* * *

ნისლიანი დილა იყო მაშინდელივით. ვინ იცის, იქნებ მოგვიანებით ღრუბლები გაფანტულიყო და მზესაც გამოეხდა, მაგრამ ჯერ ბურუსი იდგა და ყველაფერი ნაცრისფრად ჩანდა. ნაცრისფერი ლორწო გადასხმოდა გზის პირას ამოსულ ბალახებს, ფოთლებს, თუნუქის სახურავებს, მიწაც ლორწოიანი და უსიამოვნოდ სლიპინა იყო. თავდახრილი მიდიოდა მდინარისკენ შავი შალით სახემობუდნული. ისევ სიპი ქვა მიჰქონდა, ოღონდ ახლა  მუყაოს ყუთში ჩაედო და ორივე ხელით გულზე მიებჯინა. მუცელთან ტკივილს ვეღარ გრძნობდა – ზოგჯერ გამოერეოდა ხოლმე მის ცხოვრებაში ასეთი უტკივილო, ბედნიერი დღეებიც.

იცოდა, რომ გადაუღებელი წვიმების მერე მდინარე ადიდებული დახვდებოდა, მაგრამ ამხელას მაინც არ მოელოდა. გაუხარდა. მკრთალმა ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის კუთხეები, როგორც სჩვეოდა. თვალით სავალი მიმართულება მოინიშნა და თავის ყველაზე მჭიდრო ფეხსაცმლით და გულში ჩახუტებული ქვით  წყალში შეაბიჯა.

არავინ იყო დამნახავი, მოახერხა თუ არა ზურგზე დაწოლა აკვანში არტახებით ჩაკრულივით, იპოვა თუ არა ნისლით ჩამობურულ ცაზე  ლეთეს უკანასკნელი მზერა და გაუსწორა თუ არა მის მოცარცულ თვალებს თავისი თეთრი, წყლით სავსე თვალები.

 

მოთხრობის პირველი ვერსია დაიწერა კონკურსისთვის „პენმარათონი 2018“

 

 

1 2 3