ვახსოვართ ზოგჯერ მათ – გოგონას და სიყვარულს. პირველი სართულის

ლპობაშეპარულ, განათებულ ფანჯარასთან ჩერდები, მაგიდას

სათვალიანი კაცი უზის, კასტანედას (იყო ერთი) კითხულობს თავიდან

(უკვე მესამედ), ნერვებს უშლის დაბალ ხმაზე მეზობლად ჩართული

რადიო, ზოგჯერ, მოღუშული, გაიხედავს გამყოფი კედლისკენ,

სათვალეს იხსნის, აშტერდება მორყეული მაგიდის კრემისფერ

დერმატინს, ფიქრობს და ვინ იცის, რაზე ფიქრობს. ასცქერი ფასადზე

საყვირებიან მასკერონებს, ტყუპებივით ერთმანეთს რომ ჰგვანან,

ჩამოიარეს ტურისტებმა, კლუბს ეძებენ ან ღამის გასათევ

ჰოსტელს, მიდიან, ყურადღებას არც გაქცევენ. მოშლილი სარბენი

 

ბილიკი გდია ძველი სახლის შესასვლელთან. შენს ერთ-ერთ წინაპარს

სირბილში კაცი ვერ უსწრებდა, ჯიშად მოგდგამს: ქარივით, ან ქარზე

სწრაფად დარბიხარ. ერთად ყოფნის მცირე დროს კი მე ასე ვაფასებ:

იმ პოეტისთვის, ჩვენზე ახლა ამ ლექსს რომ წერს და დინჯად ჩინამპა –

სტროფებს ამზადებს (სტროფები კი გულგრილობას ვერაფრით მალავენ),

და მკითხველისთვის, ახლა ამ ლექსს რომ კითხულობს, ჩვენ არ ვართ არავინ.

ვიღაც ჩერდება სასმელი წყლის შადრევანთან, იხრება, დალია,

გზა გააგრძელა. შენ, რატომღაც, გახსენდება კანოე, ღია ზღვა.

მშვილდს გაისწორებ, უხმაუროდ ცერს ამოკრავ „პეპერის“ ცარიელ

ქილას, და მერე „მაკდონალდსის“ ჩაბნელებულ შენობას მიაფსამ.

 

ტროტუარზე, ბზის ბუჩქთან, გაჭყლეტილი გველი ლპება,

მოშორებით, ხის ძირას, აყენია „ჯიპ ჩეროკი“,

მობილური რეკავს და არც ვნახულობ, ვინ მირეკავს,

რომელიმე ძმაკაცი?! დედაჩემი?! – შეიძლება,

ერთს ჰგონია, რომ შინ ვარ, სულ ტყუილად, შინ რა მინდა,

მეორეს კი ეჭვი აქვს, რომ შინ არ ვარ. ვიგვამიდან

(ანუ, ჩემი ბინიდან) ძალიან შორს წამოვედი,

თუმცა არა იმდენად, რამდენადაც – შენ. რაღაცით

(იქნებ ვცდები), ორივე, ჭადრის შტამბზე ამოკვეთილ

გულებს ვგავართ. ცრიდა და გადაიღო და აღარ ცრის.

 

ჩემს მაჯაზე მშიერი მგელი ყმუის და ყმუილი

(კარლ სოლომონ, მოლოქი!) ჩემში ისმის, და თავს ისე

ფუტუროდ ვგრძნობ – მღვიმე ვარ. თან ვიგონებ ათას მიზეზს,

რომ უკან არ გავბრუნდე, რომ გჭირდები, რომ ტყუილად

არ მოგყვები. იმიტომ არ მოგყვები, რომ სხვა საქმე

არ მაქვს, თუმცა მკიდია, ამ ყველაფერს რას დავარქმევთ,

მე ის ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ და

მჯერა, თითქოს უჩემოდ კარგს ცუდისგან ვერ გაარჩევ

ან პირიქით. და სწორედ ამიტომაც აგედევნე.

