***

 

მთის ფერდობზე მივძვრებით.  შორს პატარა სამრეკლოა თუ ნანგრევი. გზას ანთებული ასანთის ღერით მივიკვლევთ. სოფელი განათებულია, ყოველი კარ-მიდამოს ერდოზე ნათურა ციმციმებს. სოფლის გარეთ კი უკუნია და ჩვენც ამ უკუნში მივყვებით ბილიკს. როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა ქვის ნაგებობამდე, რომელშიც წელში თუ არ მოიხარე, ვერ შეეტევი. ნანგრევის წინ ცეცხლს ვანთებთ და ვთბებით. ღამის ნიავი დაქრის ფერდობზე, ტყიდან წამოსული  ნიავი ედება დაბალ ხეებს, ძეძვებს, ასკილის ბუჩქებს და ნაღვერდლებს აღვივებს. ლიტრიანი ბოთლიდან არაყს ვისხამთ და სულმოუთქმელად ვსვამთ, მერე ცეცხლთან ვსხედვართ და სოფელს გავყურებთ. ირგვლივ სიბნელეა, მაგრამ ამ სიბნელეშიც ვარჩევთ რკინით შემოკავებულ ფართობს, ძირს დაგებულ ქვის ფილებს და ალაგ-ალაგ წამომართულ ლოდებს. აქ ალბათ სასაფლაოა. ეს სოფლის სასაფლაოა, სადაც ამ სოფლის მკვიდრები განისვენებენ. მათ დატოვეს თავიანთი ეზო-კარი, თავიანთი მილეული ნათურით განათებული ერდოები და აქ დაიდეს საუკუნო სამკვიდრებელი. მე და ზაზაც აქ ვართ, მათ გვერდით ვწევართ და უკვე საძილედ ვემზადებით. ქვის ნაგებობაში გლუვ ფილებზე ვწვებით და ვიძინებთ. ძილში ჩაგვესმის, თუ როგორ დაძრწის ჩირგვებში ნიავი, როგორ დასუნსულებს ქვებზე უპატრონო ნაგაზი, აქვე, შორიახლოს მგელი თუ ტურა საკბილოს ეძებს, საფლავის კიდეებს ყნოსავს, მიგდებულ რკინის ფირფიტას თუ კონსერვის ქილას წამოედება და მიათრევს. ძილში ჩაგვესმის ეს ხმა, ეს ფრუტუნი და გვაფხიზლებს. ვაითუ, ვინმე წამოგვადგეს თავზე, ვაითუ, ნადირია, რომლის მოგერიებაც არცთუ ისე იოლია, იქნებ ჯერ კიდევ დიდი დროა გათენებამდე და იქამდე ვეღარც კი გავატანოთ… ჰაერში სიცივესთან ერთად შიშის ზაფრა ტრიალებს, თითქოს ავისმომასწავებლად არის სიბნელეში გაღვრილი.  და აი, ამ დროს გამოძვრები დამზრალი და შეციებული იმ ნაძრახი ქვის ნიშიდან, ჯერ უბადრუკ ნაცეცხლარს დახედავ, მერე კი ცისკენ აღაპყრობ შენს ასევე უბადრუკ მზერას და გაოგნებისგან ერთ ადგილზე ქვავდები. ასეთი რამე არც მანამდე გინახავს და არც მერე: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა!  სწორედ ასეთ ცის თაღზე თქვა იმანუელ კანტმა, ორი რამ მაკვირვებსო, – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ადამიანში. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და თვითონ ადამიანი, ადამიანი თავისი მუდმივი ტანჯვით, ვინაიდან მხოლოდ ტანჯვის ფასად შეუძლია მას თავის უბადრუკ თავს აღემატოს და მორალურ კანონს მოეპოტინოს, როგორც წყალწაღებული ხავსს… ჯერ ცას ვათვალიერებ მონუსხული, სადაც ვარსკვლავებს შორის ადგილიც კი აღარ არის ვარსკვლავისთვის დარჩენილი, მერე სოფლისკენ ვიყურები და სახლის ერდოებზე მოციმციმე ნათურებს ვაკვირდები. იქ ადამიანები ცხოვრობენ და თავიანთ ჭირს და ლხინს  რომ მოილევენ, აქ ამოდიან, ამ მთაზე, ამ ნარაიამაზე, აქ განაგრძობენ თავიანთ იმქვეყნიურ არსებობას მნათობებით გადაჭედილი ცის ქვეშ. იმისთვის, რომ მათი საწუხარი ამოიცნო, მათივე სახლის ერდო უნდა გადალახო და შეხვიდე მათ ცხოვრებაში. მე კი ისევ ქვის ნიშაში ვბრუნდები, ვწვები და ვიძინებ, განათებული ცა მესიზმრება.

