ლხინსა და ფქვილში
როგორ დავმალო ჩემი სისაწყლე,
პირდაფჩენილი ფეხსაცმელებივით?
იქნებ ჭყაპა-ჭყუპით
შევბრუნდე წვიმაში?
ტანზე წიწვებივით
მეზრდება სიმწვანე.
ურთხმელად თუ ვიქეცი,
ცოცხლების ხმებზე მოგიყვებით,
ერთხელ,
თქვენს ამბავსაც ვიტყვი,
ჩემს ირგვლივ მორიალე,
ხმელო სულებო.
მოდა-პოეტი რომ ვიყო,
ხომ ვერ გავაცოცხლებდი
შენს ნათქვამს:
“მოაშავგვედაბოე,
გოგო, ეს ხერხი ჩემსკენ!”
– ამას როგორ თარგმნიან? –
შევწუხდებოდი.
წინ და უკან ვატრიალებ დროს,
ხორცსაკეპი მანქანასავით.
აგერ მეზობლის ბავშვი,
რომ გაჰყვირის:
“დედია, მაჭამე
ტრიფოლიატის მურაბა!”
ან ის ქალი,
ნებით რომ მიყვება
კეთილ მედდებს იქ,
სადაც დაუყვავებენ
და ქათამივით გააცლიან ბუმბულს,
როცა იქნება
პოლარული თოლია
და როცა იქნება ასკილი,
დაასხამენ მდუღარეს.
და მე –
ფერად ფოტოებს რომ ვურიგებ
ოთხივე ქარს
და მიხარია –
პატრუქივით ჩაწეულმა მზემ,
დაიბრუნა თავისი სინათლე.