ამთავითვე დიდ ბოდიშს ვიხდი პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ჩემი ამ წერილის რუსული პასაჟებისთვის, მაგრამ ეს გაბრიაძის შემოქმედების სპეციფიკამ და მისი დროის ანაბეჭდმა განაპირობა.

 

23 ივნისს რეზო გაბრიაძეს 85 წელი შეუსრულდა. ამ იუბილეს ვერ მოესწრო. თუმცა, ბედისწერამ ეს განაცდური ამაღლება დღეს მთაწმინდაზე მარადიული ამაღლებით გაუქვითა.

სიმაღლე და აღმაფრენა მისი შემოქმედებითი ბედისწერა იყო, მისი სააქაო სამყარო. პროფესიონალი პილოტი და მოხალისე თვითნასწავლი მფრინავები; საერთაშორისო ავიალაინერი, პერიფერიული პეპელა-ვერტმფრენი, კუსტარული ცათმფრენი. ასაფრენი საწვავი – სიყვარული (რუსთაველით შთაგონებული – სიყვა­რული აღგვამაღლებსო). აღმაფრენის ფორმულა – მეცნიერებით განმტკიცებული (mc2  თავისი პლიუს-მინუსებით). ჰოდა, ამ ფონზე აღმაფრენას მართლაც რაღა შეაჩერებდა (– ხომ გითხარი, გაფრინდებიან-თქო, შე გალსტუკიანო!)! და მთელი ეს აეროდინამიკა განგების ძალით სწორედ ამაღლება დღით დაგვირგვინდა!

ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, „ჩიპუხა” და „ერუნდა” მიტაცებსო. ხელოვნების მაღალ სტანდარტებზე აწეული ეს გამაღალფარდოვნებული „ჩიპუხა-ერუნდები” ამ უჟანრობის ეპოქაში ერთგვარ ცხოვრებისეულ ჟანრად აქცია. მაგიურ, ზღაპრულ, ჯადოსნურ სამყაროდ გარდაქმნა.

რაკი ისე მოხდა, რომ გაბრიაძის მიერ გამნიშვნელოვანებული უმნიშვნელობებით დავიწყე, იმასაც ვიტყვი, რომ, ასე ვთქვათ, შაყირის, წაკაიფების, ანგლობების დიდოსტატიც იყო. ჩემს საყვარელ მულტფილმ „კოჯრის ტყის სიზმრებში” არის პასაჟი, როცა კნიაზი თავის „ლავ სთორს” იხსენებს (გამჭვირვალე პარალელს თავად ჩაავლებთ):

– ეს იყო პეტერბურგში. Институт благородных девиц. Она сидела между греческой колонной и этрусской вазой, а в углу стоял рояль – вишневый “Бухбиндер”. სინამდვილეში როიალების მწარმოებელი ფირმა „ბუხბინდერი” არასდროს არსებულა. უბრალოდ, ამ მაღალფარდოვანი შაყირით მეგობარი ცოლ-ქმარი მოიკითხა. გურამ საღარაძესა და ტანია ბუხბინდერს წაეკაიფა.

რაკი პირველად იყო სიტყვა, შესაბამისად, პირველად იყო გაბრიაძის არაჩვეულებრივი ლიტერატურა და მისი საოცარი სცენარები. და რომ არ ყოფილიყო?! დრამატულ თეატრში არ იქნებოდა „ჩემი პატარა ქალაქი”. კინოსამყარო დაკარგავდა „შერეკილებს” და „არაჩვეულებრივ გამოფენას”, დაკარგავდა „არ იდარდოს”, „მიმინოს”, „ქინ-ძა-ძას”. დაკარგავდა „ფეოლას”, „სერენადას”, „პასპორტს”, „პეპელას” და სხვა სრულ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მულტიპლიკაცია დაკარგავდა „საზამთროს”, „კოჯრის ტყის სიზმრებს”, „ჰარი, ჰარალეს”. მარიონეტული თეატრი დაკარგავდა „ალფრედი და ვიოლეტას”, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომას”, „რამონას”, „სტალინგრადს”. მთელი ეს ჩამონათვალი საოცარი მაგნიტიზმით არ მიიზიდავდა მიხეილ თუმანიშვილს,  ელდარ შენგელაიას, გია დანელიას და კიდევ სხვებს. არ იქნებოდა მსახიობთა ვარსკვლავური კალეიდოსკოპი. არ იქნებოდა ქართული კინოს ნამდვილი აღმოჩენა – ვასილ ჩხაიძე. არ იქნებოდა ყანჩელის ბრწყინვალე კინომუსიკა, რამაც იგი ენიო მორიკონესა და ნინო როტას თამამად გაუტოლა. ანუ, რომ არა გაბრიაძე, როგორ გაღარიბდებოდა კულტურა!!!

უბადლო იმპლანტატორიც იყო. რის თორნთონ უაილდერი, რაის პირანდელო?!  ეს თავდაპირველი ავტორები რომც არ გცოდნოდათ, „ჩემი პატარა ქალაქისა” და „ქვევრის” ნახვისას, ოდნავი ეჭვიც კი არ გაგკრავდათ მათს არაორიგინალურ და არაორგანულ ქართულ წარმოშობაზე.

