ახლა, როცა თითქმის თხუთმეტი წელი გასულიყო მას შემდეგ და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოდესღაც საკუთარი ნებით დამუნჯებული, სასაფლაოზე წასული საათობით  ელაპარაკებოდა გარდაცვლილ ქმარს და მისი შურდა. ხან ლეთესაც ეტყოდა რამეს, რომლის პატარა სამყოფელიც სადღაც იქვე, მამის ფეხებთან ახლოს უნდა ყოფილიყო. მაშინ, მღვდელმა, ჯვარი არ შეიძლება, მოუნათლავიაო, არც რაიმე ნიში დადგეს,  ვეღარც მესერი შემოავლეს და, მას შემდეგ იმდენჯერ გადააბრუნეს აქ მიწა, რომ გაქრა ლეთე ამ ქვეყნიდან, საერთოდ გაქრა.

იდგა ხოლმე და შეუბრალებლად, მთელი სისასტიკით ძირში წაჭრილი ფრჩხილებით ნერვიულად აფცქვნიდა ქმრის საფლავის რკინის ღობეს მზე-წვიმისგან ისედაც ატკრეცილ ნაცრისფერ საღებავს და სისხლს იდენდა. ლეთეს შემდეგ სულ ასე იყო – სიმწრამდე მისული, წარმოუდგენელი დაუნდობლობით მუდამ ისეთი რამის კეთებას აძალებდა საკუთარ თავს, რაც ტკივილს მოჰგვრიდა. ეს ტკივილი აგრძნობინებდა ოდნავ შვებას, ეს შეგრძნება ასაზრდოებდა და აძლებინებდა:  მუდამ ისეთ პატარა ზომის ფეხსაცმელს იცვამდა, რომ ფეხები ემტვრეოდა და ეყვლიფებოდა, პაპანაქება სიცხეში, სანამ პირი სულ მთლად არ გაუშრებოდა, წყალს არ დალევდა, სავსე შარდის ბუშტს გახეთქვამდე დაატარებდა და სამუდამოდ დაიავადა თირკმელები, ისე დაბერდა, საწოლში ლიფი არ გაუხდია, ეუხერხულებოდა შიშვლად, მხოლოდ პერანგის ამარა წოლა, ქმართან დაწოლაზე კატეგორიული უარი თქვა ბავშვის გარდაცვალების დღიდან, ლეთეზე ორი წლით უფროს ტყუპ გოგონებთან ყოველგვარი დედობრივი გრძნობის გამჟღავნება აუკრძალა თავს და კიდევ ბევრი ასეთი რამ.

ტყუპები ისე დაიზარდნენ, რომ დედის მოფერება არ ახსოვდათ. სკოლაში წასვლის წინ, თმების დავარცხნისას, რამდენჯერ ჰაერში გაშეშებია შვილებისთვის თავზე გადასასმელად აწეული ხელი, მაგრამ აღთქმა არ დაურღვევია. სამაგიეროდ, იმავე ხელს, ორიოდ წამის შემდეგ, მტკივნულად დაუქაჩავს მუჭში მოქცეული ნაწნავები, რაზეც ისედაც მუდამ დამფრთხალი და თვინიერი ბავშვები საწყლად ამოიკნავლებდნენ ხოლმე: „ნელა, დედი, გვტკივააა!“

შვილებს მარტო სადილის ქვაბში ან სარეცხის ტაშტში ჩამხობილი დარდისგან ჩამუქებული მისი დაღვრემილი სახე ახსოვდათ. ისიც კი არ იცოდნენ, ოდესმე მაინც თუ იღიმოდა დედა, თუნდაც მაშინ, როცა მათსავით ბავშვი იყო. და კიდევ, რაც არასოდეს ავიწყდებოდათ, ეს იყო დროდადრო ტირილნარევი ხმით ამოხეთქილი მისი მოულოდნელი წყევლა, რომლის ადრესატიც ყოველთვის მხოლოდ თვითონ იყო. შეშინებული გოგოები ასეთ დროს სადმე მიიყუჟებოდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს თანატოლების დედებისგან განსხვავებულ, საკუთარ თავსა და სამყაროზე ძალიან გაბრაზებულ ქალს და ერთმანეთზე ზურგით მიკრულები სლუკუნებდნენ.

იმ ნაწყევლი საჭმლით გაწყობილ სუფრას უჯდა ხოლმე საღამოობით ოჯახი ვახშმად, იმ ნაწყევლ, გარეცხილ ტანსაცმელს აცმევდა ქმარ-შვილს, და ამ ყველაფერს თან ახლდა ერთი უცნაურობა, რომელსაც ქმარიც და შვილებიც მთელი ცხოვრება გრძნობდნენ, მაგრამ  ერთმანეთისთვის არასოდეს გაუმხელიათ: მისი ხელით გარეცხილ, ჩახჩახა მზეზე გაფენილ სარეცხსაც და თითქოს გემრიელად შენელებულ კერძსაც, მუდამ ასდიოდა რაღაც უცნაური სუნი. და მარტო ტანსაცმელი და საჭმელი კი არა, მათი სახლი და მათი ყოფაც, მთლიანად ამ სუნით იყო გაჟღენთილი. ლეთე ერქვა ამ სუნს სახელად.

