###

ანგელოზები არ მოდიან, გუშინაც ასე
მთელი საღამო ვსერობდით და კოცონს ვანთებდით,
მაგრამ სიტკბო არ შეპარვია ჩვენს მლაშე სასმელს,
მხრებზე არცერთს არ დაგვდგომია შარავანდედი.

მალევე მოვკვდით, შეგვეშინდა, მოვკვდით და ვნახეთ
ხედი, რომელსაც სიზმრის გარდა ვერსად მოძებნით
და ვდუმდით, ასეთ არაფრისმთქმელ და არადამღლელ
არყოფნაშიც, რომ არსად ჩანდნენ ანგელოზები.

აღდგომა არცერთს გვიდარდია და ალბათ არც ის,
რომ გადმოგვეცა გულგრილობის ნიჭი უკლებლივ
ყველას,თუ სადმე მწიფს უჩვენო ანწლი ან მარწყვი,
ჩანან ყოფილი ღრუბლები და სოფლის შუკები.

 

 

###

ვიცი შემოდგომა თითქმის ბრუნდება
და ოთახები კიდევ უფრო მმალავენ
მთელი შემოდგომა თითქმის ბრუნდება
და აღარსაით გახედვა არ მსურს

ქუჩის ხმაურიდან გზა რომ არ მესმოდეს
ჭერს სამოცვატიანი მზე რომ არ ენთოს
ეს მექანიკური გზა რომ არ მესმოდეს
ვეღარცერთ ღიმილზე გაგცემდი პასუხს

თუკი სიყვარული მართლა ეს არი
ნიშნავს ასეთი უნდა ყოფილიყო
შენი სიყვარული მართლა ეს არი
და არავისთან აღარ მაქვს კითხვა

ერთად ჩამოვჯდეთ და რამეს ვუყუროთ
თან აღარსაით გახედვა არ მსურს
ტახტზე დავჯდეთ და ერთმანეთს ვუყუროთ
და ვიჯდეთ 🙂 ასე დიდხანს

 

 

ერილი ნინოს (ელის შესახებ)

სახე შენს ცხვირთან ასე ახლოს იმიტომ მომაქვს,
რომ დაგიმალო ნაკვთები და მხოლოდ ჩემი ხმა
გესმოდეს გულში, მოჩურჩულე: “გლოცულობ ხოლმე
და ამიტომაც ერთხელაც არ დამსიზმრებიხარ”

რომც დამესიზმრო, შვება რაა? მხოლოდ მაჩვენებს,
ჩემს ორსულობას უნაყოფოს, გარეს, ღონმიხდილს,
როგორც იმ ფილმში, სადაც ბავშვი გადავარჩინეთ
ზღვაში დახრჩობას – შენ კი მომიკვდი.

რომც გამიცოცხლდე, ვის ვახარო? ან ამ სტრიქონებს
ვინ დამიჯერებს, უშენობას თუ ვერ ვისწავლი,
ერთმანეთის ხმას უსიზმროდაც თუ გავიგონებთ,
მე – მარად შენი ორგული და შენ – ტყუპისცალი.

 

1 2 3 4