………………………………………..

 

ორი გზა გაქვს,

ორი წასასვლელი –

ან მომავალი, ან წარსული!

 

 

აფრინე მომავლისკენ მალემსრბოლი,

რძისფერ გზებზე,

ევრიკა!

ან გაგზავნე შენი ფიქრების ლაშქარი,

აამტვერებინე წარსულის ბილიკები –

შეიწვა ღორჯო, შეიწვა, ბებია!

გზისპირა ღელეში დაჭერილი ღორჯოები.

 

 

ან წარსული,

ან მომავალი!

ცეცხლი ან წყალი!

თაფლი ან კვერი!

 

 

ძაღლი მიწას ამოთხრის და შიგ ჩაიმალება,

ადამიანი კიდე წარსულში.

 

 

რა მოხდა, ან რა არ მოხდა იქ ისეთი,

რომ ვერ გამოელია იმ მაგნიტს ძალა?

 

 

ან ლექსის საწერად რა აღძრავს კაცს?

მარტო დიდება? წარმავალი,

როგორც კარაქიანი პური,

თუ კიდევ რაღაც სხვა?

 

 

ხოლო დეკემბერი იწყება უცებ,

დაემგვანება ქალაქი მთის სოფელს,

ნისლებში და ღრუბლებში ატივტივებულს.

 

 

ლექსიც თოვლია,

ხან მოდის და ხან არ მოდის

და ლექსზეც მოქმედებს კლიმატის ცვლილება,

სიცხე და შფოთი.

 

 

 

……………………………………

 

რა ადასტურებს ჩვენს არსებობას ამ ქვეყანაზე?

 

 

წიგნი, ფურცელი, ფოტო და ქუდი,

რომელიც მთელ ამ გავლილ გზებს უდრის,

რომელიც იტევს ქარსაც და მზესაც,

ფქვილსა და ქატოს, იფქლსა და ბზესა,

რომელიც იმედს იბუდნის სულში,

რომელშიც ენას ვერ იდგამს მუნჯი,

რომელშიც მუდამ ის წვიმა მოვა,

ის ძველი ქარი, ნისლი და თოვა,

მაგრამ ვერავინ შეამჩნევს ამას,

სადღაც და ზოგჯერ გაკრთება ჩქამად,

გაკრთება გულშიც უეცარ სხივად,

ოდესმე, სადმე, ვინმესთან მივა

და მოუყვება, როგორღაც, უცებ,

მას, რაც გამორჩა ფოტოს და ფურცელს

და რაც ყველაზე მთავარი იყო..

მერე რომ ისევ გვრიყოს და გვრიყოს.

……………………………………………….

 

 

 

1 2 3 4