Erotic-Games

 

რა კარგია,

ჩემი მეზობელივით უშნოდ არ ვბერდები,

მუცელი არ მომეფლაშა,

ფეხები არ დამიმსხვილდა,

ჩემი ქმარი საწყალთვალებიანი კაცი არ არის,

და ჩემს ჭერქვეშ არავინ ცხოვრობს

(მადლობა ღმერთო, მარტო ძილისთვის!).

თმაც არ მემსხვრევა თიხასავით,

სიარულისას ზურგზე მიფეთქავს

მისი ნედლი, თბილი ბოლქვები,

ეს ნიშნავს რომ ჩემი სისხლი

სინოტივით კვებავს თმის ღერებს,

ესე იგი ჯერ ადრეა!

ჯერ შეიძლება

მოედანზე, აფთიაქთან,

ყოველ დილით მელოდებოდეს

ამ აფთიაქის დისტრიბუტორი,

დაბალი კაცი,

ჩემს დანახვაზე უსტვენდეს ძველი

ეროტიკული კინოფილმის მელოდიას,

მოსახვევამდე მასმენინოს

ჩემი გავა-თეძოების საგალობელი.

ბრიყვი! უსტვინოს,

ვინ სულელი ჩააბარებს კაბისშიგნითა აღსარებას?!

მოსახვევთან ერთ ოინს კიდევ ჩავუტარებ,

თინეიჯერი გოგონების წმინდა რიტუალს:

თითებს თმებში შევიცურებ,

და გავარხევ მათ მშვენებას დილის ჰაერში,

გავაცხადებ, როგორც მარაოს

ჩაკეცილ ფრთების საიდუმლოს.

 

დანიშნულია პაემანი.

მეორე დღეს,

ამავე დროს,

ამ ადგილას.

 

    

 

      ***

კაცი უნდა იყოს ლამაზი

ძალიან ლამაზი

შენზე ლამაზი.

ამ პირობით იწყება:

წყლის წვეთიც არ გადაგდის ყელში

წევხარ საწოლში

როგორც კეთრის აკლდამაში ავადმყოფი,

ნაცრად რომ იქცე,

შეგმუსროს ვნებამ

ცხელი, ტკბილი, მდუღარებით,

ფერფლად იქცე.

 

როემლ შეხვედრას შეუძლია აირეკლოს მოლოდინის დიდებულება,

ან რომელი წარმოსახვა დაემთხვევა სინამდვილეს,

ვიდრე გშია მანამდეა პური ღმერთი.

 

კაბააშლილი ქროლვა კაცისკენ,

მოგებება, შეხება, შეჭრა,

ლამაზი და ძალის მქონეა,

მაგრამ ბოლო, კართან კოცნით

გამუდმებით რატომ ფხიზლდება

ის ნაცნობი მწუხარება.

 

ამიტომ წევხარ

შენს ოთახში,

გზას იგრძელებ კაცის სახლისკენ,

ფურცლავ დღეებს –

არ წავალ

წავალ

არ წავალ

წავალ.

წავალ.

 

 

 

 

1 2 3 4