საით მივდივართ?! მთავარია, რომ მივდივართ. ჭერამი. ყაისი
(კურკა). ყაბახი და ნიავი. ვინ დატოვა ძელსკამზე გაზეთი?!
ნუ ვიხმაურებთ, როგორც იქნა, ჩაეძინა ქალბატონ პრეზიდენტს.
სალამი, ძეგლო! შენ ჩერდები, მშვილდს მოზიდავ და ცისკენ გაისვრი
ისარს, რომელსაც, კიდევ კარგი, არ სჭირდება მაყუჩი (მახშობი).
მე ვიცი, რატომ გაისროლე. ისევ ისვრი. როდესაც მკვარდშობილ
ტყუპებს იხსენებ, ასე შვები. ღობის მიღმა, მოზრდილი და ძველი
შენობა იდგა. დაანგრიეს. მასთან ერთად – დუქანი (სახინკლე).
ბებერი ბოზი (უკაცრავად, სექსმუშაკი.) გვიყურებს: გავძვერით
ღობის ღიობში. ისევ უკან გამოვძვერით და ზემო ბაღისკენ
ავყევით კიბეს. სექსმუშაკი აგვედევნა. მოგვყვება. სამივე
მივდივართ. ზემო ბაღის ბოლოს – ეკლესია. ჩვენთვის არ გცალია,
მაგრამ თუ იცი, მეგობარო, ის თუ იცი, რომ ძია ვანიას
(„არის ასეთი…“) ბულიმია (მგლის მადა) აქვს, ბიძია სემივით
(„არის ასეთი…“). ცრემლსადენი გაზის ჭურვი. მხეცრაზმი. რეზინის
ტყვიები. სისხლი. თვალის დათხრა – წინა ღამით. მას, თურმე, ეძინა.
რაც შენ გეკუთვნის – შენია და შენ გეკუთვნის, არავის არ მისცე,
და თუ გართმევენ, არ დაუთმო, შეებრძოლე. შენ მარტო ის იცი,
რაც იცი, ხოლო ის, რაც იცი: მხოლოდ თვალი დათხრილი თვალის წილ
(ხაზი ჩვენია. – ავტ.); რაც იცი: მხოლოდ სისხლი დაღვრილი სისხლის წილ
(ხაზი ჩვენია. – ავტ.). მიდიხარ…
განმარტებები:
- ბოძზე მიბმული მოტოციკლი „ჰარლი დევიდსონის“ მარკისაა.
- თახა – მეგრულ წარმართულ პანთეონში ომის, ტაროსის ღვთაება, გამგებელი, არია-მარსის შესატყვისი. „თახაშხა“ – სამშაბათი, „თახას დღე“;
- ჯუმა – მეგრულ წარმართულ პანთეონში ნაყოფიერების, მწყემსთა და საქონლის მფარველი ღვთაება. „ჯუმაშხა“ – ოთხშაბათი. „ჯუმას დღე“. ლექსის ლირიკულ სუბიექტს (სტუდენტს) მოსწონს ლექსში მეგრული ელემენტების შემოტანა, რადგან, ავტორის მსგავსად, თვითონაც მეგრელია. ლექსის ლირიკული ობიექტისთვის (ინდიელისთვის) კი ეს ყველაფერი სულერთია.
- ტრაწირაკი – ავტორის მიერ მოგონილი ირონიული ნეოლოგიზმი. შეესატყვისება 16-17 წლის ყმაწვილკაცს. ლექსის ლირიკულ სუბიექტს (სტუდენტს) ეს სიტყვა ძალიან ახალისებს, ლექსის ლირიკული ობიექტისთვის (ინდიელისთვის) კი სულერთია.
- ფიქციაა. ასეთი მემორიალური დაფა თბილისში არ არსებობს. ლექსის ლირიკული სუბიექტი (სტუდენტი) არ მიესალმება ისტორის გაყალბებას და ამ პასაჟს ავტორის მხრიდან უჩვეულო გამომსახველობითი ფორმებით (ამ შემთხვევაში აბრევიაციით) ზედმეტ გატაცებას მიაწერს. მით უმეტეს, რუსეთის იმპერიაში სიკვდილით დასჯის გავრცელებული ფორმა არა დახვრეტა, არამედ ჩამოხრჩობა იყო. ლექსის ლირიკული ობიექტისთვის (ინდიელისთვის) კი ეს ყველაფერი სულერთია.
შენიშვნები:
- ავტორს ლექსის დაწერის ინსპირაცია მისცა უმცროსი დის ნაჩუქარმა, ინდიელების ბაზრობაზე შეძენილმა, სამაჯურმა, რომელზეც მგელია გამოსახული. ლექსის ლირიკული სუბიექტის (სტუდენტის) აზრით უპრიანი იქნებოდა ლექსს ერქვას „ინდიელი ქალაქში“, ხოლო „მგელი მაჯაზე“ ფრჩხილებში იყოს ჩასმული, თუმცა ავტორი პირიქით ფიქრობს და აზრს ვერავინ შეაცვლევინებს. ლექსის ლირიკული ობიექტისთვის (ინდიელისთვის) კი ეს ყველაფერი სულერთია.
- „იმ პოეტისთვის, ჩვენზე ახლა ამ ლექსს რომ წერს და დინჯად ჩინამპა – სტროფებს ამზადებს (სტროფები კი გულგრილობას ვერაფრით მალავენ), და მკითხველისთვის, ახლა ამ ლექსს რომ კითხულობს, ჩვენ არ ვართ არავინ!“ – ლექსის ლირიკული სუბიექტის (სტუდენტის) მიერ დაუფიქრებლად წამოროშილი ეს სიტყვები, ავტორის აზრით, სიმართლეს არ შეეფერება და უმადურობის ნათელი დემონსტრირებაა.
- ამ ლექსის ერთ-ერთი პირველი მკითხველის, ავტორის კონსერვატორი და რადიკალი ძმაკაცის (საფეხბურთო წარსულის გამო დედაქალაქის მოქმედი მერის მოტრფიალის და, ავტორს ეჭვით, მთავრობის ლატენტური მხარდამჭერის) აზრით ლექსში მოხმობილი „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდი „ლიბერასტებისთვის“ და „დედამოტყნული ნაცებისთვის“ კოჭის გაგორებაა და მეტი არაფერი. თუმცა ამას, ცხადია, ავტორი კატეგორიულად არ ეთანხმება.
- ლექსში გაბნეული მინიშნებების გაშიფრვა ავტორს დაკვირვებული მკითხველისთვის მიუნდვია.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ორივე კონტინენტის ინდიელების შესახებ წაკითხული ყველა მხატვრული ტექსტი.
- / 3. კარლოს კასტანედა – „დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა“. „მოგზაურობა იქსტლანში: დონ ხუანის გაკვეთილები“.
- დონალდ ჰირში – „ამერიკის და ავსტრალიის აბორიგენები“.
- დიმიტრი უზნაძე – „განწყობის ფსიქოლოგია“.
- იური ბრაგინსკი – „შამანიზმი“.
- ფრიდრიხ ნიცშე – „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“.
- ენდრიუ ფლაერტი – „ტოტემი“.
- კარლ გუსტავ იუნგი – „ფსიქოლოგია და რელიგია“.
- გური ანთელავა – „კოლხთა და ინდიელთა რელიგიური რიტუალების მსგავსებანი და თავისებურებანი“.
- ბიბლია.
