თარგმანი (2)

 

ენის წვერზე ედგა სიტყვა, როცა ჩიტი ვენეციურ ფანჯარაში შემოფრინდა და

მზეში მბზინავ ბუჩქში ჩავარდა. შემოესმა წლების წინ გარდაცვლილი

დედის ხმა, რომელიც მისგან საწოლის სასწრაფოდ გასწორებას მოითხოვდა და

ბრაზობდა, როცა ის მისი ბრძანების გაგონებაზე თვალებს ატრიალებდა. ბოლი

ამოდის წისქვილის მიღმა, შაქრის ლერწმების ბოლო რიგიდან, სადაც გლეხმა

თავი წააცალა ეგვიპტურ კობრას. კაცმა თაროდან მინდვრის გზამკვლევი ჩამოიღო,

თან დააკვირდა ჩიტის ფართხალს. წყაროს რაკრაკი ხომ არ ესმოდა, რომელიც

საით მიჩუხჩუხებდა? და როცა ჩიტმა ფრთა შემოკრა, ხმამაღლა თქვა „მართლაც ასეა.“

 

 

 

ამოსვლა

 

„იყავით გამვლელები“

თომას სახარება, 42

 

ვერ შენიშნეს, როგორ გადმოიბნა ფქვილი ქალის ქოთნიდან. გზის ეს

მონაკვეთი ერთმანეთთან დაპირისპირებული გასამხედროებული ჯგუფების

სასტიკი ბრძოლების პოლიგონი გამხდარიყო. მათი ყურადღება ბორცვზე,

რომელზეც ტუსაღები დახვრიტეს, მიმოფანტულმა მონეტებმა, მასრებმა

და გამურულმა პირადობის მოწმობებმა მიიპყრო. მზის სხივი აირეკლა მავთულხლართებმა, რომელიც, როგორც ამბობენ, არასოდეს დაიჟანგება.

კვამლი და მტვერი ქარში. მემატიანემ აღნუსხა გიდის ნათქვამი: მთამდე

მისული ვენახის ფართობი; ზეთისხილის ხეების ასაკი, რომელიც ზღვის

ხედს ფარავს; მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ის აპირებდა უცნობი აფორიზმების შეგროვებას წიგნში სახელად „დაცემულთა სამეფოში“, რომელსაც

კიდევ  მრავალი საუკუნე არ წაიკითხავენ.  და ქალი? მან ქილის მოტეხილი

სახელური გზისპირა თხრილში მოისროლა და ჩაიჩოქა, გაბრწყინებულმა.

 

 

 

 

აალება

ქირის გადახდა დაგვიანდა და თავში არავის მოუვიდა უდაბნოში გზის

გაყოლებით გამწკრივებული შავი ალმების ქვეშ ჩამარხული ოქროს ტომსიკების ამოთხრა. გაზის აალებამ ბინდში თვალები გაუნათა მომთაბარე კაცს,

რომელსაც სეზონის მიწურულს უკვე დაჰკარგოდა  წყლის პოვნის იმედი.

მისი ფარა განახევრებულიყო, ოაზისი ფეხით სავალ მანძილზე აღარ ეგულებოდა, მაგრამ არაფერი უთხრა თავის ვაჟს, რომელიც უკვე გაქცევას გეგმავდა, არა

ქალაქისკენ, არამედ ზღვისპირა საფინაჟო ქარხანაში*.  იქ მუშაობის პირველი

პირობა ყოველკვირეული სისხლის ანალიზი იყო, ხოლო მეორე კი – ინჟინრის ბრძანებების იგნორირება, თუ ის ბაზიერის წინაშე მუხლს არ მოიყრიდა.

„კარი გააღე,“ თქვა მამამ ერთ ღამეს ძილში. „ვინ არის?“  თქვა ბიჭმა. „სახლის

პატრონი.“ თქვა მამამ. „მისი გემი გამთენიისას მიემგზავრება.“

 

*ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

 

 

 

1 2 3