ნაირა გელაშვილის პოეზია პირველად ზვიად რატიანის მიერ შედგენილ ანთოლოგიაში ,,ქართული ლექსი XX საუკუნე’’ აღმოვიჩინე. ,,აღმოვიჩინე’’ შემთხვევით არ დამიწერია. მოგვიანებით, 2020 წელს დაბეჭდილი ორტომეულის ,,თუნდაც ბალახის გამო…’’ კითხვისას აბსოლუტურად დავრწმუნდი იმაში, რომ ნაირა გელაშვილი ისეთივე მნიშვნელობის პოეტია, როგორც პროზაიკოსი.  მანამდე კი მხოლოდ მისი რომანები, მოთხრობები, თარგმანები და ლიტერატურული წერილები მქონდა წაკითხული.

აღარც კი მახსოვს, უკვე მერამდენედ გადავიკითხე ,,მწვანე ჭიშკარი’’, ,,სერსო’’, ,,მივემგზავრები მადრიდს’’, ,,ანტენა. ქალაქი. ნისლები’’, ,,ჩვენება’’.  მოთხრობებიდან განსაკუთრებით ესენი მიყვარს,რადგან არის მათში რაღაც აუხსნელი, რთულად მოსახელთებელი შეგრძნება, იმპულსი, ტონალობა, განწყობა ( სევდის გრადაცია), რისი სახელდებაც, სიტყვებში ,,შეკეტვაც’’ შეუძლებელია. თითქოს, ჟელესმაგვარი სუბსტანცია აქვს და ხელიდან ადვილად გისხლტება ხოლმე.

გავიხსენოთ ,,სერსოს’’ მთავარი პერსონაჟის სიტყვები: ,, ვხედავ საოცრად ძლიერად გამოხატულ მარტოობას, მარტოობის წუთებს. რაღაცნაირადაა დაჭერილი შემოდგომის ფარული ჰიპნოზი, გარინდების, სიჩუმისა და სიმარტოვის ყვითელ წყალში რომ გვძირავს, მონუსხულებივით გვიშტერებს თვალებს.’’

გარინდება, სიჩუმე და სიმარტოვე – სწორედეს ,,ვიგრძენი’’ ნაირა გელაშვილის პოეზიის გაცნობისას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კრებულის ,,თუნდაც ბალახის გამო…’’ ენობრივი რეალობა ერთგვარი მელანქოლიისა და მეტაფიზიკური სევდის (ისევე, როგორც ინტერტექსტუალური ,,ქსელებისა’’ და რიტმის) ოსტატური კომბინაციითაა რეკონსტრუირებული.

პოეტისეულ მეტაფიზიკურ სევდას რამდენიმე ასპექტი განსაზღვრავს. ერთ-ერთი მათგანია თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე დაკვირვების პროცესი. ტოტალური მარტოობა თავის თავში გულისხმობს საკომუნიკაციო ენის მოშლას, ჩიხურ ცნობიერებასა და სულიერ ლტოლვილობას.ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს დრო, კონტექსტი.

კრებულის პირველივე ლექსი ,,ფსალმუნი’’ წარმოადგენს გოდებას, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ცნობილი ტექსტების კულტუროლოგიური დიალოგია და ინტელექტული მკითხველის ჩართულობას მოითხოვს:

 

,,წაქცეულია ჩემი ხალხი,

წაქცეულია

ქალაქში, მტვერში,

მოთუხთუხე ტალახში,

კუპრში…

აღარ მოფრენენ აქეთ ლურჯი ანგელოზები,

აღარ იზიდავთ მათ ნიავი მწუხარებისა,

რადგან აქ ქარნი ხორშაკნი თუ აღმუვლდებიან…

აღარც ტყე ისხამს ფოთოლს, აღარც მერცხალი ჭყივის,

ბებერი ვაზიც ისე მოკვდა, რომ გაზაფხული

აღარ ეღირსა, არ ეღირსა, აღარ ეღირსა…’’

მას, ვინც სიღრმისეულად იცნობს ქართულ ლიტერატურას, არ გაუჭირდება ამ ლექსში გალაკტიონის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ ხუცესის ციტატების ,,ამოკითხვა’’.

პოეტის დატირება ( ანტიკური ქოროს გოდების მსგავსად) კიდევ უფრო შემზარავია ლექსში ,,ღამის ფანჯარა’’, აპოკალიფსის შეგრძნებას რომ ამძაფრებს:

,, რა ყვირილია! ოქროს თევზი თვალებდთხრილი,

ლიპი მაზუთით გაჟღენთილი, იწყევლება და

შვლის ნუკრი ძელზე

მიულურსმავთ, მახვილგაყრილი

სისხლიან დუჟის ნთხევით კვდება. რაც რამ ებადა

ჩვენს ყორალს დედას, შიგანიდან ამოაცალეს:

რძე, სისხლი, ახლა ვიღა უმღერს დაფნა-ებანით?

და ქარიშხალთა დინასტია ზღვებს გადმოანთხევს,

მრისხანე ზიზღით აზელს ბავშვებს, რკინას და შუშას’’

 

 

 

1 2 3