მე ნელა გავდივარ ბარიდან და კიდევ ერთხელ მივუყვები ბისმარკშტრასეს. წვიმს და ქოლგების გარემოცვაში მივაბიჯებ. რამდენიმე ქუჩა გადავკვეთე და იმ სახლს ვუახლოვდები, რომელიც ჩემი ოტელის ფანჯრიდან მოჩანს. წვიმაში სხვანაირად ილანდება ეს ქუჩები, ყოველი მიმდებარე ქუჩა თითქოს ცალკე მონაკვეთია, რომელსაც თავისი ჩიხები და გადასასვლელები აქვს. აქაც ათასი კუთხეა და კუნჭული და ყველგან პატარა მარკეტია ან საშაქარლამო, ველოსიპედების სადგომი ან მინი-სკვერი. მე ვეძებ იმ გასასვლელს, რომელიც მაღალი სახლისკენ გამიყვანს, მაგრამ ერთხანს ისეთ გარემოცვაში ვექცევი, რომ ამ კორპუსისკენ მიმავალ გზასაც ვკარგავ. ვცდილობ გზებს შორის უმოკლესი მოვიძიო. ბოლოს, როგორც იქნა, მივდივარ კორპუსამდე, სადაც განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამიტომაც წარმოვიდგენ ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოთხრობის ყველაზე მწვავე სიუჟეტური ხვეულის თხზვას მივყოფ ხელს, – თითქოს კორპუსამდე მისასვლელი გზა იმავე ყვითელი ლენტით არის გადატიხრული. აქაც მინი-სკვერია და ამ სკვერში გერმანელი მაწანწალები, ლოთები და შორიახლოს მოსახლე ადამიანები სხედან. კორპუსის სადარბაზოსთან პოლიციის ორი მანქანა დგას. პოლიციელები დინჯად ირჯებიან, მერე მანქანაში სხდებიან და რაღაცაზე ხმადაბლა საუბრობენ, მერე ვითომდაც მანქანიდან გადმოდიან და სადარბაზოსკენ მიემართებიან. მე სკვერში სკამზე ვჯდები და მოსაუბრეებს ვუსმენ. მოთხრობა გრძელდება. წარმოვიდგენ: დროდადრო გამვლელები სკვერს უახლოვდებიან და აქ მსხდომებს შეკითხვებს უსვამენ. მე თითქოს ყოველივე ეს არ მესმის, მაგრამ რაღაცებს ვიგებ და ჩუმი შეშფოთება მეუფლება. კრიმინალისტიკის ენით რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე. ჰო,  ეჭვიანობის ნიადაგზე. ამით ჩემი სასტუმროს ფანჯრიდან შენიშნული რეალური წერტილის დრამა გრძელდება. მე ვთხზავ მოთხრობას, რომელიც რეალობაში დაიწყო და გაგრძელება მოითხოვა. წარმოუდგენელი იყო მისი შეწყვეტა… მაღალსართულიან კორპუსში მყოფ ცოლს ქმარი სადარბაზოსთან მოელოდა და ცოლი გამოვიდა თუ არა, ქმარმა მანქანიდანვე ესროლა, სადარბაზოს წინ თითქოს დიდი ბრეზენტის ნაჭრებია დაფენილი, ეტყობა, ქვეშ სისხლის გუბეა. მკვლელობა გამთენიისას მოხდა, როგორც ჩანს, ქალი გათენებისთანავე შინ აპირებდა დაბრუნებას… ყველაფერს თვალნათლივ წარმოვისახავ. ყველაზე გულისხმიერად გამვლელთა შეკითხვებს უკბილო, წელში მოხრილი გამხდარი ლოთი თუ მაწანწალა გერმანელი პასუხობს, მან სხვებზე მეტი იცის, ის ნასვამია და ნერვიულად ეპასუხება გამვლელებს. იმაზე უფრო მეტს ატყობინებს, ვიდრე სთხოვენ. ლაპარაკის დროს კისერზე ძარღვები ებერება და სიგარეტის კვამლს ცხვირის ნესტოებიდან უშვებს. ამასობაში პოლიციის კიდევ ერთი მანქანა შედის ლენტით შემოსაზღვრულ პერიმეტრზე. ექსპერტიზა გრძელდება და გრძელდება მოთხრობაც. მე მოულოდნელად ვეკითხები კბილებჩალეწილს, მითხრას, თუ იცის, რომელ სართულზე იმყოფებოდა ქალი. ის ვერ იგებს ჩემს შეკითხვას და იდიოტურ გამომეტყველებას მაბჯენს. მე კითხვას ვუმეორებ. ის მპასუხობს, რომ ქალი მაღალ სართულზე აკითხავდა თავის ნაცნობ მამაკაცს, უფრო ზუსტად კი, რომელი სართული იყო, არავინ იცის… მე უკვე მოთხრობის ფინალურ ნაწილში ეჭვი აღარ მეპარება, რომ დრამა ჩემი ოტელის ფანჯრიდან შენიშნულ წერტილს ეხება და  მაგონდება ჩემი ფიქრის თუ წარმოდგენის დინება, ვხედავ, როგორ მეხსნება მახსოვრობა, ჩემ შიგნით რაღაც მოძრაობს და ისევ სასტუმროს ნომრიდან დანახული მაღალი სახლის ერთ-ერთი ვერანდა თუ აივანი ამოიზიდება. მე მოურიდებლად შევყურებ აივანზე მოკამათე წყვილს. ცხადია, ეს ჩემს წარმოდგენაში განმეორებით ხდება. მათი არ მერიდება, რადგან მათივე სიშორიდან ჩემი შემჩნევა შეუძლებელია. ისინი ჯერ კამათობენ, მერე კვლავ ნერვიული ჟესტიკულაციით საუბრობდნენ ან ჩხუბობდნენ, ბოლოს კი ისევ ახლოს მიდიან ერთმანეთთან და ქვავდებიან. ასე დგანან ერთსხეულად ქცეულნი. კაცი მჭიდროდ ეკვრის ქალს. ერთხანს ასე არიან ერთ წერტილში გაქვავებულები, მერე კი შორდებიან და კვლავ გაშმაგებით ებრძვიან ერთმანეთს. ყოველივე ეს ჩემს წარმოდგენაში გაირბენს, რადგან უკვე ნანახი მაქვს და ხელახლა მეორდება ჩემში… და აი, ფინალიც, ტრაგიკული ფინალი. უკვე თითქმის ეჭვი აღარ მეპარება, რომ ეს დრამა ჩემი ფანჯრიდან დანახულ შორეულ წერტილს ეხება. ეტყობა, ქმარიც ჩემსავით რომელიღაც განაპირა სათვალთვალოდან უმზერდა წყვილს და გამთენიისას უკვე სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა. ჰო, ასეა, ნამდვილად ასეა, თუმცა, ვინ იცის… არა, არ ვიცი და ვატყობ, რომ არც მინდა ვიცოდე სასტიკი სიმართლე. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ წერტილში გათამაშდა ეს დრამა, ცხოვრების ყველა წერტილში ხომ დრამა თამაშდება. მაკვირვებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ცხოვრების ყველა შორეული წერტილი…

