შუქი ჩაქრა, დინამიკებიდან  უცებ ისეთმა ხმამაღალმა და მომაჯადოებელმა მუსიკამ ამოხეთქა, რომ მთელი დარბაზი ჯერ ერთიანად შევხტით, მაგრამ მერე ნაფოტებივით გავყევით ეკრანიდან მოზღვავებულ ლამაზი გამოსახულებებისა, უცნაური ფრაზების, მშვენიერი მსახიობებისა და უცნაურ ამბების დინებას… ჯერ იქ, რადიატორებზე მჯდარი ქალი დავინახეთ. ის, ნერვიულად ეწეოდა და ფანჯარაში უმზერდა დაბერებულ და ხავსმოდებულ ნაძვებს. მერე ჩვენკენ, დარბაზისკენ გამოიხედა. შემოგვანათა ზღვისფერი თვალები და გაგვიღიმა… ლამაზი არ იყო, მაგრამ იმდენი სევდა, ტკივილი, უიმედობა გამოსჭვიოდა ხედვაში. ისე გვიცქერდა, თითქოს ყოველ ჩვენგანს სულში გვიძვრებოდა… შეგვრცხვა… ყველას შეგვრცხვა, რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, დამჯდარი და ნაყინის მირთმევით არ უნდა მიაშტერდე… ჩვენ კი ყველაფერი დავიწყებული გვქონდა და პირდაფჩენილები შევცქეროდით მას… ის კი, თურმე თავის კოჭლ გოგონას უყურებდა… ბავშვიც რადიატორთან იდგა, მის უკანაც ხეები მოჩანდა, დიდრონ ფოთლებად გაფურჩქვნილი ტოტებით… ისიც ისეთი იყო, დარდიანი, დაძაბული… მომაჯადოებელი… ჰოდა მივეყუდე კედელს… და ნაყინის ჭამა დავიწყე…

ამაზე ცუდი არაფერია, როცა საკუთარ ნაყინს ანუ საკუთარ გასაყიდ “ტავარს” მიირთმევ. ამ დროს ყისმათი გარბის… მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ხელოვნება გიპყრობს? მოკლედ დარბაზის ნაწილი პირდაფჩენილები შევცქეროდით ეკრანს და ვჭამდით ნაყინს. ისე, უნდა იცოდე, რომ ნაყინის ჭამა ერთია და გემრიელად მირთმევა კიდე მეორე. “სტაკანჩიკის” ათვისებას თავისი კულტურა და ეტიკეტი აქვს:

“მაროჟნს”, როგორც კი მოგაწოდებენ, ჯერ უნდა ატლეკო ზედა ფენა. ეს ფენა ხრაშუნაა, იმიტომ, რომ სინამდვილეში ნაყინს კი არ წარმოადგენს, არამედ ყინულის თხელი “კოროჩკაა”, რომელიც გემრიელ შიგთავსს გარს არტყია. ამ “კოროჩკას” მეორენაირად, “მაროჟნის კარი” ჰქვია. აი, ამ ნაკლებად ტკბილი კანის ალოკვის შემდგომ,  იხსნება ეს დალოცვილი და იწყება ნაღდი ნაყინი. სლიპინა, ტკბილი, ჰაეროვანი, პლასტელინივით რბილი და გემრიელი. არავითარ შემთხვეაში არ უნდა მოკბიჩო… გოიმი ხომ არა ხარ?!.  ნაღდი ნაყინი უნდა ატლიკო. ალოკო… მანამ სანამ თითებს შორის მოქცეული ვაფლის “სტაკანჩიკი” არ დარბილდება და სანამ მისი ძირი ოდნავ არ დაიბერება. აი, ამ დროს ფსკერს  უნდა უკბინო და ვაფლის პატარა ნაწილი მოაკვნიტო, რომ ხვრელი გაჩნდეს და იქიდან ჩამდნარი სიგემრიელე გამოწოვო… ამის მერე იწყებ ორ ფრონტზე ბრძოლას. ზემოდან ლოკავ, ქვემოდან კიდევ წუწნი, მანამ სანამ “სტაკანჩიკი” წაბლის ხელა არ გახდება. აი, სწორედ ეს გორგალი უნდა გადაუძახო ყბაში და კოწახური კანფეტივით მოწუწნო… დარჩენილი ნაყინი დნება პირში და სანამ ბოლომდე გაილევა, დრო გრჩება იმისათვის, რომ ჯიბიდან ფული ამოიღო, მენაყინესთან მიხვიდე და ახალი “სტაკანჩიკი” შეიძინო… ესაა “სტაკანჩიკი” ნაყინის გემრიელიად მირთმევის ადათ-წესი, კულტურა და ეტიკეტი… დაიმახსოვრე!

