
– Уж, арфа сломана, аккорд ещё рыдает! – ოხ, რაია, რაია, ჩემი გულის ცენტრალნაია!; – ვახ, ჩემი სატრფო იაშჩიკი გამხდარა! – მიდი, მიდი, ლუიჯან, შეუბერე, თოვლი დადნება, ია ამოვა და ელას მივართვათ! – მერედა, ეს ატლანტიჩესკი აკეან როგორღა გადმოლახესო?! და მყისვე ხეჩოს პასუხი: – პა კურე, კნიაზჯან, პა კურე!!! ვერ დავივიწყებთ ხომალდს სახელად „ Порт Авлабар”. ვერც ცოლის ბიუსტჰალტერზე ჩამომხრჩავლ პროვიზორ ზემელს. ვერც თოჯინა-მაჩო ზელიმხანს სომბრერო ქუდითა და მასტროიანისეული „სტრელოჩკა” ულვაშებით, რომლის შემხედვარე პროვიზორშას მძლავრი მკერდი მძლავრად უტოკდება. ვერც ფანტიევის წოდებრივი გეოგრაფიის ამპლიტუდას დავივიწყებთ (Князь Нахичевано-Альпийский). ან ეს რამ დაგვავიწყოს: „А Элада? А Ватерлоо”! – Это все фельдмаршал Эндроников! – სულ მაგისი შტუკებია.
და კიდევ ჯაზი, ჯაზი, ჯაზი და კიდევ და კიდევ ანგლობები…
თუნდაც, ყვავი ნევერმორა როგორ დავივიწყოთ მარიონეტული “ალფრედი და ვიოლეტადან!!! არასდროს მოგვბეზრდება და ვერასდროს დავივიწყებთ მის ტიპაჟებსა და ფრაზებს: დიმიტრი გელოვანსა და ვალოდია ჯინჭარაძეს, არისტოფანს, პიკასოს ბიჭს! ვერც საკვანძო რეპლიკას: „В этом гостинице я директор!” ვერც „აბი გლუკოზას”, ვერც „ამპრედუზო, მედუზოს!”. ვერც გლაფირა ოგურცოვას – „Печорин эгоист, но страдающий эгоист!”; ვერც საპურმარილოდ შეღერებული პატიოსანი მოხუცის ფრაზას: „– პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვა”. ვერ დავივიწყებთ „უბედური” აკიმის მაკვარანცხობას, როცა ჩახდილი ტრუსით შიშველი ნატურის პოზას იღებს და ამ შეუვალი არგუმენტით „ადუღებულ” პიპინიას გაანეიტრალებს: „– მე და მამა ვმუშაობთ!”. აბა, როგორ დავივიწყოთ ჩვენს ვალებით გადამძიმებულ მწარე ცხოვრებაში მიზანა ბრეგვაძისეული ეგზოტიკური ვალების გასტუმრების აქცია. რა ვუყოთ ფრაზებს: „– Тогда сам подбирай коллор и сам крась!”, “– Ларису Ивановну хочу!”, “– Сначала подумай, потом говори”, “– Я тебе один умный вещь скажу, только ты не обижайся”, ” – Этот ГАИ совсем не уважает, и права отнял и машину”. ყველას და ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია!!!
პირადად მე ვერც იმას დავივიწყებ პანდემიამდელ ტურისტულ ბუმში ძველი თბილისის ქუჩაბანდებს შესეული ტურისტები ყოველ ნაბიჯზე სასოებით რომ მეკითხებოდნენ: – Как пройти к театру Габриадзе? ვერც კაფე “არ დაიდარდო”-ს “მერიაშკებიან” ფითქინა თეთრ ფარდებს დავივიწყებ. არც თეატრალური მოედნის გაბრიაძისეული ოაზისი მიეცემა დავიწყებას, ასოციაციურად პირადად მე გენიალური სერგეი ობრაზცოვის სამყაროსაც რომ მახსენებს და ამ ორი გენიის ერთდროული გახსენება სწორედაც რომ მსიამოვნებს…
ბოლოს მთაწმინდის რესტორანში ვნახე ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსის გამოსამშვიდობებელ მეტად ხალხმრავალ წვეულებაზე. დაგვიანებით მოსული მარტო იდგა და თვალებით ვიღაცას ეძებდა. მოტეხილი მეჩვენა, დამძიმებული, ასაკს თავისი გაეტანა. ხელმკლავი გამიყარა, დამეყრდნო და მთხოვა:
– სანდრა (ელჩის ცოლი) მომაძებნინეო. თან მომიკითხა:
– რა ქენი ბოშო, ვერაფერი ქენი?! რა გაჩნდი ამფერი უფხო და დაბდური?! ვერ ხედავ, თქვენები შნო და მარიფათში ბანაობენ.
მინდოდა მეთქვა, „В семье не без урода-მეთქი”, მაგრამ გადავიფიქრე:
– რა ვქნა, ეტყობა მეც „ჰაი ტარაკუმემ” ნაცია! და დავრჩი ასე დაუბანელი!
გულიანად გაიცინა, თავი გადააქნია და მითანაგრძნო:
– პაწა ჯანი რომ მომცა, ნაღდად დაგიდგებოდით. Попытался-бы снять вас с крючка. Клянусь, жалко, ну!
ამასობაში ქალბატონი სანდრაც ვიპოვეთ. ბატონი რეზო გადავკოცნე (სად იყო მაშინ კორონა!) და გამოვემშვიდობე. თურმე, სამუდამოდ!!!
სამწუხაროდ, ისიც წავიდა! წავიდა და ამ სიძულვილით, აგრესიითა და ნეგატივებით აღსავსე დროში დაგვიტოვა დროდადრო ჩვენს ბავშვობაში მიმაბრუნებელ ამბებად, კადრებად, სცენებად, პერსონაჟებად და რეპლიკებად დაფრქვეული უსაზღვრო პო-ზი-ტი-ვე-ბი!!!
მარინა ბუზუკაშვილი
