იუდა

 

გაცვალე კაცი ვერცხლზე

და იყიდე ნავი გამოთლილი

მთლიანი ხისგან

და სულ ამაოდ გელოდებოდეს

წვრილმანებით მოვაჭრე

და ოთხივე მახარებელი

და შრიალებდეს სიხარულით

ხე უვნებელი.

უხაროდეს, ამ მცირე ლექსსაც.

მეთევზეები კი გლანძღავდნენ,

უშვერი სიტყვებით,

როცა თევზს  იჭერ,

ფრთხილად კოცნი

და წყალში უშვებ.

 

 

 

* * *

მიყვება მამაჩემი,

რომ კაცი,

მეზობელი საწოლიდან,

ისე იქნევს ხელ-ფეხს,

თითქოს ტალღებმა წაიღეს.

ცურვა კი აქ,

მარტო პალატის

ღმერთს ახსოვს

და მე ვეძებ სიტყვებს,

როგორც ოქროს ნამცეცებს

და ნეტავი თქვენ,

წითლად დაწინწკლულო კალმახებო.

ნეტავი შენ,

პატარა და წვრილკანჭა გოგოვ,

ჭრელ კენჭებს

წყალს რომ უბრუნებ

და არსებითი სახელი – მამა,

ფრთხილად

და მერე უშეცდომოდ

გადაგაქვს სილაზე.

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5