ეხლა კიდე დავუბრუნდეთ გაზაგხულსა და “ჩინურ რულეტკას”…

მაყურებელი, ხომ იცი როგორია? ღამის სეანსზე უმეტესობა გასართობადაა შემოსული, სანამ ნაყინს ჭამს ჩუმადაა, მაგრამ მერე თუ კიდევ არ ჭამა, ან კინომ არ დააინტერესა, ხომ იცი რაც ხდება… ასეთ ხალხს ყოველ ხუთ წუთში რაიმე ისეთი უნდა ანახო, სისხლი, სექსი ან ცრემლი… ანუ “კინოშნიკურად” თუ არ შემოულაწუნე, ავიწყდება რისთვისაა მოსული… თავისთვის იწყებს რუზრუზს, გუგუნს, ჩურჩულს, სხვებს უშლის ხელს ყურებაში… ჰოდა აქაც იგივე მოხდა… მოკლედ მთელი დარბაზიდან ათი თუთხმეტი კაცი თუ ვუყურებდით კინოს, დანარჩენი კი ტყემალზე იჯდა და გრეიფრუტსა სჭამდა… ზოგი კიტრის მწნილზე ლაპარაკობდა, ზოგი სერვანდზე, ზოგი მოჭერილ ფეხსაცმელებზე, ზოგი ჩათლახ მეზობლებზე. მოკლედ, აირია მონასტერი…

…არის ერთი ზუზუნი, დუდღუნი, ხრუხუნი, ხვიხვინი… კინო თავისას უბერავს, უმეტესი მაყურებელი კი თავისას… დარბაზში ორი ფრონტია გახსნილი… შევრცხვით ფას ბინდერთან, გერმანულ კლასიკასთან, მსახიობებთანაც თავები მოგვეჭრა… ბომბის გავარდნაღა აკლდა აქაურობას და… უეცრად, შუა დარბაზში სკამიდან ვიღაც ტიპი დგება და იძახის:

  • მეოცე რიგში მეთექვსმეტე ადგილას ვინც ზიხარ, პირადად შენ მოგიJან დედის ტრJი!

ხმამაღლა, ყველას გასაგონად აგინებს. გაისუსა ხალხი. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა… ლამის ეკრანიდანაც გამოგვხედეს გაკვირვებულმა მსახიობებმა. ისეთი გატრუნულია ყველა, რომ ტანსაცმლის შრიალიც კი ისმის… ცოტა ხანში რაღაც აზუზუნდა, აფორიაქდა, მერე უეცრად წამოვარდა ვიღაც უზარმაზარი ტიპი, დევისა და ბეჰემოტის ნაჯვარი, გადაჯეგა გვერდით მჯდომები და გამოვარდა ეკრანის წინ. შეაწყვეტინა კინოსეანსი, გაანათებინა დარბაზი და…

  • ვინც სიბნელეში შემაგინა, აბა ახლა ადგეს და შემაგინოს! დამენახოს და ისე შემაგინოს! მე მაგის დედას ჰხმ! მამას ჰხმ! ახლო ნათესავებსა ჰხმ! კეთილებსაც ჰხმ… და კარგებსაც ჰხმ – ჰხმ!

