……..
ის წამი რომელია,
დღე რომ იწყება და ღამე მთავრდება?
თითქოს აგერ ახლა გამოვედი
დედის მუცლიდან,
აგერ ახლა ავიდგი ფეხი,
აგერ ახლა მეყოლა შვილი,
აგერ ახლა ვწერ.
წვიმა უფრო დიდხანს და ჯიუტად ასველებს მინდორს,
ღამემობეზრებული ძაღლი უფრო დიდხანს ყეფს.
ხოლო მანქანა,
მიდის, მიბღუის,
ძილში ჩაძირულ სახლების ფონზე,
და ვარსკვლავების ჩუმი ტკაცუნი,
– ღრუბლების მორზე,
გაუშიფრავი და ამოუხსნელია..
და ჩვილის სუნთქვა
(სიზმარზე მჩატე)
და ჩემი სუნთქვა
(ცხადია, მძიმე)
და გულთან ჩამდის
და სულში ატანს
ოცდამეშვიდე
ზამთრის სიცივე.