ზემოთ, ერთგან კასკადი ვახსენე და, აბა, ამ კასკადს დააკვირდით: „კოჯრის ტყის სიზმრების” მუსიკალური კალეიდოსკოპი თავს უყრის ქალაქურ ფანოღს, ვალსს, აზიურ შალახოს”, რუსულ რომანსს, ევროპულ საოპერო კლასიკას (ლეონკაველოს „ჯამბაზები”), ლათინოამერიკულ რიტმებს („ლა კუკარაჩა”), ზანგურ ფოლკლორს აღარ ვიტყვი და, გოსპელითა და სპირიჩუელსით ნაზავ საშობაო ჰიტს. გერშვინისეულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ჯაზს ელლა ფიცჯერალდისა და ლუი არმსტრონგის რეპერტუარიდან, გაჯაზებულ „ყავავილების ქვეყანას”, გარეკახურ „მრავალჟამიერს” მთელი თავისი ქართულ-რუსულ-გერმანულ-ფრანგულ-ინგლისურ-იტალურ-ესპანური „პოლიგლოტიზმებით”. და კიდევ: იმ საბჭოთა აკრძალვებისა და ტაბუების ათეისტურ ეპოქაში (1978 წ.) ასე როგორ, უკაცრავად სლენგისთვის და, „დაიკიდეს” პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფაქტორები?! როგორ შესძლეს პრეზენტირება, როგორც ხეჩო იტყოდა „ამერიკანცუზების”, ბურჟუა-კაპიტალისტებთან იდენტიფიცირებული ჯაზ „Star”-ების, ანდა მთელი რიგი საშობაო პასაჟების:

(ხეჩო – მარხვა არ უნდა გაგვეტეხა, მარხვა, სულ იმ შემწვარი ორაგულების ბრალიაო.

კნიაზი – Да, причем тут жаренные рыбки, когда я слышу такие ნარნარ-ные голоса!).

ნუთუ მუსიკალური რედაქტორის პოზიციაზე მანანა შევარდნაძის ფაქტორი ესოდენი ინდულგენცია იყო?!  აბა, ერთი დღევანდელ ჩვენს თავისუფალ-დემოკრატიულ ეპოქაში არ გაეწიოს ანგარიში ჩვენი კეთილის­მყოფელების მოთხოვნებსა და დირექტივებს!!!

ბატონ რეზოზე ჩემი პირადი მოგონებებიც მაქვს და რამდენიმეს აქვე გავიხსენებ:

… თეატრის მოღვაწეთა კავშირში თავმჯდომარის მისაღებში რეზო გაბრიაძე გიგა ლორთქიფანიძეს ელოდა. მას კი თათბირი ჰქონდა. ბატონი რეზო თავს იქცევდა. რაღაც ჩამრთველიან მსუბუქ კონსტრუქციას ათამაშებდა. ჩართავდა და ისიც მყისვე თავქუდმოგლეჯილი ბზრიალებდა, დახტოდა, კანკალებდა. გაღიმებულმა შემომხედა და მითხრა:

– მიტინგის პერსონაჟივითაა (თბილისში მაშინაც გაგანია მიტინგომანია მძვინვარებდა)! – იცი, მოსკოვის დასუფთავების სამსახურის შეფი ჩემი ძმაკაცია. დავალებული აქვს მენაგვეებისთვის, რომ ასეთი უცნაური ნივთები და დეტალები მომიგროვონ. იცის, თეატრში რომ მჭირდება (სხვათა შორის, გადაყრილ ნაგავში ძალიან ბევრ საინტერესოს პოულობდა თავისი კოლაჟებისთვს სერგო ფარაჯანოვიც!)!

ამ დროს მისაღებში ჩემი და თამილა შემოვიდა. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ბატონი რეზო გადაიბადრა, თმებზე ნეტარებით მოეფერა და უცებ:

– გეხვეწები, მომაჭრევიე რა პაწა! კუკლიზა მინდა! მაკრატელი არ გაქვენ?..