 

***

თენდება. რიბირაბოა. ეზოებში გამოსული სოფლის მოსახლეები ირჯებიან და რკინის წკარუნი გაისმის. ეს გაზაფხულის ხმაა, გაზაფხულის ჩქამია. ჰაერში ღამის სუსხი ღვივდება და სოფელს თავზე სითბო ეღვრება.  მზე უკვე ამოიწვერა და გაანათა ფერდობებზე შეფენილი კორომები.  ზაზა ნაღვერდალს ქექავს და დილის საუზმეს აწყობს. ტყიდან მაწანწალა ნაგაზი გამოიძურწება, ერთხანს ჩერდება და გაკვირვებული გვაშტერდება, მერე სოფლისკენ მისუნსულებს. მე საფლავებს ვათვალიერებ. საფლავის ქვებზე ლექსებია წაწერილი. ზოგჯერ უბრალო ფრაზაა ამოკვეთილი: „ვიცხოვრე, ვიყავი, ვიჯახირე“- ბულბულა; „დამილიე შესანდობარი, შენი კვნესამე“ – ანთიმოზი; „ცხოვრება გრძელი მეგონა, მოკლე გამოდგა“ – ოროველი; „დამეწყრილ დაღმართს დავუყევი, ხევში ჩამიყვანა“ – კუსუნა; „ბედი გამიწყრა, მეტი ვერა გავაწყვე-რა“ – გოგია;  „ეხლა საით წავიდე, აღარ ვიცი“: – მახარე; „გზაზე გამოველ, გზა ვერ ვიპოვე“ – კოლა;  „მილხინე, უფალო, მე, ცოდვილსა“ – ჯიღაანთ ვანო…

ერთ დაღრეკილ დრო-ჟამისაგან ამოჭმულ საფლავის ქვაზე ოკრობოკრო ასოებით ლექსია ამოტვიფრული:

სიცოცხლე ტკბილი მეგონა,
თურმე ყოფილა ტიელი,
ეხლა მე  აქ განვისვენებ,
სადაც ანთია იელი.

სხივებს სიცხოველე ემატება. ასკილის დამზრალი ბუჩქები ღვივის და დილის ნიავქარისგან ოდნავ ირხევა. კარ-მიდამოებიდან უფრო და უფრო მკვეთრი ჩქამი აღწევს. აქა-იქ გადაძახილიც მოისმის. სოფელი იღვიძებს და შეშუპებულ თვალებს იფშვნეტს. ეს შეიძლება ასე ცხადად მხოლოდ იმ კაცმა იგრძნოს, ვინც ღამეს ღია ცისქვეშ გაათევს.

