გასულფონება

 

ღმერთო, მადლობა,

რომ დედაჩემი კი არ მოკალი, თავიდან შობე.

მისი ობლობით გულმოკლულმა, ვერ გაიმეტე –

შენი ცოდვაც გამოისყიდე.

 

ჩვენი დედაშვილობა დიდგუბეში შედის  და იქედან ისე გამოდის,

ოქროსთმიანი,

შენი მოგზავნილი სახლის ანგელოზები რომ არა,

წყალთ რომ ულოცავენ,

წყალ წილს,

თმასა და წარბ-წამწამს წასძოვდა უხსნებელივით

აბიბინებული ავი უჯრედი.

 

როგორი სინანული მოუვლინე,

როგორი აღსარება, ყველა ქალური ცოდვა აზღვევინე,

ორივე ძუძუ გაუხსენი, ისე აწივლებული  ჩამოწმინდე.

 

მე რომ შვილი უნდა გამეჩინა, ცხრა ათას თვეს ველოდი,

ჩემი სურვილის ასასრულებლად დედაჩემი ჩვილად იქცა –

თმა გაიცვინა, ნაკერზე გაიხსნა,

სიცოცხლეს დაუსხლტდა.

მის თავზე ამოიწვერე ახალშობილივით,

მის სულში შეიბუდე,

ჩემი სახლ-კარის ანგელოზები გააცინე,

ობლის კვერი გამოაცხე.

 

1 2 3 4 5 6 7