ბაკურიანში, შემოქმედებითი ახალგაზრდობის სიმპოზიუმზე გიზო ჟორდანიას ჯგუფმა გაბრიაძის „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (ცაგარელის „ხანუმას” პარიზული ვარიაცია) ჩამოიტანა. ეს ენით აუწერელი მოვლენა იყო. აბა, როგორ ავხსნა დარბაზის რეაქცია? მაყურებელი – თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად – ლამის იატაკზე გორავდა: იდგა ნონ-სტოპ ჰომერიული ხარხარი, კივილი. რაღაცაზე გაცინება მომდევნო სასაცილო ეპიზოდამდე არ ცხრებოდა. როცა იმ მომდევნო რეაქციაზე გადადიოდი, გახსენდებოდა, რომ ჯერ წინა სიცილი არ მოგითავებია და რეაქციას „უკან ახვევდი”. ამასობაში ახალი რეაქცია წამოგეწეოდა და იმასაც უნდა დაწეოდი.

მოკლედ, მთელს ამ წაღმა-უკუღმა რეაქციულ დომხალში სიცილისაგან დაჭიმული მუცლის კუნთები გიჭერდა და იმავდროულად ტკივილისგან ცრემლადაც ღვართქაფებდი. მე ასეთი რამ არც მინახავს და არც განმიცდია. მთელი დარბაზი დაოსდა.

და სპექტაკლის პერსონაჟები?!

ქეთინო აბულაძისეული პარიჟანკა საცოლისაგან შეგულიანებული (– შენი სიყვარულისა და გმირობის დასამტკიცებლად, აბა, გადაცურე ლამანშიო!) მამუკა კიკალეიშვილის მარშალ დე ფანტიე, ეს თათქარიძესავით ჩოხა-ახალუხიანი უმსუქნესი და თანაც პირწმინდად გაკოტრებული „ფრანტი” როდი იბნეოდა. გამოსავალის დასტურად საოცარი გრაციოზულობით მყისვე “შპაკატში” ჯდებოდა. და ამ ყველაზე საკვანძო მომენტში უეცრად შემოგელვდებოდა პარიზს ვერშეგუებული, სამშობლოზე ნოსტალგიამორეული, მატარებლის მემანქანე ზურა სტურუა:

– კნიაზი, კნიაზი, კნიაზი, არ წევიდოთ (საქართველოშიო)?!

აქ უნდა გენახათ სატრფოს პასუხისა და მისი მზითევის მომლოდინე, „შპაკატში” გახეული მამუკა კიკალეიშვილ-კნიაზის ცალყბად ღიმილგადაკრული მუქარა:

– Я тебя сейчас из Парижа выстрелю прямо в Авлабар!…

სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მარტო ჩემი უსაყვარლესი (მაპატიეთ მიკერძოებულობა) მარიონეტული მულტფილმი „კოჯრის ტყის სიზმრები” რად ღირს. რად ღირს დეპეშით მონათლული ელამი ხეჩო და მისი უხილავი სატრფო – კომუტატორშა რაია. რად ღირს თოვლიან კოჯრის ტყეში ცალი თხილამურით საშობაო ჯაზ-კონცერტზე მიმსწრაფი მოღიღინე თავადი. ცალი თხილამური ხომ ერთგვარი გათამაშებაა ქრთულ ისტორიულ კინორეპლიკასთან („დაკარგული სამოთხის” ცალ-ცალ ჩექმასთან)! აი, მოღიღინე კნიაზი ღიღინშიც კი ნიუანსურულად მეტად დელიკატურია (მეზობლის მამალმა მეზობლის დედალი რამ-ტა-ლა-ლა-ლა! ანუ მეტი დაკონკრეტების უფლებას შინაგანი არისტოკრატიზმი არ რთავს). რად ღირს სტუმრად მიწვეული ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის კოლორიტული წყვილი! თუნდაც, ელას მძლავრ გავაზე მოფარფატე პეპელა, ორთავიანი კუ – გივი ბერიკაშვილის იმიჯით, ეროსი მანჯგალაძის, რამაზ ჩხიკვაძის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის, რუსლან მიქაბერიძის, ამირან ბუაძის, იმავე ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის დაუვიწყარი ტემბრები! ხოლო რეპლიკები?!

 

 

1 2 3