ველური ოცნებები ახალი დასაწყისისთვის

 

ამ საღამოს ავტობანზე უსიცოცხლო დუმილი სუფევს

ბეტონის ჯებირებს იქით

ოცნებებში წასულან რესტორნები

სადაც შეყვარებულები სანთლის შუქზე სხედან

მილიარდობით ნათურით

კვლავაც იწვის დაკარგული ალექსანდრია

სხვადასხვა ცხოვრება იკვეთება შუქნიშანთან

და უსაქმოდ მიდი-მოდის

დაქსელილ გზაჯვარედინთან

„საზოგადო სიცარიელეში სულები ჭამენ სულებს“

საფორტეპიანო კონცერტის ხმა გამოდის სამზარეულოს ფანჯრიდან

ოჰაიში იოგი ლაპარაკობს

„ყველაფერი ჩვენს გონებაში ხდება“

ხის ძირას ბალახზე

შეყვარებულები უსმენენ მასწავლებლის სიტყვებს

რომ ისინი სამყაროს ნაწილი არიან

თვალები გრძნობენ ყვავილების სურნელს და

თავადაც ყვავილები ხდებიან

უკვდავი დუმილი სუფევს

ამ საღამოს ავტობანზე

თითქოს მოქცევის დროს წყნარი ოკეანის

ერთი მილის სიმაღლის ტალღამ გადაუარა

ლოს-ანჟელესმა თავისი ბოლო საწვავი ჩაისუნთქა და

გაჩახჩახებული ტიტანიკივით

ჩაეშვა ზღვაში

ცხრა წუთის შემდეგ უილა კათერის ნებრასკაც

მას უერთდება

ტალღები წვდება იუტასაც

და მორმონების ქოხმახები მთლიანად მიაქვს

კოიოტები იშლებიან & ფეხს არ იცვლიან

ომაჰაში ორკესტრი უკრავს ჰენდელის „მუსიკას წყალზე“

საყვირები წყლით ივსება

ბასისტები თავისივე ინსტრუმენტებს

ზემოდან საყვარლებივით აწვებიან და მიცურავენ

ჩიკაგო-ლუპი ემსგავსება „ამერიკულ მთებს“

და ცათამბჯენები ჭიქასავით მალე ივსება

დიდი ტბები ბუდისტურ მარილწყალს ერთვის

დიდებული წიგნები ევანსტონში განიბანება

მილუიკის ლუდს ზღვის ქაფი ედება

ბუფალოს მშვენიერი მდინარისგან მარილი რჩება

მანჰეტენის კუნძული სამოც წამში  სულ ირეცხება

ამსტერდამის ღრმად დაფლული ანძები ტივტივებს

როგორც კი ვეებერთელა ტალღა აღმოსავლეთს მიადგება

და  მობერებულ კამამბერულ ევროპას გადარეცხვით ემუქრება

მანჰეტენი ზღვის ხვიარებში იორთქლება

გადარეცხილი მიწა ისევ იღვიძებს და ველურ ბუნებას ეგებება

ერთადერთი ხმა ჭრიჭინების უსასრულო ჭრიჭინია

ზემოთ ზღვის ფრინველები შეჰყვირიან

დაცლილ მარადისობას

მაშინ როცა ჰუძონი თავის ტევრებს ისევ იპყრობს

და ინდიელები თავიანთ კანოეებს უბრუნდებიან

 

 

ინგლისურიდან თარგმნა 

დალილა გოგიამ

 

 

 

1 2 3 4 5