* * *

 

ჩემი ფანჯრის მოპირდაპირედ,

ჩეხურ კორპუსში,

მეექვსეზე,

ერთი თვეა დაესახლა ბედნიერება.

როგორც მუქი, ბლანტი ყავა რძემ გაათეთროს,

ჩვილის ტირილი შეამღვრევს ღამეს,

ამოიშლის ტანის რტოდან ახალგაზრდა დედა თაფლის ვარდს,

პირთან მიუტანს მოშივებულ შვილს,

დააყუჩებს.

ფარდებში ბჟუტავს

კანდელივით უქრობელი, წყნარი შუქი

და უძილობის უდაბნოში

ცაზე მავალ ვარსკვლავივით მიმიძღვება.

 

რამდენჯერმე ვკითხე  მეზობელს ამ ოჯახზე,

მეუბნება, რომ ის ბინა დაკეტილია,

დიდი ხანია არავინ ცხოვრობს.

 

    * * *

 

ჩვენ შევხვდით სუპერმარკეტში.

წაკითხული მქონდა მისი ლექსები,

ის ისე წერდა მაღალ, ლამაზ,

ცოლიან კაცზე,

ისე წერდა,

შუაღამისას მაღვიძებდა

კაცის ფრთხილი ნაბიჯების ხმა,

ტკაც!

საკეტის ენა სწრაფად ჩასრიალდებოდა ხოლმე ბუდეში.

იქვე იხდიდნენ,

მათ სიშიშვლეს ჰქონდა მზის და

თოვლის სუნი.

 

ქალს ეჭირა სავსე პარკები,

იდგა რიგში,

ირწეოდა სიმძიმისგან.

ჩამქრალ შუბლქვეშ

ზამთრის ხეებს შერჩენილი ნაყოფივით

შეჭკნობოდა ქუთუთოები.

 

ამ შეხვედრის შემდეგ

ვკითხულობ მის ლექსებს.

ვკითხულობ,

მაგრამ კაცი

აღარ მოდის,

აღარ მოსულა

არცერთ ღამეში.

 

 

 

 

 

1 2 3 4