იმ ამბიდან მალევე, ერთ ნისლიან დილას სოფელს ადგომა დაასწრო. მდინარეზე ჩავიდა და იქიდან სახლამდე თავისი ხელით ამოათრია სიპი ქვა. სვენებ-სვენებით მოჰქონდა, ძველი, გაქუცული ყავისფერი ტყავის ჩანთით. ქვის სიმძიმისგან ხან მარცხნივ გადაიხრებოდა, ხან მარჯვნივ. ჩანთას მალიმალ ინაცვლებდა ერთი ხელიდან მეორეში, გამოთავისუფლებულ ხელს კი მთელი ძალით იმ ადგილას იჭერდა  მუცელზე, სადაც დაუამებლად სტკიოდა რაღაც. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, მაგრამ თვითონ სულ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სანაყოფე სითხე ედგა ჯერ კიდევ მუცელში, ის უბუყბუყებდა, ის უმდუღრავდა შიგანს.

ეზოში შესულმა ჩანთა კიბეზე მიაგდო, ნაცარში ამოსორსლილი ლეღვის რამდენიმე ფოთლით ქვა ორივე მხრიდან შემოხეხა, წყალი გადაავლო და ქვითკირის კედელზე  მიაყუდა. ბუმბულგაუმტარ, უხეში ქსოვილისგან შეკერილ ყურთბალიშისოდენა პირში ჩასვა გამშრალი, ვერცხლისფრად მოლაპლაპე, ზევიდან კიდევ ერთი, მიტკლის გახამებული, ქათქათა პირი გადააკრა და საწოლის თავში მძიმედ დადო.

 

* * *

ექიმებთან სიარული დიდი ხნის წინ შეწყვიტა. ეკლესიისკენ კი ისედაც არასოდეს მიუწევდა გული. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა მისულიყო უცნობ წვერებიან კაცთან და  მისი ანაფორის შავ კალთაში წამოეზიდებინა ყელში გაჩხერილი თავისი ცოდვები. რომ დამხრჩვალყო კიდეც, რასაც გამუდმებით ნატრობდა, ამას მაინც ვერასოდეს იზამდა. თან აღარც ის ეგულებოდა მშველელად, ვისი რწმენა თუ არა, კრძალვა და მორიდება მაინც ჰქონდა აქამდე გულში. მიუხედავად ამისა, მაინც  სულ მაღლა იყურებოდა. თუმცა სულ სხვა რამის გამო – იქ მისი უკანასკნელი მზერა ეგულებოდა.

ფსიქოლოგთანაც ატარა რამდენიმე წელი ქმარმა და რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტი წამლით გაჭყეპილიყო, რომ უარესად დაბეჩავებულიყო. ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე დღე მიეშვებოდა ძილად, გამოღვიძებული კი, ჩვეულებრივზე უფრო დაღლილი და გარინდებული დააბიჯებდა წინ და უკან ოთახიდან ოთახში. დადიოდა მოჩვენებასავით, მომჩვარული, უმეტყველო სახით. მძიმე ლოდებივით დაათრევდა ნატიფ ტერფებს. ისე ძალისძალად, ისე გაჭირვებით ასწევდა ხოლმე გადასადგმელად, თითქოს ფიცარჩამტვრეულ იატაკში ჩაუვარდა ფეხი და იქიდან  ვიღაც ებღაუჭება, ჩათრევას ცდილობსო.

 

* * *

როცა ძალიან გაუმძაფრდებოდა მონატრება, მივიდოდა და ზუსტად იმ ადგილას, სადაც ბოლო დღეს აკვანი ედგა, თავადაც აკვანში არტახებით ჩაკრულივით გაწვებოდა იატაკზე. გულაღმა, გაუნძრევლად. პირველი სართულის შებოლილ, თეთრ-ყვითელ ჭერს  მანამდე აშტერდებოდა, სანამ თვალებით არ ახვრეტდა. მერე ხის იატაკსა და მეორე სართულის ჩაჟამებულ, სხვადასხვა ტონის ყავისფრად დალაქავებულ ფანერაში გააძვრენდა მზერას, და როცა დაბზარულ, ხავსმოკიდებულ შიფერს ასცდებოდა, ნანატრი ცაც გამოჩნდებოდა. ოფლში გაღვითქულს, ტუჩის კუთხეებს  მკრთალი ღიმილი ჩაუტეხავდა, სახეც, თითქოს მართლა ციდან ჩამოსული სინათლით, ოდნავ გაუნათდებოდა, მაგრამ სულ მალე ისევ ჩაუმუქდებოდა უპეები, ისევ დაუბრუნდებოდა რეალობას, რომელშიც ლურჯად მოკამკამე თვალუწვდენელი სივრცე დიდი ხანია აღარ იყო მისი იმედი.