მოთხრობის თხზვას აქ დროებით ვწყვეტ…  ვტოვებ ამ მოჯადოებულ წრეს და ოტელში ვბრუნდები, მერე კი, რადგან უკვე გამგზავრების დღეა, ვიღებ ჩემს ხელჩანთას, ვემშვიდობები შვეიცარს და ფეხით მივდივარ აეროპორტისკენ, რომელიც აქედან შორს არის, მინდა, რომ ფეხით ძალიან დიდხანს ვიარო.

 

***

უკვე დიუსელდორფის გარეთ ვარ და ტრასაზე ნელა მივაბიჯებ აეროპორტისკენ. ჯერ ადრეა. წვიმს. ისევ  კუმე მასაო მაგონდება, აკუტაგავა რიუნოსკეს მეგობარი მწერალი. მას დაუტოვა აკუტაგავამ თავისი ბოლო მოთხრობა „იდიოტის ცხოვრება“, მერე კი თავისი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე. დიუსელდორფში რომ ჩამოვედი, წვიმდა. ახლაც წვიმს. ამ ქალაქში მინდოდა მეხეტიალა და რამდენიმე დღე ვიხეტიალე კიდეც. მოთხრობისთვის თემას დავეძებდი. ახლო ხედიდან მინდოდა დავკვირვებოდი იმას, რაც შორს ჩანდა და წერტილივით ციმციმებდა. სულერთი იყო, ეს რა იქნებოდა, ქალაქი, სახლი თუ ამ სახლში მყოფი ადამიანები. ზემოდან რომ გადავუფრინე ღამის ქალაქებს, იქ ათასი სინათლე ციმციმებდა და მე ვფიქრობდი, რა იყო ამ სინათლის წერტილებს შიგნით, რა სიხარული თუ ნაღველი იყო მათ სიღრმეში გახლართული.

აკუტაგავა გამოსათხოვარ წერილში კუმე მასაოს სწერს: „ამ ხელნაწერს შენ გიტოვებ, რადგან სხვებზე უკეთესად მიცნობდი. შენთვის ღიმილისმომგვრელი იქნება აქ გამჟღავნებული ჩემი იდიოტიზმი.“ „იდიოტის ცხოვრებაში“ არის ერთი მინიატურა, რომელსაც ჰქვია „ნაპერწკალი“. მთავარი გმირი წვიმაში მიაბიჯებს. ჯიბეში მოთხრობის ხელნაწერი უდევს. ეს ხელნაწერი მან თავისი მეგობრის ჟურნალში უნდა მიიტანოს დასაბეჭდად. ავტორი წერს: „მან კიდევ ერთხელ შეხედა ცაში გაჭიმულ მავთულებს, რომელთაც კვლავ გასცვივდათ ნაპერწკლები. მთელ ადამიანურ სამყაროში არაფერი იყო ისეთი, რასაც ის განსაკუთრებით მოისურვებდა. მხოლოდ ამ იისფერი ნაპერწკლების მოხელთება სურდა სიცოცხლის ფასად.“

ვფიქრობ, მწერალი ამ იისფერი ნაპერწკლების მოხელთებას უნდა ცდილობდეს. მეც იმიტომ ვიხეტიალე, რომ ეს იისფერი ნაპერწკლები – ჰაერში გაბნეული წერტილები – მომეხელთებინა. არ ვიცი, მოვიხელთე თუ არა. ასეა თუ ისე, შინ ვბრუნდები და ვფიქრობ იმაზე, რის შესახებაც უკვე შინდაბრუნებული მოთხრობის თხზვას განვაგრძობ.

 

 

 

1 2 3 4 5