სკეიტპარკი. ღრმულები. რას გაგონებს?! სკეიტპარკში

 

წევს უსახლკარო, ისე სძინავს, გეგონება ოტელში ლატექსის

მატრასზე იწვეს. რამდენიმე ტრაწირაკმა4 შეგნიშნა შორიდან,

და წამოვიდნენ, მთვრალებს ჰგვანან, ერთ-ერთი კი გამორბის, მოვიდა.

გარდაუვალი ჩხუბი გველის. შემხვედრია და ვიცნობ ასეთებს:

ცალ-ცალკე ყველა ქვეშაფსია კურდღელია და დიდი გული აქვთ

ერთად შეყრილებს, მოგიმწყვდევენ, მოგდგებიან, გიწვევენ, სრულიად

უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ შარს მოგდებენ. პატარა სირები

ვერც კი ხვდებიან, რა მოელით და ვერც იმას, არაფრით რომ არ ჰგავს

მორიგი „მსხვერპლი“ მათ სხვა მსხვერპლებს, და მოდი და ნუ გადაირევი.

მშვილდ-ისარს, ხურჯინს, და კისერზე დაკიდებულ ასხმულას, ტომაჰავკს,

 

ხელით სინჯავენ, დაგცინიან. მე ვეძახი, ახლაღა შემნიშნეს

და წამოვიდნენ. ვემზადები. საიდანღაც – პატრულის სირენა.

და აითესნენ (ზოგი – საით, ზოგი – საით) პატარა სირები.

პატრულმა სწრაფად ჩაიარა. სიჩუმეა. ვფიქრობ, რომ აღნიშვნის

ღირსია დაფა5 : „ამ ადგილას, 1906 წლის 27

აგვისტოს (ძვ. სტ. 12 ივლისს), დახვრიტეს…“ მოდაში

აღარც დახვრეტა, აღარც კაცი, რომელიც აქ დახვრიტეს, წლებია

აღარ არიან. მაჯა ყმუის. ჩამოჯდები. რას ვიზამ, დაგაცდი,

დავისვენოთ და გზას გავუდგეთ. აქვე არის – არ დამვიწყებია –

გუგულის ბუდე, სადაც უკვე მერვა თვეა წევს ჩემი ძმაკაცი –

 

ტრუსიკის ძმაკაცი, რომელთანაც მაკავშირებს

რაც კი რამ გადამხდა, ყველაფერი – კარგიც, ცუდიც.

თავიდან, რა მექნა, უფრო სწორედ – არ ვიცოდით

რა გვექნა, როდესაც, თეთრ კაბაში, თმაგაშლილი,

მისი და კუბოში იწვა და დის პანაშვიდზე

პირველად გარეკა და ვერაფრით დავამშვიდეთ…

მას მერე, დრო და დრო, წამოუვლის, დააწვენენ,

გაწერენ, და ისევ დააწვენენ. და ვერ ვიტან

მანდ მისვლას. მივედი, ვინახულე ამას წინათ:

– როგორ ხარ?!

– შუქი ვარ, დამარხულთა თვალებიდან

 

მიწას რომ ანათებს და ყოველთვის გაანათებს! –

გაჩუმდა. ჩაფიქრდა. და თვალებზე აიფარა

ხელები, პეშვები. მოსაცდელი. ლოფოფორის

ქოთანი რაფაზე. დედამისის ამანათი

ექთანთან დავტოვე. შენც გყოლია, კარგად იცი

მეგობრის ფასი და სიყვარული, არ დავიწყებ

მოყოლას, თუ როგორ წაიყვანეს წინაპრებმა,

მას შემდეგ სიზმრებში გეცხადება… ტროტუარი.

ბაზალტის კვადრები. ცოლის სითბოს ინატრებ და

მალევე ივიწყებ. რესტორანი. ჩავუარეთ.

 

1 2 3 4