დედას

 

მატარებელი,

ხეობაში რომ შეგვიყვანა,

ის ტყე. ის დილა.

ფიჭვის სუნი,

კოხტა სადგური,

სადაც ნაძვის ქარვისფერი კევი ვიყიდეთ,

სადაც ვაგონს აედევნენ სოფლის ბიჭები.

შენი კაბა,

შენი მარაო,

შენი ჩანთა-მუზეუმი,

მამაჩემის ბოლო ფოტო,

თქვენი ქორწინების მოწმობა,

ბანკის წიგნი, წერილები,

მთელი ბავშვობა გაუხუნარ აღტაცებით ვათვალიერე,

მსოფლიოში არცერთ მუზეუმს არ ეყოლება

უფრო ერთგული ვიზიტორი.

ალბათ, გვიანდელ წუთებს უნდა ვიხსენებდე, ბოლოდროინდელს,

მაგრამ რატომღაც

როცა მიყურებ გადიდებული სურათიდან,

სამყაროს უცხო სივრცეებში

ბაკურიანის მატარებელი

ისევ მაღალ ფიჭვებში შედის,

ვაგონს მოსდევენ სოფლის ბავშვები,

შენ მუხლებზე გიდევს ჩანთა

და ღიმილით რაღაცას ამბობ,

ღმერთი თუ არხევს სულის შებერვით

შენი ხმის სიმებს,

სხვანაირად არ შეიძლება

ასეთი შუქი ამოჰყვეს სიტყვებს,

ვიცნობ ათას ვარსკვლავს შორის

მაგ სინათლეს,

ვიცნობ,

ის არის,

დაბადებამდე რაშიც მამყოფე,

რითიც მიცავდი,

ახლაც მიცავ,

რასაც უცვეთელ საბურველად შემომახვევ,

შენთან როცა მოვალ, დედა.

 

 

 

 

?

 

რა ჰქვია

მე და შენს შორის მანძილს,

რომელიც

არც საწოლამდე დაპატარავდა,

არც დავიწყებამდე გაიზარდა.

ის სიღრმე აქვს,

სადამდეც შვებით სუნთქავ,

სადამდეც ფრთას შლი.

რჩება, როცა სხვისთვის იხდი.

როცა ყველა მიდის.

 

შეხებაზე ნამდვილს,

სიყვარულზე ღვთიურს

რა ჰქვია მე და შენს შორის ამბავს ?

 

 

 

 

 

 

1 2 3 4