Only lovers left Alive

 

და, ყველა გოგოს, ვინც შუაღამეს გამოდის გარეთ,

შეყვარებულის გადასარჩენად, გათენებას არ ელოდება.

თუ სიყვარული დაცული ტერიტორიებია,

თუ კანიონებს და ხეობებს და შავი კლდის ტბებს

წამოყვება პარალერული ღრუბლების ფერი…

 

მაშინ მითქვამს –

ყველა ის გოგო, ვინც შუაღამეს გამოდის გარეთ და

გათენებას არ ელოდება,

ვინც შეყვარებულს გზას უმოკლებს შეხვედრამდე,

როგორც ღამეში, უეცარი ვაშლის ყვავილის ამოტეხვა ბუტკოდან –

ისიც დგას ქარში და ელის შტორმს და ქარიშხალს და ერთი

სიტყვით კარგს არაფერს.

ამ ყველა გოგოს, მერე რა, რომ არ აუყვავდა საშვილოსნოში ჩვილი

და შვილი, ძე ან ასული.

უშვილობა და უქორწინობა წმინდანობაა საიდუმლოსი –

ეს წმინდანობა ველისაა.

აქ არის ცხენებსა და კვიცებსა და კანიონებს შუაში.

იქ, სადაც უცხო მტაცებელ

ფრინველს გააქვს ამბავი, მოჰფენს ხეობებს,

მდინარეებში გაშლის-გაფანტავს,

თავისი ბუდის წიწილს, სისხლივით მდნარი

სიყვარული რომ გაუძეძგოს და ნაწილ-ნაწილ, ლუკმა-ლუკმა

სურს რომ აჭამოს, მისი ვნებაა.

ამ ყველა გოგოს, ვინც შუაღამეს გადის ქუჩაში თავსხმა,

კოკისპირულ წვიმაში, გარე განათების არ ეშინია და

ახალი მთვარის იმედად მიჰყვება ქუჩებს.

მძიმე. წერტილი.

ყველა ამ გოგოს, საკუთარი ვარსკვლავი ცაზე,

ეკუთვნის ჩემო ტკბილო იესო.

ჩემი არ გჯერა, მოდი  აბა, ვკითხოთ დედილოს,

ჩუმსა, უბრალოს.

ვკითხოთ დედილოს, შენ რომ არსიდან ჩაგისახა,

შენ რომ გშობა ჯვარზე გაკვრისთვის.

1 2 3 4 5 6 7