დამახსოვრების რეჟიმში რამდენი ნაგავი დაგროვილა,

ლაქას რა გაწმენდს, დილეითის ღილაკის გამოყენება

შესაძლებელია.

ოთხი კედლიდან არც ერთი არ გეკუთვნის,

ოთხივე კედლის მეორე მხარეს

ცხოვრობენ ყრუ-მუნჯი

თანაქალაქელები – მხოლოდ საინფორმაციო გადაცემაა

მათთვის ნამდვილი – ნაცემი პოეტი, ლოთია და უმაქნისი

მაძღარი პოლიტიკოსი შავიდან თეთრ ჯიპზე თუ გადაჯდება – გმირი.

პურის ფულის მიღმა ბრენდული სამოსია,

ორივე ერთად უნდა შეგეძლოს, ეს კონტრასტების ბებერი ქალაქია,

ნაგვის ურნებიდან ამოღებული ერთჯერადი კოკა კოლის ბოთლმა

შესაძლებელია მილიარდელის სასადილო მაგიდამდე მიაღწიოს.

რამდენი წლისას კი გინდა და იყავ,

სანამ მამა ცოცხალია, პატარა გოგო ხარ და ტირილი დაშვებულია.

სულ უმიზეზოდაც შეგიძლია, დაურეკო და ტირილით

უთხრა რომ ფურცელზე ხელი გაგეჭრა,

რომ საჯარო სამსახური ქალთა ციხეა, სადაც ყოველი ქცევა

ლუპის ქვეშ დაკვირვების არეალშია და დერეფნის კამერები გიყურებენ,

როგორც სოფლის შავი ბებრები, სახლების წინ სკამზე ჩამომსხდრები,

ხელები რომ მუხლებზე უწყვიათ და ჩასაბარებლად გამზადებულ ჯარისკაცებს

გვანან.

მე ყოველ დილით მივდივარ შახტაში,

მე ყოველ დილით ქვანახშირს მოვიპოვებ,

მე ყოველ დილით სიზმრებს დაპაუზების რეჟიმში ვტოვებ –

და ვუყურებ ქალაქს, რომელსაც თავისი ბავშვობა ენატრება და

რომელიც ჰგავს ნაომარს, რომელმაც ხელები თავს ზემოთ ასწია.

 

 

1 2 3 4 5 6 7