IV  (მოგონებები გვეწევიან სიცოცხლისაკენ)

 

მოგონებები გვეწევიან სიცოცხლისაკენ.

რა ხანია, ჩემს გოგონას თვალები ბასრი დანით ამოვულაგე

ამ მაგიდაზე, ახლა პუდინგს რომ შევექცევით.

 

გარეთ რა გვინდა,

ყველა შვილი უკვე სახლშია

გახამებული თეთრეულის თავბრუსხვევაში

თავჩარგულები იგლოვებენ გამოფხიზლებას

როცა შიმშილი სიზმრისპირებს აატორტმანებს.

 

შენ შეგიძლია გამხმარ წელზე ხელი მომხვიო

მანამ სველ კაბას გამოგონილ მზეზე გავაშრობ

და ნეკნებს ქვევით გამოზნექილ სიმყუდროვეში

იქ, სადაც ფეთქავს გულუბრყვილო სიცარიელე

ეგ სახვალიოდ მზენაკლული სახე შემალო.

 

არ შეგეშინდეს,

თოჯინები უკვე გამაღლდნენ

უკვე თვალებში მიწა უჩანთ, როცა მღერიან

უკვე ხმელეთი შეცოტავდა მათ გლუვ სხეულზე

და მოწყალება გაღარიბდა ჩვენი ფსკერიდან.

უკვე პურია არსობისა ჩვენი შიმშილი

სინანულსა და სიდუხჭირეს გამოქცეული

უკვე პურია არსობისა მათი ცხოვრება

სისავსისა და არაფრობის გრძნობა, რომელიც

ანგრევს ქალაქებს, ქუჩებსა და სახლებს, ოთახებს

სავსეს შვილებით, თოჯინებით, ჩვენით, ხმაურით,

 

გარეთ რა გვინდა,

ყველა შვილი უკვე სახლშია.

შენ შეგიძლია ჩემი ტანი ოთხად მოკეცო

ამ მაგიდაზე, ახლა პუდინგს რომ შევექცევით.

საროსკიპოში ცხოვრობს შვილი, შენ რომ გიყვარდა.

თეთრი ყელით და უმოწყალოდ სუფთა საცვლებით.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6