ანკეოსის არგონავტიკა

 

1

სამყაროს სულით მოვაჭრენო განძი ულევი
ღრმა ზანდუკებში ჩაგრჩენიათ და უნებლიეთ
მნათობისაკენ ზეაწვდილი ხელისგულები
მარადი აწმყოს გოგირდისფრად გაგხუნებიათ.

და თვალებს თქვენსას – ნავსადგურებს შეჭრილებს ზღვაში
მზე გასცვენიათ, როგორც ეჭვი ბედის ნებიერს,
სიკვდილის გემო დაუკარგავთ და სწორედ მაშინ,
ცის გუმბათიც კი გოგირდისფრად გაგხუნებიათ.

ჰე, მოვაჭრენო, ყური უგდეთ, სწორედ ის ხმაა,
ჩვენს სიცოცხლეს რომ ეჰანივით ზურგზე მიჰკვრია,
ამქვეყნიური ცოდვებიდან მხოლოდ ზღვის ხმაურს
შემოინახავთ სამოთხეში და რელიკვიად

იმღერებთ ტალღებს, გზას იმღერებთ, ტალღებს და ლოცვას
ზღვაში ჩაძირულ ზურგისქარზე, რადგან ქარიც ხომ
ვეღარასოდეს გაგახსენებთ იმ დღეებს, როცა
მზე ნავსაბმელთან დიდ თეთრ ქვაზე ჩამომჯდარიყო.

2

მეთევზეები თეთრ თოლიებს რომ შენატრიან
და მუცლისქვეშა ფარფლით გრძნობენ წყლის სიახლოვეს,
ზღვაში გადიან კანჯოებით დილაადრიან
და ბრუნდებიან, ბრუნდებიან მხოლოდ საღამოს.

ხოლო ჩვენ, ვინაც მზეს მივათრევთ დაღლილი მხრებით,
ყოველდღიური დამარცხების ვხდებით მომსწრენი,
და ნელა-ნელა ვემსგავსებით ჩვენივე ნებით
მფრინავ კაცთევზებს სველ გემბანზე მკვდრადჩამოცვენილთ.

მივსდევთ ჰორიზონტს გამოუთქმელს, ვამბობთ საყვარელ
თანავარსკვლავედს, გვისმენს ცხრაზღვისიქითა სახლი,
რომ წვმიმა, ოფლი, ცრემლი, სისხლი უკვე დავღვარეთ,
დავყრით ფარ-ხმალსაც, ოღონდ ნიჩბებს არასდროს დავყრით.

არაფერს მოვთხოვთ კუნძულელებს, უბრალოდ გავცვლით
მესაჭეს კაცზე, ვინც თითეულს ხელის ცახცახით
ნესტოებიდან ამოგვითხრის ღმერთებს და საჭმლის
ნარჩენებივით აღელვებულ ზღვაში გადაყრის

ვინც გემბანივით გადაგვიფხეკს თვალისჩინს, ხოლო
ლოცვიდან სიკვდილს ამოგვაჭრის და ვინც ზანზალაკ
შებმულ თხებივით მინდვრებიდან შინისკენ მხოლოდ
თევზების მიერ გაკვალული გზით გვაწანწალებს.

3

ვინ უნდა შეგვხვდეს? მივუყვებით მდინარეს აღმა,
ნაპირზე ვხედავთ მიტოვებულ ჭებს და თევზსაჭერ
ნავებს, ქოხმახებს, ბალახმოვლილ საფლავებს, ბაღებს…
”თქვენი სამშობლო აქ იწყება” ამბობს მესაჭე

ვინ უნდა გვიცნოს? ფრინველებმა, მთებმა თუ უწყლო
არხებმა, ვისვრით ნაპირისკენ შორისდებულებს
და ყველაფერი არის ირგვლივ იმდენად უცხო,
თითქოს ჯერ არც კი გავჩენილვართ, დავბადებულვართ.

ვინ უნდა მოგვკლას? ვნახეთ მეფე, დავათვრეთ მარად
ფხიზელი მხეცი, კოლხი ქალი გვადებს სალბუნებს
და ახლა ჩვენთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს,
ამ ოქროს საწმისს დავიტოვებთ თუ დავაბრუნებთ.

ვის გავურბივართ? ვისი სუნთქვა გვესმის გაღმიდან?
ჩვენს უკან მხოლოდ შარშანდელი ქარით დაგვილი
სამხრეთის ღამე მანათობელ ქვირითს დაყრის და
გემის კიჩოზე დაეშვება მთვარე ბაგირით.

4

პ.ს.

ყოვლისშემძლეო, მიწის, ზღვის და მზის ანგელოზო…
ჩვენ რიფებს შორის მივცურავდით დღე-ღამე ერთი
ის ალიონი ღვინისფერი გახსოვს, ანკეოს,
ანდა დედოფალ ჰიპსიფილეს შიშველი მკერდი?

ჩვენ ახლა ზღვისგან შორსა ვართ და სიკვდილთან ახლოს,
ვეძებთ სოლტონ სის უდაბნოში ოქროს ოაზისს,
მაგრამ ვბედავ და გეკითხები, ტაიტი გახსოვს,
ან ის შავტუხა ქალიშვილი ჰივა-ოაზე?

გუშინწინ ერთად ვიყავით და გეძებეთ სად არ,
თქვენებთან ომში, სიზმრებში და ფერად რუკებზე,
ვიხილეთ მთათა ქედები და სილურჯე ცათა,
ვერაფერს ნახავს ქვეყნად კაცი მათზე უკეთესს.

პალოსში გვითხრეს, თითქოს ზღვისთვის ყოველი დათმე,
რაც იყავ დარჩი, არ მომხდარა შენში ცვლილება,
ისე, შემთხვევით, ლაპერუზი თუ ნახო სადმე,
გადაკოცნე და მომიკითხე აუცილებლად.

ახლა ბლოკნოტში ყველა ზედმეტ ფურცელს ამოვხევ,
დამრჩება მხოლოდ ამაძონთან შენი სურათი
და გავიხსენებ ჰელესპონტსაც და იმ სამოთხეს,
მთელი დღე-ღამე რიფებს შორის რომ მივცურავდით.

მერე კი ვიტყვი: ”გამოვლილი წუთები ვთვალე,
სიცოცხლე ჩვენი მინდორია, სადაც გვირილებს
გაუდგამთ ფესვი და სითეთრე გვიჭრელებს თვალებს
და მთელი მკვდრეთის გასაგონად მინდა ყვირილი!”

ყოვლისშემძლეო, მიწის, ზღვის და მზის ანგელოზო.

 

 

1 2 3 4