* * *

 

ორივე შემიყვარე! –

როცა მწყემსი ვარ

და როცა ვარ,

მიწათმოქმედი.

.

ჩამოივლის მაღალი კაცი,

მხრებში მოხრილი.

მოხსნის თავს,

ამ თავის გუდას.

ამოცვივდებიან იქედან

ფერად-ფერადი ბავშვები

და მე გული მწყდება,

ყველა მოპრიალებული თეფშის,

ყველა დაზეპირებული

ფიზიკის გაკვეთილის გამო

და მე გული მწყდება,

რომ ვიყავი ხუთოსანი

და წკრიალა

და ტილებს, ჩემს თმებში,

დიდი დღე არ ეწერათ.

.

ორივე შემიყვარე! –

როცა მტრედი ვარ,

ნისკარტში რტოთი

ზეთისხილის

და როცა ყვავი ვარ,

ცარიელი.

.

ჩემს ვიწრო თვალებში,

როგორც სრუტეში გიბრალტარის,

გაივლიან ადამიანები.

ჩემი შერეული ტვინი კი,

ჰგავს გრიგოლას მაღაზიას,

სადაც თუკი მოვისურვებ,

მშვენიერი იოსების

ჭრელ ხალათსაც გამოვაძვრენ

დახლის ქვემოდან

და ყალბი ქვებით

მოჭედილ ხატსაც –

წმინდა გიორგი კლავს გველეშაპს.

იმიტომ რომ, ბოროტია – მასწავლეს.

მე კი მებრალება.

.

და შემიყვარე

როცა ისეთი მარტო ვარ,

როგორც ის ღრუბელი ცაზე,

მწვანე, ბატკანივით.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5