ალჟირში

 

ნაცრის ცვენას ქალაქამდე არ მიუღწევია, და მაინც, ცა შუადღისას

კუპრივით შავია. კასბაში ბავშვები კიბეზე ჯგუფდებიან, მაღაზიის

მეპატრონეები დარაბებს ხურავენ და  განადგურებული არმიის

პენსიონერი კინოსთან ხალხს ათვალიერებს, ეძებს იმ კაცის ქალიშვილს,

რომელმაც დაარწმუნა, საუკეთესო მეგობრის სამალავი გაემხილა. როცა

ნავსადგურში წყლის დონე იმატებს, გეოგრაფიის მასწავლებელიკალათს

იღებს და ზღვის კედლის ქვეშ დაგროვილ ნაგავში იქექება, თან ნანობს,

მამას რომ ეურჩა და მედიცინა არ შეისწავლა. მეთევზე ღუზას სწევს

და ფიცარნაგიდან სანაპიროზე მოსეირნე წყვილებს კითხვის მოყვარული

ახალგაზრდა კაცის დაჟინებით აკვირდება. ყველაფერი, სულ ყველაფერი

ნერვებზე მოქმედებს! პენსიონერი ნავსადგომისკენ მწყობრი ნაბიჯით მიემართება,

გვერდს უქცევს ველური კატების კოლონას, რომელთაც თვალი რაღაცას დაადგეს.

შავ-თეთრი – ფიქრობს ის,- ყველაფერი შავ-თეთრი.  რას შესცქერიან კატები?

მკვდარ ვირთხას.

 

 

საიდუმლო სერობა

 

მედიცინასა და ხელოვნებაში თავისი წინაპრების დიდებული მიღწევებით

გამოწვეული შურისა და  საკუთარი არარეალიზებული ამბიციების გამო უკიდურესობამდე მისული  ქურდები სულ უფრო გვიან იძინებდნენ.

წარუმატებლობას აბრალებდნენ სანაპირო ზოლზე მოგიზგიზე ცეცხლსა

და ჩინეთის უდაბნოებიდან  ქარის მოტანილ მტვერს, დოლარის რყევებს.  პრეცედენტული შემთხვევა იყო – არავის გაეგონა, ვიდრე პოლიცია არ

დაადგათ. „ენდე ინსტინქტებს“ – როგორც ამბობენ. – ნდობა ის ამბავი

არ არის, შენ თვითონ რომ მოყვები.“  რაც სხვებმა სიახლედ მიიღეს, იყო

დაგეგმილი კატასტროფა, რომელსაც მათი ადვოკატი ჩახლართულს

ეძახდა. ფითილი ჩაქრა, მაგრამ ალი აინთო მათ გულებში. მათი სურვილის

ობიექტი? ცოტაც და ბანკის საცავში დატოვებული ბრილიანტირიყის ქვად

იქცევა. მარცხენა ხელში ჩანგლითა და მარჯვენაში დანით მათ თავისი

ხორცი ამერიკულად აქნეს და საკუთარ თავებს ღეჭვა-ღეჭვით მიულოცეს ბრილიანტივით გეგმა და სიმდიდრე, რომელსაც მოიხვეჭდნენ.

 

 

გარეშე

 

პირველ დღეს თხა აკაციის ხის კენწეროზე მოექცა და დაიძახა „ახალი

სამყაროსკენ მიმავალი გემი მანამდე ჩაიძირება, ვიდრე ნავსადგურს გასცდება.“

მთელი ღამე იქ დარჩა და იმ სამი თანავარსკვლავედის ვარსკვლავებს ითვლიდა,

რომელიც მანამდე არ ენახა. დილით სახე ჩამოიბანა და დაიძახა „მეთევზეები, რომლებიც ბადეებს კემსავენ, ზღვაში ვეღარ გავლენ.“ ფოთლები დასცვივდა ხეს, ქედიდან მწყემსმა გამოსძახა, და თხა, სიცხეში გამოცოცხლებული, საღამომდე გაშიშვლებულ ტოტზე ხტოდა, ვიდრე უშიშრად არ ჩამოეძინა. არ დარდობდა,

რას მოუტანდა გაცვილებული მთვარე. იმ ღამით ესიზმრა, რომ  აფთარი

მისდევდა ლომს ხეობაში, სადაც ზღვა შეიჭრა და კონტინენტი ნაწილებად

დაყო – ზოგი იყო ოქროთი, ზოგი ოქროს გარეშე. მესამე დღეს მზის

სხივებში გაიღვიძა, იმ შეგრძნებით, რომ ზღვის ქათქათა ქიმები დაუწერელი

წიგნის ფურცლები იყო, მთის ქედზე რომ დარჩა, საიდანაც მწყემსმა დაუძახა.

                                                                                              წიგნიდან „Flares”

                                                                                              White Pine Press 2021

                                                                                  თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

 

 

 

1 2 3