ძაღლი

ძაღლი ლაღად დარბის ქუჩაში

და ხედავს ნამდვილ ცხოვრებას

და ის რასაც ხედავს

არის მასზე დიდი

და ის რასაც ხედავს

არის მისი რეალობა

ლოთები ჭიშკრებთან

ყველა ხეზე სხვადასხვა მთვარე

ძაღლი ქუჩაში დარბის ლაღად

და ის რასაც ხედავს

არის მასზე მცირე

თევზი გაზეთზე

ჭიანჭველა ჭუჭრუტანებში

ქათმები ჩაინათაუნის დახლებზე

მათი წაწყვეტილი კისრები კი ერთი კვარტლის იქით

ძაღლი ლაღად დარბის ქუჩაში

და რასაც ყნოსავს

ყველაფერს თითქოს მისი სუნი ასდის

ძაღლი ლაღად დარბის ქუჩაში

და აწყდება გუბეებსა და ბავშვებს

კატებსა და სიგარებს

აბანოებსა და პოლიციელებს

პოლიციელი არ სძულს

ის უბრალოდ არ სჭირდება

და მასთან არ ჩერდება

არც  სან-ფრანცისკოს ხორცის ბაზარში

გატყავებულ და ჩამოკიდებულ

მკვდარ ძროხებთან ჩერდება

რბილ ძროხას უფრო გაკრავდა კბილს

ვიდრე უხეშ პოლიციელს

თუმცა უარს არცერთზე არ იტყოდა

და არც „რომეო რავიოლისთან“ ჩერდება

და არც კოიტის კოშკთან

არც კლაიდ დოილთან

მას აშინებს კოიტის კოშკი

კონგრესმენ კლაიდ დოილის შიში კი არ აქვს

მერე რა რომ რაც მასზე ესმის ძალიან შემაშფოთებელი

ძალიან სევდიანი

და ძალიან აბსურდულია

ნაღვლიანი ჯეელი ძაღლისთვის

მისნაირი სერიოზული ძაღლისთვის

მაგრამ მას თავისი ლაღი სამყარო აქვს

სადაც თავისი რწყილებით იკვებება

სადაც ალიკაპს არ ჩამოაცმევენ

მისთვის

კონგრესმენი დოილი ერთი ჩვეულებრივი

ცეცხლმაქრია

ძაღლი ლაღად დარბის ქუჩაში

და თავისი ძაღლური ცხოვრება აქვს გასავლელი

და სწორად უნდა იფიქროს

და სწორად განსაჯოს

რასაც ეხება და სინჯავს და ამოწმებს

და იკვლევს

ცრუმოწმეობის გარეშე

რეალური რეალისტი

რეალური ამბებით

და რეალური კუდით

რომ მოყვეს

რეალური ცხოვრება

ყეფით

თავისუფალ მეწარმოებაში

ჩართული

დემოკრატიული ძაღლი

რომელსაც ბევრი აქვს სათქმელი

ონთოლოგიის შესახებ

ბევრი აქვს სათქმელი

რეალობის შესახებ

თუ როგორ დაინახოს

თუ როგორ გაიგონოს

თავაღერილმა

ყველა ქუჩის კუთხეში

თითქოს „ვიქტორ რეკორდსისთვის“

ფოტოს უღებენო

თუ როგორ უსმენს „თავისი პატრონის ხმას“
და ჰგავს ცოცხალ კითხვის ნიშანს

როცა იხედება გამოცანებით სავსე არსებობის

გრამაფონში –

გამოღრუტნულ რქაში

რომელიც თითქოს

სადაცაა ყველა შეკითხვაზე

ძლევამოსილ პასუხს

ამოაფურთხებს.

 

 

 

1 2 3 4 5