მგონი, მამაშენს თავს დაესხნენ. მგონი, მღეროდა.

მგონი, ბოთლია სადღაც ახლოს. მგონი, მიასწრებ.

მგონი, ჩაძაღლდა. მგონი, ბანკის კარი ღიაა

მგონი ამ სახლის კარიც ღია. მგონი, არც კი წვიმს

ნაფეხურები რომ წაშალოს. მგონი, მშობლები

ამ საქართველოს აშენებდნენ, შენ რომ წააწყდი.

 

გული ჩანს და სიყვარული არ არის.

ჭურვებია და ომი არ არის.

ცხედრებია და სიკვდილი არ არის.

მიწაა და სამშობლო არ არის.

ჩვილია და ბავშვობა არ არის.

გაქცევაა და სანგარი არ არის.

 

საბრალო, საბრალო, საბრალო ბავშვებო,

საით მიდიან დღენაკლული განთიადები?!

ნაოსნობიდან სამყაროს ყველაზე დიდი ალგორითმი – შიში ბრუნდება

თქვენი მშობლების არსებობის გასამართლებლად

ფეხისგულებზე ღამემ როდის გადაირბინა?..

 

რა ნერვიულად გაჰყვირიან ამ საქართველოს

იმ საქართველოს, თქვენს უბადრუკ მემკვიდრეობას

როდის შეჩერდა თანაგრძნობა თქვენს სიჩუმესთან

და ყვირილიდან ბოლოს როდის გადმოიხედა?

 

სიმაძღეა და პური არ არის.

ციხეა და საკანი არ არის.

დედას ჰგავს და დედა არ არის.

მამად ჩანს და მამა არ არის.

სიტყვაა და ენა არ არის.

სამშობლოა და სამშობლო არ არის.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6