ვიწრო ჩიხში შევდივარ, აქ ნახევრადსიბნელეა. ეს ჩიხი კი არ არის, ვიწრო ქუჩაა, სადაც ერთმანეთს მიბჯენილი ღამის კაფე-ბარებია, იქ ოდნავ ბჟუტავს სინათლე. თვითონ ეს ბარებიც დერეფანივით ვიწროა, თითქოს შიგნით ხალხიც არ არის ბევრი, რამდენიმე კაცი ბორიალობს, დაბოლილები არიან და ჩრდილებივით ედებიან კედლებს, გარეთაც დგანან, უაზრო სახეებით და აპოპლექსიური მიმოხვრით იქცევენ ჩემს ყურადღებას. ეს ალბათ აღმოსავლური კვარტალია, ამ ქალაქის სხვა ნაწილია, უცხო სხეულია. ადამიანები გამოდიან კაფე-ბარებიდან და ვიწრო ქუჩებში თუ ჩიხებში აჩრდილებივით დააბიჯებენ. ბოლომდე გათიშულები ბარებში რჩებიან და იქ იხლაკნებიან. საბოლოოდ ვხვდები, რომ გზა ამებნა და დავიკარგე. ერთ ბართან აყუდებულ ტიპს ვეკითხები, საით უნდა იყოს ბისმარკშტრასე, ის კი გახევებული სახით მიყურებს და აზრზე ვერ მოდის, რა მინდა. რაკი ჩემი დამტვრეული ინგლისურის ვერაფერი გაიგო, ხელებით ვუხსნი, რაც მინდა. ეს კაცი მაინც ვერაფერს იგებს, მაგრამ ყასიდად რაღაცას მანიშნებს, იმ მხარეს წადიო. მეც მივდივარ, მივდივარ და იმავე ლაბირინთში ვიხლართები. ისევ დაბოლილი სიფათები, ისევ მოღრეცილი სხეულები, გაწყალებული თვალები, ზანგები, ზანგი ქალები და კაცები, რომლებიც სიბნელეში დგანან და იქიდან იყურებიან. ეს წყვდიადის ზონაა. ამ ზონაში მე თვითონაც უცხო სხეული ვარ და ვცდილობ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას. ბისმარკშტრასე. არავინ არ იცის, სად არის ბისმარკშტრასე, არავინ არაფერი არ იცის. ისინი სხედან, დგანან, მოძრაობენ, მაგრამ რატომ მოძრაობენ, თვითონაც არ იციან. ზოგი მათგანი ისევ ბარში ბრუნდება და იქ ტივტივებს, როგორც აქვარიუმში.

 

*** 

 

ოტელში გვიან ვბრუნდები და ვაკაკუნებ. კარს არ მიღებენ. მერე კიდევ ვაკაკუნებ. სახეალეწილი გერმანელი ბიჭი გამოჩნდება, ერთხანს მაკვირდება, გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ მიცნო და კარს მიღებს. შევდივარ, გასაღებს ვართმევ და ნომრისკენ მივემართები: „გუტენ ნახთ“, ვეუბნები ბიჭს და ისიც წამღერებით მეპასუხება: „გუტეენ“. შევდივარ თუ არა ოთახში, ისევ სიცარიელის გრძნობა მიპყრობს. სინათლეს ვანთებ. რაღაც ხმები აღწევს ჩემამდე. ფანჯრიდან ვიხედები ეზოში, მოწნულ დაბალ მაგიდასთან ორი გერმანელი ზის. სვამენ. დროდადრო ჩაიხითხითებენ და ეტყობათ, რომ ალკოჰოლი აქვთ შემღვრეული ტვინში. ისინი სიბნელეში სხედან, ალბათ ასე უფრო კარგად გრძნობენ თავს. ისევ მოთხრობაზე ვფიქრობ, თემას ვარჩევ.