 

* * *

ჩვიდმეტი წლისები გახდნენ იმ დღეს ტყუპები. სამი წელი იყო უკვე, მამას გარეშე სხდებოდნენ სუფრასთან. არც მეგობრები, არც ახალი კაბები, არც სადღესასწაულო განწყობა. მხოლოდ ვაშლის ნამცხვარში სიგრძეზე ორ მწკრივად ჩამწკრივებული აუნთებელი სანთლები, შოკოლადის ფილა, შავი ყურძნის წვენი, არაბუნებრივი სიჩუმე და ისევ ის აუტანელი სუნი.

– ყარს ეს ნამცხვარი, ყაააარს! – განწირული ხმით იყვირა მოულოდნელად დებიდან ოცდახუთი წუთით უმცროსმა, როცა დედამ პირველი ნაჭერი ჩამოჭრა, და აკანკალებული მხრებში ჩააფრინდა გვერდით მჯდომ ტყუპისცალს. – თქვი, მელპი, შენც ხომ გრძნობ ამ სუნს, მამაც ხომ გრძნობდა, ჩვენ ხომ ამ სუნით ვიგუდებით ახლაც? უთხარი ამას რომ, – წამით დედისკენ სიძულვილივით სავსე თვალებით გაიხედა, – გააქროს ერთხელ და სამუდამოდ ეს სუნი სახლიდან, უთხარი რომ თხუთმეტი წელია აღარ არსებობს ის, მოკვდა ლეთე, მოკვდა, და ეს სუნიც უნდა გაქრეს სახლიდან; ნუთუ ვეღარ მიხვდი ამდენ ხანს, – თავისივე ყვირილმა თითქოს სითამამე შემატა, უკვე დის შუამავლობის გარეშე ეთქვა დედისთვის სათქმელი, – რომ ყველა დაგვაავადე მისით, დაგვღალე თავის ახეთქვამდე ხმაურიანი შენი ჩუმი გლოვით, ნუთუ არასდროს შეგიმჩნევია, რომ ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ ნორმალური გოგოები, რადგან მთელ ჩვენს ბავშვობას, ჩვენს სათამაშოებს, ოცნებებს, სურვილებს, და ყველაფერს, რასაც კი შევხებივართ, შენ ლეთე მოასხურე, შენი საყვარელი სუნამო, რომელიც ყარს და წამლავს? ლეთე მოასხურე შენი და მამას სიყვარულსაც, მის ხალისიან ბუნებას, მის რკინასავით ძლიერ და ჯანსაღ ორგანიზმს, მის მანქანას და სამსახურის გზას, რომელმაც შეიწირა კიდეც… რა გინდა ბოლოს და ბოლოს, გინდა რომ ჩვენც მალე მოვკვდეთ? გინდა, რომ ამ სახლში მარტო დადიოდე მოჩვენებასავით?

მოჩვენება რომ ახსენა შვილმა, თითქოს მაშინღა გამოფხიზლდა. ის დღე გაახსენდა, ერთხელ, წლების წინ, გულმოსულმა ქმარმა რომ უთხრა, ბავშვებს რას ერჩი, მათ ხომ არაფერი  დაუშავებიათ, როდემდე უნდა იარო ასე მოჩვენებასავით, ცოტა მოინდომე, აიყვანე თავი ხელში, მოეფერე, თორემ გაიზრდებიან და არ გაპატიებენ ასე ეგოისტურად მოქცევასო. მაგიდაზე თავდახრილს, ახლა უფროსი ტყუპისცალის აღელვებული, მაგრამ ნაკლებად ისტერიკული ხმა ჩაესმა ყურში:

– იცი, მამას მერე რამდენჯერ დავგეგმეთ სახლიდან წასვლა? – ჰო, მელპი ყოველთვის უფრო გაწონასწორებული იყო უმცროსზე. ნუთუ ეს მართლა ოცდახუთწუთიანმა შუალედმა ქნა? – სხვაგან წავიდა წამით. – მაგრამ აქამდე მაინც ვერ ვბედავდით, პატარებიც ვიყავით და თან შენც გვებრალებოდი, გვენანებოდი. შენ, შენ ვინ შეიცოდე, ვინ შეიყვარე ლეთეს გარდა? ჩვენს გადასარჩენად რა გააკეთე? შენ ჩვენი დედა არასოდეს ყოფილხარ, შენ მარტო ლეთეს დედა იყავი, ჩვენთვის კი მხოლოდ მოვალეობებს ასრულებდი. მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად გვემსახურებოდი, მაგრამ უგემურად, უსიყვარულოდ, იძულებით… თითქოს სხვის სახლში იყავი, თითქოს დაგიქირავეს… თუმცა მაინც მადლობლები ვართ იმისთვის, რომ გვაჭმევდი, გვირეცხავდი, გვიუთოვებდი… ოღონდ, ვერ წარმოიდგენ, ეს ყველაფერი როგორ ყარს, დედა, როგოოორ! – მთელი საუბრის განმავლობაში ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ბოლო სიტყვებზე კი თავი ვეღარ შეიკავა მოწოლილი ემოციებისგან და ატირებული ტყუპისცალ დას  ჩაეხუტა.

–  ჩვენ აუცილებლად გავაღწევთ ამ სახლიდან, აუცილებლად! – დაბადების დღის მილოცვასავით ეჩურჩულებოდნენ ტყუპები ერთმანეთს მათთვის ყველაზე საჭირო სიტყვებს და ისე, როგორც მთელი ცხოვრება, დედის არსებობას ოთახში ვერც ახლა გრძნობდნენ. ის მათთვის ლეთეს საფლავივით გამქრალიყო.

 

1 2 3