***

ლუდვიგ ლანგენფელდი რაინერ მარია რილკეს შესახებ საუბრისას აღნიშნავს: იგი ,,სეისმოგრაფივით წინასწარ გრძნობს და აღნუსხავს საერთო უგუნებობას, საყოველთაო კეთილდღეობის უმტკიცობას, განსაკუთრებით კი ბიურგერული ცხოვრების სიმყარის მოჩვენებითობას.’’  სწორედ ეს ციტატა გამახსენდა ნაირა გელაშვილის შედევრის ,,რეკვიემი აივნებიანი ქალაქისათვის’’ კითხვისას.

ჯერ ლექსის საერთო ტონალობას და განცდის მტკივნეულ სიმძაფრეს დავაკვირდეთ:

,,ხალხი, რომელმაც დააგროვა ესევითარი

სიმახინჯე და უგვანობა, გამაგებინა,

სად მიდის ნეტავ, როცა დაჰკრავს არყოფნის ზარი,

რომელ გაყინულ პლანეტაზე დაიდებს ბინას?

 

როდესაც ვამბობ სიმახინჯეს, ვგულისხმობ სახლებს,

უპირატესად: მონსტრ- კორპუსებს, უსახურობა,

რომელთა ლახვრად თავად სახიერს.

 

გადაგვარებულ ხუროთმოძღვარ – კირითხუროთა

ეს ნაშიერნი ჩვენზე დიდხანს დარჩებიან აქ –

დედამიწაზე, ჩვენს ქალაქში, რათა ეთერი

დიწყლულონ და დიდებიან-ბავშვებიანად

დაასნეულონ თითქმის ყველა, ვინც მათ შესცქერის’’…

აქ ერთი საგულისხმო დეტალია გასათვალისწინებელი: ნაირა გელაშვილის პოეზიაში ორი ტოპოსი – ქალაქი და სოფელი გვხვდება. პოეტის მსოფლაღქმის ორი პოლუსი (ამ პოლუსთა მახასიათებელი ნიშნები) კი სწორედ ამ ორი სივრცის სახითაა წარმოდგენილი.

ურბანისტული ლექსები ( პირობითად, რექვიემები ბეტონის და მეტალო -პლასტმასის ჯოჯოხეთიდან) ხუთვის, კლაუსტროფობიის, მიუსაფრობის, უმწეობის შეგრძნებებს აჩენს, ხოლო სოფლის პასტორალური გარემო კი დაკარგული ჰარმონიის აღდგენის ილუზიას.

ლექსი ,,ჰამაკში’’ ასე იწყება:

,, აი, დღე სრულყოფილი –

თბილი ოქროცურვილი,

31 ოქტომბერს დავიმახსოვრებ ასეთს:

ნელი რწევა ჰამაკში,

თვალის სხივთან თამაში,

მზის ფოთლებში გავლა…’’

 

ახლა კი დასასრული ვნახოთ:

,,გულის ნათელს ვერა რევს,

მზენარევი, მთვლემარე

ნაღველის მარმაში… ‘’

აქ ნაღველი მთვლემარეა, ხოლო პოეტი კი გარინდებისა და ჭვრეტის მდგომარეობაშია. ქალაქის აღწერისას კი ლექსის ენობრივი ქსოვილი დაჭიმულია, თანაც ისეთი განცდა გეუფლება, ,,ყველაზე ტკივილზე სისხლით რომ რეაგირებ, ყვირი და პირში გამათბობლის სპირალები გეგრიხება’’ (ლია სტურუა).

ერთ-ერთ ლექსში ქარი ბავშვის ტანსაცმელს ისე აფრიალებს, ,,ვით განწირულ, ფერად ოცნებებს’’, ხოლო აგურის კედელს მკვდარი სუროს ქსელი აჰკვრია. განწყობაც შესაბამისია: სევდიანი, ოღონდ ნაირა გელაშვილისეული სევდა მეტაფიზიკურია, რაც ყველაზე მძფრად რელიგიური სიუჟეტების ,,დამუშავებისას’’ იგრძნობა. გავიხსენოთ თუნდაც პოემა ,,სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარებისა და ნუგეშის შესახებ’’:

 

 

 

1 2 3