უკვე გვიანია. ვწვები და დაძინებას ვაპირებ. ძილ-ღვიძილის ზღვარზე ისევ აკვიატებული ფიქრები მაწვალებს. ეს მართლაც წვალებაა, რადგან ჩემი გაურკვეველი მდგომარეობა სივრცეში არსებულ წერტილებზე, ამ წერტილების შიგნით გათამაშებულ დრამებზე, კიდევ სხვა წერტილებზე – ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ან როგორც ერთმა პოეტმა თქვა, „მარადისობის ჭუჭრუტანებსა“ და ადამიანებზე ფიქრით ივსება. ვცდილობ, ჩემს აკვიატებას მოარული სენტენციები მივუსადაგო, მაგრამ ეს სენტენციები განიბნევა და მათი ნამსხვრევებიღა მრჩება ხელში. ლათინური გამონათქვამი მახსენდება: „ნილ ადმირარი“ – „ნურაფერი გაგიკვირდება“. არადა, იმ მოაზროვნეს, რომელმაც თქვა, ორი რამ მაკვირვებსო, ხომ უკვირდა რაღაც. ე. ი. რაღაც მაინც ყოფილა გასაკვირი ამქვეყნად. ორი რამ მაკვირვებსო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ადამიანში. მე რაღა მიკვირს და მიზიდავს? შორიდან დანახული წერტილები, ყოფიერების წერტილები, რომელთა შიგნით შეღწევაც მიმზიდველია. და თუ სიღრმეში შეაღწიე, დაინახავ, რომ სიცოცხლესთან ერთად ყველგან მუდმივი ტანჯვა და ტკივილი ყოფილა ერთმანეთთან გადახლართული, ყველგან რაღაც სატანჯველია, ამიტომ ვითომდა უშფოთველად მოციმციმე შორეულ წერტილებს ეჭვითა და წყრომით ვუყურებ, სადაც არ უნდა იყოს ეს, შინ თუ უცხოეთში.

თანდათან თვლემა მერევა, ორი გერმანელი ტოვებს ეზოს და ახლა სრული სიჩუმეა. ვწუხვარ, რომ ისინი წავიდნენ, რადგან რაღაცით უნდა შეივსოს ეს სიჩუმე. სინათლეს ვაქრობ და ნელა გადავდივარ სიზმარში, რომელიც ჩემი ფიქრების გაგრძელებაა.

 

***

 

და აი, მესიზმრება ის, რაც ერთხელ უკვე მართლა  მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ მდინარეში ორჯერ მაინც ვერ შევედი, რადგან პირველი რეალობის, მეორე კი სიზმრის მდინარე იყო. და მაინც მესიზმრება.

მე და ჩემი ცოლი შინ ვართ და ფანჯარასთან ვდგავართ. ნუცუბიძის პლატოს მოპირდაპირე მხარეს, შორს თრიალეთის ქედი და ამ ქედზე შეფენილი ბაგები მოჩანს. ცოლი ბაგებშია გაზრდილი და სახლიც იქა აქვს. ღამეა და ვუყურებთ თრიალეთის ქედის ქვეშ ბაგების განათებულ წერტილებს და ჩემს ცოლს თვალები უწყლიანდება, მერე კი ერთ-ერთი სინათლის წერტილისკენ მიმითითებს და მიყვება, რომ ეს ის სახლია, ის ფანჯარაა, სადაც მხატვარი გოგონა ცხოვრობდა. გოგონა ხატავდა ბაგების ბაღებს და ჭალებს, ხატავდა მდინარე ვერეს ხეობას, ბროწეულის ხეებსა და მზესუმზირებს. მერე ყელგამოღადრული ბატკანი დახატა, დახატა წაქცეული სვეტი, ნაფუძარი და ნასახლარი. მერე კი გოგონა დაიღუპა.