ეს მარტო პირდაპირ არ აგინებდა, ცუდ-უკულტურო სიტყვებს არ ხმარობდა, მათ მაგივრად ახველებდა… თუმცა მაგარი აფორიაქებული კი იყო, სულ ცახცახებდა, მაგრამ ხალხს მშვიდად მიმართავდა. ზოგჯერ “ტყ” და “შც”-ს მაგივრად სინონიმებით სხვა კულტურული იფარგლებოდა:

  • ასეთი გაუზრდელობის კეთილები ვატირე! როგორ არა გრცხვენია შე დედაგაღლეტილო (ეს ჩემგან აუკრეფია)! შე ოჯახ და კარგ მოხნულოო (ესეც ჩემგან წაიღო)!

ძალიან ზრდილობიანად იქცეოდა, თავისი ლაპარაკით არც ხალხს აყენებდა შეურაცხყოფას და არც ფას ბინდერს. შემაგინებელი არ ჩანდა. ათი წუთი გაგრძელდა ეს ამბავი. შედეგი ნოლი! არ გამოდის ის კაცი… ბოლოს ესეც დაიღალა ამდენი ლოდინითა და ძახილით, ხალხიც განერვიულდა, კინოს ყურება უფრო უნდა ვიდრე ამის მონოლოგების მოსმენა…

ჩემი აზრით, ნაღდი მამა-პაპური გინებით რომ დაეწყო, დარბაზიც ნაღდად გაუგებდა და ბოლომდე დაელოდებოდა შედეგებს. შეიძლება “რადი სოლიდარნოსტი” მათაც ეგინებინათ,  მაგრამ ეს არ იგინება, არც ჯდება, არც ის იღებს ხმას. ჰოდა ვახტანგ გორგასალივით აღმართა ხელი და დაიგუგუნა:

  • შენ რომ ვაჟკაცი იყო, გამოხვიდოდი და კაცურად დავილაპარაკებდით… მაგრამ რა უნდა გელაპარაკო ქალაჩუნას! შენნაირ დედაარღნიანზე ხელის გასვრა და კინოსეანსის შეწყვეტა არც კი ღირს და ამდენი ხალხის გაწბილებაც სირცხვილიაო! წავედი. გააგრძელეთ კინოსეანსი და თუ კიდე გაგიბედია, მერე ნახე რაც მოხდებაო!

ჩამოვიდა სცენიდან და მაყურებლის ტაშის თანხლებით დაჯდა თავის 20.16-ზე.

აქ კი გავისხენე ჩემი “აბიაზანოსტი”, ჩავებღაუჯე ყისმათს და დავსჭექე:

  • მიაროჟნიიაიი!

ხალხი შეხტა, მერე აჩოჩქოლდა და შედეგმაც არ დააყოვნა. რიგი დამიდგა “ატსიუდა დო ბაკუ”. მოკლედ კარგად ვივაჭრე, ინციდენტიც ამოიწურა, მაყურებელი ერთ მუშტად შევიკარით და ფილმის ყურებაც ერთხმად გავაგრძელეთ… ცოტა ხანს ყველა გულიანად ვართ კინოს ამბავში ჩართული… მაგრამ მხოლოდ ათი წუთი… მერე ისევ იგივე გრძელდება. აზუზუნდა დარბაზი… აირია მონასტერი… ვიღაც გუშიდელ ამბებს ყვება, ვიღაც ანეგდოტებს იხსენებს, ვიღაც ტორტების რეცეპტებზე ტლიკინებს… “ჭორაობა-მორაობით” გასკდა თავი… უკვე ძაან ხმამაღლა ლაქლაქებენ. “დაჟე” მსახიობებს ჯაბნიან…  კინოს ვეღარავინ უყურებს… ჰოდა, ვხედავ, ვიღაც წითელ “საროჩკიანი”, „პოლის ჯოხივით“ გაჩხიკული, ვასილივანიჩ ჩაპაევივით შედგა სკამზე და დასჭექა:

  • მეოცე რიგში მეთექვსმეტე ადგილას ვინც ზიხარ, ბევრს რომ ტლიკინებ და არაფრის ტრJი არა გაქვს მაინდამაინც შენ მოგიJან ჰიპოპოტამი დედის პრJი!

…აქ ამბავი ატყდა?!

 

1 2 3 4