ზოგჯერ თვალები პირველივე სართულის ჭერში ეკარგებოდა, ფანერასა და იატაკს შორის მოქცეულ სივრცეში, სადაც მთელი წელი თაგვები დაფხაკუნობდნენ და იატაკის ღრიჭოებიდან ან კედლის ღურღურებიდან შეთრეულ თხილსა და კაკალს დააგორებდნენ. ასეთ დროს ეჩვენებოდა, რომ ეს მოგორავე ბურთები მისი თვალები იყო, მისი თეთრად მოცარცული და ცისკენ აბრუნებული თვალები, რომლებმაც ცამდე იმიტომ ვერ ააღწიეს, რომ მღრღნელებმა გასტაცეს და  სათამაშოდ გაიხადეს. ათასი თოფის ქუხილად ჩაესმოდა ყურებში ეს შემზარავი ხოხიალი, ათასი უმწეო ბავშვის უხმო ძახილად, ათასი მშობლის გახეთქილი გულის ხმად.

ამ დროს უცებ რაღაც ძალა ფეხზე წამოაგდებდა, იატაკის საწმენდ ჯოხს სტაცებდა ხელს და ჭერზე ბრახუნითა და არაადამიანური ღმუილით სირბილით დაედევნებოდა თაგვებს. როცა შეშინებული ცხოველები სადღაც გადაიკარგებოდნენ, ქანცგაწყვეტილი ისევ გაწვებოდა იატაკზე და მისი სიცოცხლის ბოლო წამების გამეორებას ცდილობდა. მის ადგილას უნდოდა წარმოედგინა თავი იმ მომენტიდან, როცა ნახევრად ჩაძინებულს საწოვარა ჩაუდო პირში და იავნანას ღიღინით სულ რამდენიმე წუთით დატოვა. თვალებს მაგრად დახუჭავდა და მანამდე შეიკრავდა სუნთქვას, სანამ გაგუდვის პირას მისულს, თავისივე ხველა და ხავილი  არ წამოაწევინებდა თავს. სულს რომ მოითქვამდა, წამოჯდებოდა, სახეს მოკეცილ, შეტყუპებულ მუხლებში ჩარგავდა და უცრემლო, მშრალ ზმუილს ამოუშვებდა.

 

* * *

ერთმანეთს ენაცვლებოდა  ბეტონის იატაკიან ხელისგულისოდენა ოთახში გატარებული მარტოობის დღები და ღამეები. ქვის ბალიშის მტკივნეული და ბასრი სიცივე, შავ თავსაფარში შემალული დასივებულ-დაბეჟილი ყურები, კეფაზე გადაქუცული თმა და კისერზე მკვეთრად, თანდაყოლილივით დაჩნეული ლურჯ-წითელი ზოლი, როგორც საკუთარი თავისთვის უპატიებელი დანაშაულის დამღა. თუმცა კარგად იცოდა, რომ ვერც ქვის ბალიშით და  ვერც თვითგვემით ვერაფერს შეცვლიდა მანამდე, სანამ მასთან არ წავიდოდა, პატარა, მოუნათლავ შვილთან, რომელიც სიკვდილის მერე თავისსავე დარდში მონათლა და ლეთე დაარქვა. „ლეთეა ჩემი შვილის სახელი, ლეთე პატარაა, ლეთე მარტოა, ლეთეს შია!“ – ყოველ ღამე ბალიშის ახალი პირივით ეხვეოდა ქვა დედის მოთქმაში.

 

1 2 3