და კიდევ სხვა წერტილი, სხვა განათებული სახლი. იქ მამა და ვაჟიშვილი ცხოვრობდნენ და ისინი ხშირად დადიოდნენ სასაფლაოზე, სადაც დედა იყო დაკრძალული. შვილს თითქმის ყოველდღე აჰყავდა მამა ბაგების შორიახლოს, სასაფლაოზე და დღის ბოლომდე იქვე ტოვებდა. ერთხელაც ავიდა და მამა საფლავზე წაქცეული დახვდა. შამბი, სარეველები, მოუვლელი, ხშირად უპატრონო საფლავები და უეცრად იქვე წაქცეული კაცი.

ნარაიამა, იმამურას ფილმი… ნარაიამა… „თქმულება ნარაიამაზე“… თრიალეთის ქედიც თავის ყველაზე მაღალ წერტილში ნარაიამაა,  შვილებს მშობლები აჰყავთ ნარაიამაზე და მერე უკან ბრუნდებიან. ასვლა საწესჩვეულებო და რიტუალური აქტია, ჩამოსვლა არაფერი აღარ არის, გამოფხიზლებაა, სინდისის ქენჯნაა, სიცარიელეში სვლაა. და ეს იმიტომ ხდება, რომ იმ წერტილში მოხვედრილი ადამიანი ღვთის ანაბარა ტოვებს მშობელს, იქ კი ღმერთი არ არის, ხის ძირას მიმჯდარი და ღმერთის მომლოდინე ადამიანის ჩონჩხია, ადამიანის გაბნეული ძვლებია. თავის ქალიდან ყორანი გამოძვრება ყრანტალ-ყრანტალით და ფრთების ფრაშფრაშით კვეთს ლაჟვარდს.

 

***

 

წერტილები… კიდევ რა შეიძლება გამახსენდეს ამ წერტილებზე? სტუდენტობისდროინდელი თავქარიანობა მესიზმრება: მე და ზაზა მატარებლით კახეთისკენ მივქრივართ, იყალთოში ჩამოვდივართ და ნელა მივუყვებით სოფლის გზას. უკვე საღამოა, ჰაერი აჭრილია, გაზაფხულის სუნი იგრძნობა და შეღამების ჩრდილები წვება ფერდობებზე. სრულიად უცხო და უკაცრიელ ადგილებში მივაბიჯებთ. თავიდანვე იყალთოს აკადემიისკენ ავიღეთ გეზი. ამ ტერიტორიას ქვის გალავანი აქვს ირგვლივ შემოვლებული. არავის არ ვიცნობთ არც სოფელში და არც სოფლის გარეთ. მივდივართ. ვეება კარ-მიდამოს ჩავუარეთ. ბიჭები ეზოში მიწას ბარავენ. „მოდით, შეგვეწიეთ, სათქვენოდ ორი ბარიც გვაქვს“- მოგვაძახეს. ჩვენ მათს ლაპარაკს აინუნშიაც არ ვაგდებთ. გზას განვაგრძობთ. სოფლის კიდეს მივადექით და იყალთოს აღმართსაც ავუყევით. ღამდება. თხელი ბურუსი ქრება და მძიმე ბინდი ეშვება იყალთოს კედლებზე და მიმდებარე მთა-გორებზე. გალავანზე გადავძვერით. შენობებში შევდივართ და ღამის გასათევ ადგილს დავეძებთ. ცივა. ბუხარში ცეცხლის დანთებას ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ. ვერსად მოხერხებულად ვერ მოვეწყეთ და ისევ ბუნების წიაღისკენ მივეხეტებით. უკვე სრული წყვდიადია. კიდევ ერთხელ ვიქცევთ პირს სოფლისკენ და გავხედავთ ჩამყუდროებულ კარ-მიდამოებს. იქნებ ვინმემ ღამე გაგვათევინოს? ეს აზრი გვებადება, მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ ამაზე ფიქრი უკვე ნაგვიანევია.

 

 

1 2 3 4 5