შაქარი

 

თბილისს ოღონდაც გავცდე, ეს გაჩერება და ბაქანი, ყელში გაჩხერილი.

თბილისს ოღონდაც გავცდე და ავტობანზე დაე გეტოების თეთრმა სევდამ

ჩამხერგოს.

თბილისს ოღონდაც გავცდე და წეროების გუნდებმა მომაყივლინო, როგორ

მიჰყავთ ჩემი ძმა დამწვარი კიდურებით, სანამ ჭინჭრის კვართს არ მოვქსოვ,

არ დააბრუნებენ უკან.

თბილისს ოღონდაც გავცდე, რათა დამავიწყდეს, როგორც ცუდი სიზმარი,

პოეტი ბიჭის ყინვიანი გათოშილი ღამე მთავრობის კანცელარიასთან,

გინდა შიმშილით მოვკვდე, გინდა ყინვით და პასუხი არ იყოს.

ოღონდაც დამავიწყდეს, პოეტი კაცის დალურჯებული თვალები და გახეთქილი ტუჩი,

გინდა ცემით მოვკვდე და გინდა ღირსების აყრით, და პასუხი არ იყოს მთავრობის კანცელარიასთან.

ოღონდაც დამავიწყდეს,  მთავრობის კანცელარიასთან აგარელი შაქრის მუშის, მშიერი თვალები, მთელ სხეულში რომ

დიაბეტი ხრავს და ოხრავს,

გინდა ტყუილით დამტკბარი ჩაი და გინდა უსახსრობით გაჩეხილი სახსრები.

სად გინდა წახვიდე, რომ ოღონდაც იყოს პასუხი.

 

 

ფრენის სწავლა ბეტონის ხმებით

 

 …ჩემი შვილი მანდ არის,
კარგად შამინახეო…

                                        სურამის ციხე

 

ჩამოივლის ალალიო, გაიგონებს. არ არიო.
სულყველაფერი ალალს დავაბრალოთ, მოდი,
ვითამაშოთ შარახვეტიაობა, გზას გავყვეთ, გზამ იდინოს,
თავისი თქვას.

მე კი ვიცოდი, გული გრძნობდა, სახე მეცვლებოდა,
სხეული მიგრძნობდა, ხმას როგორ ამოვიღებდი,
ხმა გაცემული მქონდა.

მოჭრილ ნაძვს სამი ბუდე გადაჰყვა, ჰაერშივე გაიფანტა
სიცოცხლის სუნი.
მერე გათხარეს, თხარეს, თხარეს, აღარ გაჩერდნენ,
მოჭრილ კვიპაროსს მიაწყევლა კაჭკაჭმა, ფრინველის ენა
გაიგონა, ალბათ ალალმა.
რა მოსაწყენი ზამთარი იცის, შენც იცი, აქეთ, ჩვენსკენ,
სადაც 30 წელიწადია ვშენდებით და სარკეშიაც არ ვიხედებით.
ისე გვაშენეს, ზედ დაგვაშენეს ყველა სცილა და მავან ქარიბდა,
ფარღალალა ხუხულაზე შეხტა მუშა, შეხტა ბიჭი, მერე კაცი,

სახლისკაცი, მამა, შვილი, ძე –

აიწონა-დაიწონა.
ზამთრის დღეებს მათ ვაყოლებ, როცა ოფისს უჭირს მწარედ.
გადვიხედავ, წითელქუდა დაუმთავრებელ კორპუსიდან

კორპუსზე გადარბის,
თითქოს დობილ თებჟორიკას დასაჭერად დაედევნა.

მაგრამ ჭინკა არ არი.

ხისტი არის შუაღამის ნიუსები, გადაფარავს ახალ ამბავს სხვა ახალი,
მერამდენე(დ) მშენებარე კორპუსიდან გადმოფრინდა –
მუშა ჰქვია,
სახლში დარჩნენ პატარები დამშეულნი, თავზე ზეცა ჩამოენგრათ.
ამ ამბავის დავიწყება სხვა ახალით ძნელი არის.

გაიხედავ, მოჭრილ ხეებს ამოთხრიან ფესვებამდე,
გაჭრიან და გამოჭრიან, ამოთხრიან, გადათხრიან
წამიერად თავს წამოყოფს რკინის ჩონჩხი, გველეშაპი –
„ჩემი მამა მანდ არის,
კარგად შემინახე“.

ვშენდებით და ვერ ავშენდით, არაშენდა ობლის ცრემლზე,
საქართველო, ლამაზი.

 

1 2 3 4 5 6 7