 

გაბრიაძისდარი მრავალმხრივი ნიჭიერება მართლაც იშვიათია. ალბათ მასზეა ნათქვამი, მამა ღმერთმა შუბლზე თითი დაადოო! და მანაც, საბედნიეროდ, უფლის ეს ინვესტიცია სრული ამონაგებით გაანაღდა: მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე, სცენოგრაფი, კოსტიუმების შემქმნელი, მუსიკალური გამფორმებელი, წიგნის ილუსტრატორი, მეთოჯინე, არაჩვეულებრივი ორგანიზატორი, თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, უსაინტერესოესი რესპონდენტი და მოსაუბრე (ქართულადაც, რუსულადაც), მოუსვენარი მაძიებელი, უბადლო იუმორისტი, ენაკვიმატი, ფანტაზიორი. და კიდევ ინიციატორი, ინიციატორი, ინციატორი! მოკლედ, რენესანსული პიროვნება! ამ ყოველივესთან ერთად იღბალიც დაჰყვა. აქაც და უცხოეთშიც ბრენდად იქცა, ჩვენს სავიზიტო ბარათად! ფესტივალები, გასტროლები, გადაღებები, დადგმები, პრემიები, ჯილდოები. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ გაბრიაძე ავტორია „ჩიჟიკ-პიჟიკისა” და გოგოლის „ცხვირის” ძეგლების. ოდესაში იქაური ანეკდოტების მთავარ გმირ  რაბინოვიჩსაც დაუდგა ძეგლი. მოქანდაკეობა დიპლომიანი სკულპტორის, ვალიკო მიზანდარისგან ისწავლა, რომელსაც, რომ გაუჭირდა, საფლავების ძეგლებს მიჰყო ხელი. სწორედ იგია აგული ერისთავის პროტოტიპი.  სხვათა შორის, ცნობილმა კაპლერმა, ვისთანაც გაბრიაძე მოსკოვში სწავლობდა, „არაჩვეულებრივი გამოფენის” სცენარი დაუწუნა სტუდენტს – როგორ შეიძლება დიპლომიანი სკულპტორი საფლავების მოქანდაკე იყოსო (თავად კაპლერი, თავის დროზე სტალინის სიძე გახლდათ – სვეტლანა ალილუევას ქმარი). მადლიერმა გაბრიაძემ მასწავლებელს ამაგი კიდევ იმითაც დაუფასა, რომ მისი სახელი და გვარი (ვალიკო მიზანდარი) უკვდავყო – „მიმინოში” მთავარ გმირს დაანათლა.

სხვა დანარჩენთან ერთად, საგულისხმოა გაბრიაძის ერთი  განსაკუთრებული თვისებაც: რაიმე ძალიან მშობლიური ან სულაც უმნიშვნელო პოზიციიდან კლასიკურ სიმაღლეზე ატყორცნის, თითქოს რაღაც დაუკავშირებელთა დაკავშირებულ უკიდეგანობაში ასხლტომის ნიჭი, რასაც პაროდირებული ასოციაციით, პარალელით, გათამაშების კასკადებით ახდენს. საბოლოოდ კი, საკაცობრიო არტეფაქტებთან ამ ტანდემებითა და კლასიკასთან შეხუმრებების „კოკისპირული თავსხმით” მარტივის გადიადებას აღწევს. იგივე ყვავი ნევერმორა მარიონეტული „ალფრედი და ვიოლეტადან” (პარალელი ჯუზეპე ვერდის „ტრავიატასთანაც”), ედგარ ალან პოს პოეტური „ყორანის” უმცროსი სეხნიაა.  ნასტუდენტარი ფიზიკოსი ბიძია-ბაბუა („შერეკილები”) დიუმას „მონტე კრისტოსეული” აბატი ფარიას  ქართული ვარიაციაა. ცოლახეული პროვიზორი ზემელი („კოჯრის ტყის სიზმარი”) თავის უბედურებას ლეონკაველოს „ჯამბაზებიდან” კანიოს არიით მოთქვამს. რეკონსტრუირებულ თეატრალურ მოედანზე მარიონეტების თეატრის ბიჯგშედგმული საათის კოშკი პიზის კოშკის გამოძახილიც არის და ავარიული ძველი თბილისისადმი სოლიდარულად კარგად შენ­ჯღრეულის ეფექტს ახდენს. „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაში” (1973 წ.) არის ასე­თი პასაჟი: კაფე „ელეფანტში” ცოლთან კონსპირაციულ-დისტანციური პაემნის მომლოდინე შტირლიცს ნასვამი მათემატიკოსი ფრაუ აეკიდება – В любви я Эйнштейн-ო. ესოდენ საკვანძო მომენტში შემოხეტებულ აბეზარ ქალს შტირლიცი თავიდან იშორებს: გარეთ დამელოდე,  Иди, начертай там пару формул-ო. არადა, გაბრიაძეს აინშტაინი („შერეკილები”, 1968 წ.) სიყვარულის „უმაღლესი მათემატიკის” სივრცეში ლიოზნოვაზე ადრე შემოჰყავს და თან როგორ შემოჰყავს!!! საბოლოოდ მთელს ამ „შპილკა” ხუმრობებს რაღაც ფილიგრანული, ჩეხოვისეული სევდაც მსჭვალავს (კითხვაზე, პიესებს კომედიებს რატომ არქმევთო? ჩეხოვი პასუხობს: – Пускай, играют как комедию, а грустно все равно будет!). აბა, სხვაგვარად როგორ გავიაზროთ „არ იდარდოში” სერგო ზაქარიაძის მიერ გადახდილი ქელეხი. ამ საწუთროსთან სააქაოშივე გამომშვიდობების აქტი.

 

 

1 2 3