ქვიშის მარცვლები

 

ბავშვობის მერე

მრავალ კითხვას გაეცა პასუხი,

ბევრი გამოცანა ამოიხსნა,

თუმცა დარჩა რამდენიმე,

ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი,

მაგალითად  –

ვეფხვი მოერევა თუ ლომი?

ბაბუ, ვეფხვი მოერევა თუ ლომი?

 

 

ბაბუა მეუბნებოდა,

რომ ლომი მოერევა,

მაგრამ თუ ორი ვეფხვია,

მაშინ ვეფხვები მოერევიან.

 

 

დავდიოდით თოვლში და ბავშვობაში

და ვლაპარაკობდით ვეფხვზე

და სიკვდილზე, მე და ბაბუა.

 

 

„და როცა სიკვდილიც დაბერდება

და მოკვდება, მერე რა იქნება ბაბუ?“

თუმცა, ნელ-ნელა გამოჩნდა

კითხვადაუსმელი პასუხებიც,

რომელიც უფრო ძნელია,

ცოტა ბანალურიც,

მაგრამ უცვლელი,

მაგალითად –

ბავშვობა.

 

 

და დავდივარ უთოვლობაში და დიდობაში

ბანალური ფიქრებით,

ბანალური განცდებით –

ბაბუ, ბავშვობა და ა.შ.

სხვა ისეთი არაფერი.

 

 

1 2 3 4