……………………………….

 

ნეტა რომელია ის კადრი,

რომლითაც ამ ბავშვს დავახსომდები?

 

 

ხომ ხდება,

რომ სადღაც, ბავშვობაში,

სადმე, ქუჩაში ან ზოგადად სადმე შეგხვდება

ვინმე კაცი, ან ქალი

რომელიც ან ძაღლს ასეირნებს,

ან აცემინებს, ან რაღაცას იძახის

და ეს კადრი, სრულიად უმიზეზოდ

(თუ გავითვალისწინებთ

მის ჩველებრივობას)

დაგახსომდება და ჩაგრჩება სამუდამოდ.

 

 

და აგერ ბავშვი,

აგერ კაცი

და კაცი ფიქრობს – ნეტა რომელი კადრით დავახსომდები?

აი ახლა, კაპიუშონი რომ წამომიხურავს და ვიყურები?

იქნებ ახლა, რომ მოვიხადე კაპიუშონი და შევხედე?

ან იქნება ახლა, ცას რომ ავხედე?

და იქნებ ეს კადრი აღიბეჭდოს მის ბავშვურ გონებაში

და არასდროს არ დაავიწყდეს

და მერე იფიქროს ხოლმე, დროდადრო – ვინ იყო?

რატომ ახედა ცას?

ხან ქურდად ჩაგთვალოს, ხან კარგ კაცად,

ხან მათხოვრად

და ხანაც იმად, რაც არასდროს იქნები – რამედ,

ვინმედ, ოდესღაც და ოდესმე.

 

 

………………………………………………………..

 

დღეს, რომელიღაცა ათასწლეულის,

რომელიღაცა საუკუნის,

რომელიღაცა წელს,

სისხამ დილით,

სუსხიან ზამთარში,

გამახსენდა თამაზ ბაძაღუა.

უნასკოდ წანწალს,

ოდნავ პახმელიას,

ძაღლის ძილში ღრენას,

„სუშნიაკის“ გასაქრობად დალეულ წყალს

და წვიმის შრიალს შორის,

სისხამ დილით,

გამახსენდა თამაზ ბაძაღუა,

მუხლამდე ღელეში დამხრჩვალი ოჯახთან ერთად.

 

 

„რას დაიტოვებ ჩემგან ბალახო,

წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან?“

 

 

მაგრამ არც წვიმამ მიპასუხა,

და არც ბალახმა.

 

 

ძაღლსაც ეძინა.

 

 

1 2 3 4