 

***

 

თავქვე ვეშვებით. აქ ალბათ აღარასდროს აღარ დავბრუნდებით. ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს ამ უცნაურ ცხოვრებაში – გაზაფხულის პირზე. მთის კორტოხს,  იქ, სადაც სოფლის სასაფლაოა, თავდავიწყებით უნდა აჰყვე, ღამის ცას ახედო და შენი თვალითვე დაინახო, რას ნიშნავს ვარსკვლავებით მოპირთავებული თაღი, მერე კი იმასაც მიადევნო თვალი, როგორ ქრება ყველა მნათობი, როგორ იფლითება ღამის საბურველი დღის თვალისმომჭრელ შუქზე და როგორ იშმუშნება ტყეში ჩაღვრილი რიჟრაჟის გრძელი სხივები. მერე იწყება გათენება და მთლიანად იპყრობს უკიდეგანოდ გაშლილ სივრცეს, რომლის შიგნითაც უამრავი სასიცოცხლო ნერვი ცახცახებს. სიცოცხლის სიმღერა იწყება და უნდა უსმინო, თუ შეგიძლია, უნდა უსმინო ამ რხევას. ტრასაზე გამოვდივართ, სივრცეში ბურუსიანი შუქია გაწოლილი. ალავერდისკენ მივუყვებით გზას. შორიახლოს ალაზნის ველია და ალავერდის თეთრი, მაღალი ტაძარი.

 

***

 

ჯანდაბას ჩემი თავი, ისევ „ბისმარკშტრასეზე“ ვარ, ოტელ „ბისმარკში“. „საკბილოს“ დავეძებ, თემას დავეძებ. ვიცი, შინდაბრუნებული მოთხრობას დავწერ. ძილ-ღვიძილიდან ვფხიზლდები და რეალობას ვებჯინები თვალებით. თითქოს ვერ ვიხსენებ, სად ვარ, მაგრამ ყველაფერი წამსვე მახსენდება და იმისთვის ვემზადები, რომ როგორმე ამ სარკოფაგიდან გავაღწიო. ესეც მოთხრობის თემაა. წამოდგომისთანავე ფანჯარასთან მივდივარ და ნაცნობ წერტილს ვაჩერდები. იქ, ვერანდაზე არავინაა და მთელ მაღალსართულიან სახლს სინათლის ბადე აქვს გადაქსოვილი. რატომღაც მთელ სახლზე, სახურავიდან ქვაფენილამდე ყვითელი ლენტია ჩამოკონწიალებული. ქარი აფრიალებს ამ ლენტს. გამთენიისას პოლიციის სირენები ჩამესმოდა, არ ვიცი,იქნებ ამ კორპუსში მოხდა რამე, ნუთუ შეიძლება ასეთი დამთხვევა იყოს? ეს ხომ ის კორპუსია, სადაც ჩემი აღმოჩენილი წერტილი მეგულება. კაფე-ბარში ჩავდივარ და ვსაუზმობ. დიუსელდორფში კვლავინდებურად წვიმს. ამ კაფე-ბარში მრავალი კუთხე და კუნჭული მოვინიშნე… ახლაც ბარის კუთხეში ვზივარ და ამ ერთ მტკაველზე გაწყობილ ადგილსამყოფელს ვათვალიერებ, თან ისევ იმას ვფიქრობ, რომ ევროპის ერთ შეუმჩნეველ წერტილში ვიმყოფები, უცნობი ადამიანების გარემოცვაში. ეს ადამიანები უცხო ენაზე საუბრობენ, მე მათთან არაფერი არ მაკავშირებს. ისინი მამჩნევენ ან ვერ მამჩნევენ. ეს არის და ეს. გარეთ წვიმს, დიუსელდორფში წვიმს და ვგრძნობ, რომ წვიმა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ ყველაფერთან ერთად შფოთი მიპყრობს, რას ნიშნავდა გამთენიისას პოლიციელის სირენები და რატომ არის სახლზე ჩამოკონწიალებული ყვითელი ლენტი, რა შეიძლება ხდებოდეს ამ წვიმიან ამინდში, ვინ გადალახავს ქუჩაში მოძრავი ქოლგიანი ადამიანების ჯგროს, ვინ გაარღვევს მათი გულგრილობის ჯებირს, ვინ გააღწევს იქ, სადაც რაღაც უკვე მოხდა არცთუ სასიამოვნო, არამედ სასტიკი.

 

1 2 3 4 5