრამ ამ ფილმის დაწყებამდე იმდენი ილაპარაკა, ყმაწვლქალის ხმიანმა კაცმა ლექტორმა, რომ ძალაუნებურად ინტერესში ჩავვარდი. ფას ბინდერი “უმამო თაობის” წარმომადგენელი იყოო. ჩემსავით უმამო იყო და ვიფიქრე – მოდი ვნახავ იქ გერმანიაში უმამოდ გაზრდილები, რანაირები არიან და რეებს აკეთებენ მეთქი. ჩემი კარონნი “მიაროჟნიიაიი”-ს დაძახებაც კი დამავიწყდა… გვერდზე მივაყენე ჩემი ტელეჟკა”  და მივაშტერდი ეკრანს.

 

1 2 3 4