ალენ გინსბერგი კვდება

 

ალენ გინსბერგი კვდება

ამაზე წერს ყველა გაზეთი

იუწყება ყველა საინფორმაციო გამოშვება

დიდი პოეტი კვდება

მაგრამ მისი ხმა

არ მოკვდება

მისი ხმა დარჩება მიწაზე

ლოვერ მანჰეტენზე

ის კვდება

საწოლში

და ვერაფერს გავაწყობთ

კვდება სიკვდილით, რომლითაც

კვდება ყველა

ის კვდება პოეტის სიკვდილით

ხელში ტელეფონი უჭირავს

და მთელ მსოფლიოში

ყველას ურეკავს

შუაღამისას

თავისი საწოლიდან

ლოვერ მანჰეტენიდან

„ალენი ვარ“

ამბობს ხმა

„ალენ გინსბერგი რეკავს“

რამდენჯერ გაუგონიათ ეს სიტყვები

იმ დიად წლებში

რა საჭიროა „გინსბერგის“ დამატება

მთელ მსოფლიოში

პოეტების სამყაროში

ალენი ერთადერთია

„მინდა იცოდე“ იწყებს ის

და უამბობს რა ხდება

როგორ  აწევს

ზემოდან

სიკვდილი – მისი შავი შეყვარებული

და აწვება

მისი ხმა სატელიტით დაქრის

მიწაზე

იაპონიის ზღვაზე

სადაც ერთხელ იდგა

ნორჩი ნეპტუნივით

სამკაპით ხელში

შავწვერიანი ახალგაზრდა

დიდი მოქცევის ჟამს

ზღვის ფრინველების ყიჟინში

შიშველი

იდგა ქვიან სანაპიროზე

ახლა ტალღები აწყდებიან  და

კივიან თოლიები

სან-ფრანცისკოს სანაპიროზე

ქარი მძვინვარებს

დუჟმორეული ტალღები

ლოკავენ ნავსადგურს

ალენი რეკავს

მისი ხმა ტალღებს ექცევა ქიმზე

მე ვკითხულობ ბერძნულ პოეზიას

მასში ზღვაა

ცხენები მოთქვამენ

აქილევსის ცხენები მოთქვამენ

აქ ზღვასთან

სან-ფრანცისკოში

სადაც ტალღები მოთქვამენ

და ხრიალებენ

ხრიალით

ალენ

ჩურჩულებენ

ალენ

 

 

 

1 2 3 4 5