ბოლო ჟამის ომი
იცი, ეს როგორი ომია?
სალონიდან თმადავარცხნილი გამოდიხარ,
შეხვედრაზე გაგვიანდება,
ყურზე მიდებულ მობილურს მხრით იჭერ და ცარიელ ტაქსის ეძებ,
მაგრამ ფეხებთან მანქანა კი არ გიმუხრუჭებს, ჭურვი გისკდება.
ამ ომმა იცის სამზარეულოში ამოჩემებული შენი ადგილი
მაცივარსა და მაგიდას შორის.
წინა კორპუსის სახურავიდან სნაიპერი ტყვიას გიმიზნებს.
კისერში.
არცერთი ომი არ ყოფილა
ასე ახლო, შენი.
ლიფტში შენი სართულის ღილაკს თითს რომ აჭერ
ელოდები, დანაღმული კაბინა ცაში როდის გაგფანტავს.
ეს ომი შენს შვილს უთვალთვალებს,
სკოლიდან საცურაო აუზზე და იქიდან სახლისკენ მომავალს
რატომღაც ჯერ არ გიკლავს.
ეს ომი ყველგანაა. მისი ხრიალი ისმის მოშვებული ონკანიდან,
მისი კვამლის სუნი აღწევს ნიღაბში.
და იცი,
ეს არ არის მერამდენეღაცა ომი
სამამულო, სამოქალაქო, რელიგიური,
ეს ბოლო ომია
დასასრულის გარეშე.
სადაც მშვიდობა
წლევანდელი გაზაფხულივით ძალიან დიდხანს დაიგვიანებს,
ან აღარ მოვა.
* * *
ჩემს უდედო მეგობრებს ვეკითხები:
სამსახურიდან დაბრუნებული
თქვენც ეძახით –
დედა, მე ვარ,
დედა, გამიღე!
თქვენც თვალს არიდებთ მხრებჩამოყრილ მოსასხამებს მის კარადაში,
თქვენც წაუღეთ ეკლესიის უპოვარებს დედის კაბები,
მერე ჩუმად ბევრი იტირეთ.
თქვენც გარბიხართ და ეხვევით კართან ჰაერს
როცა მისი ფეხის ხმა გესმით.